20 აპრილი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 16:00
"შუქურა" - "გაგრა"
ქუთაისში საინტერესო დაპირისპირება გველის. ერთმანეთის წინააღმდეგ ორი გუნდია, რომლებსაც სეზონის დასაწყისში ამ პოზიციებზე ნამდვილად ვერ წამოვიდგენდით.
- "გაგრამ" წაუგებელი სერია "ცხინვალთან" (0:2) მატჩით დაასრულა.
- წინა შეხვედრაში აფხაზებს ბურთის ფლობაში სრული უპირატესობა ჰქონდათ - 63%, თუმცა შეტევების განხორციელება უჭირდათ.
- "შუქურამ" ლიდერ "ვიტ ჯორჯიასთან" ვერაფერი გააწყო და წინა ტურში მათი შეხვედრა 0:0 დასრულდა.
- ქობულეთელებმა წინა შეხვედრაში მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ზუსტად.
20 აპრილი. თბილისი. შატილი. 16:00
"ნორჩი დინამო" - "მერანი"
"შატილის" სტადიონზე ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი გუნდი ლიგის ლიდერობისთვის მებრძოლ გუნდს დაუპირისპირდება.
- "ნორჩი დინამო" ბათუმის "დინამოსთან" წინა შეხვედრას 0:2-ს აგებდა, მეორე ტაიმში კი შეძლეს თამაშის შემობრუნება და გაათანაბრეს, თუმცა 93-ე წუთზე ზღვისპირელთა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა ერთი ქულა წაართვა.
- "ნორჩი დინამო" ლიდერობს გატანილი გოლების რაოდენობით, კლუბს 6 ტურში 12 გოლი აქვს გატანილი. თუმცა აგრეთვე ლიდერობენ მიღებული ბურთების რაოდენობითაც, 11 გაშვებული გოლი.
- "ნორჩების" ბომბარდირი 30 წლის იაგო დეისაძეა, რომელსაც 4 გოლი აქვს გატანილი.
- წინა შეხვედრაში "მერანმა" დათა სიჭინავას დუბლით მოიპოვა ფრე.
- მარტვილელებმა 6 ტურის შემდეგ ყველა სახის ანგარიში დააფიქსირეს: 2 შეხვედრა მოიგეს, 2 შეხვედრა ფრედ ითამაშეს და 2-იც წააგეს.
- ორი შეხვედრაა, რაც მარტვილშია დათა სიჭინავა და უკვე გუნდის ლიდერია: 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.
21 აპრილი. თბილისი. ბასა. 14:00
"შევარდენი"-"ვიტ ჯორჯია"
"შევარდენი" ამ სეზონში საკმაოდ სიმპათიური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო "ვიტ ჯორჯია" ერთადერთი გუნდია, რომელიც 6 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია.
- "შევარდენი" ბოლო ტურში თელავს ესტუმრა და ადგილობრივ გუნდთან ფრე, 0:0 ითამაშა.
- "იუნკერებს" ამ სეზონში 8 გოლი აქვთ გატანილი და 10 მიღებული. გუნდის ბომბარდირები ომარ პატარკაციშვილი და დავით ოდიკაძე არიან 2-2 გოლით.
- "ვიტ ჯორჯია" ბოლო ორი შეხვედრაა უგოლო ფრეს თამაშობს: "შუქურასთან" და "გაგრასთან", რის შედეგადაც ცხრილში ლიდერობა დაკარგა.
- "ვიტ ჯორჯიამ" შუქურასთან მხოლოდ ერთხელ დაარტყა ზუსტად კარში და 4-მდე საგოლე მომენტი შექმნა.
21 აპრილი. მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი. 16:00
"სამგურალი" - "თელავი"
"სამგურალი", რომელსაც ეროვნული ლიგისთვის უნდა ებრძოლა, ჯერჯერობით ძალიან არასტაბილურად გამოიყურება, ხოლო "თელავი", რომელიც თითქოსდა ლიგის აუტსაიდერი უნდა ყოფილიყო, ძალიან ხშირად გვაოცებს.
- "სამგურალი" ბოლო შეხვედრაში "მერანს" ფრედ ეთამაშა - 2:2. წინა ტურებში კი ორი მარცხი ჰქონდა დაფიქსირებული.
- წყალტუბოელთა შემადგენლობაში გაბრიელ საღრიშვილმა უკვე მეორეჯერ შეასრულა დუბლი - პირველ ტურში "შევარდენთან" და ბოლო ტურში "მერანთან".
- "თელავის" არცერთ შეხვედრაში არცერთ გუნდს 1 გოლზე მეტი არ გაუტანია.
- კახელებს ყველაზე ცოტა, 3 გოლი აქვთ გატანილი და ამდენივე მიღებული. იგივე შედეგი აქვს "გაგრას".
22 აპრილი. მცხეთა. მცხეთა პარკი. 16:00
"ცხინვალი" - ბათუმის "დინამო"
ბათუმელები შეთამაშდნენ და უკვე 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვთ. სამაჩაბლოელებს, რომლებიც საკმაოდ არასტაბილურად თამაშობენ, გაუჭირდებათ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა.
- "ცხინვალმა" ბოლო შეხვედრაში "გაგრას" წაუგებელი სერია დაამთავრა და 2:0 დაამარცხა.
- სამაჩაბლოელთა ბომბარდირები ზვიად მეტრეველი და კობა შალამბერიძე არიან 3-3 გოლით.
- ბათუმელებმა ბოლო 4 მატჩში 10 გოლი გაიტანეს, როცა პირველ ორ ტურში გოლის გატანა ვერ შეძლეს.
- ბათუმელებს გიორგი ილურიძე და ჯოვინო ფლამარიონი ლიდერობენ 3-3 გოლით.