10:05 31-07-2017
შუქურა-ტორპედო 1:2 - ცივი ნიავი არ მიეკაროს... [VIDEO]
AutoSharing Option
ორივე გუნდს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აკლდნენ. "შუქურას" არ ჰყავდა ბრაზილიელი ახალწვეული ფელიპე, ხოლო ქუთაისელებმა ლევან კუტალია და მერაბ გიგაური მოისაკლისეს. განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა კუტალიას ხილვა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ...
საბოლოო ჯამში, "ტორპედომ" მოიგო, მაგრამ გამარჯვება დიდ ნერვიულობად დაუჯდა. თავიდან აუტსაიდერი დაწინაურდა, მაგრამ თანდათან სტუმრები გააქტიურდნენ და თამაში მათთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანეს.
რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი იყო გიორგი კუხიანიძის გოლი. რა თქმა უნდა, სიმპათიას იმსახურებდა "შუქურაც", რაკიღა ბოლომდე იბრძოლა და ცოტა რომ გამართლებოდა, ქულებს წაართმევდა ერთ-ერთ ლიდერს, მაგრამ მაინც უნდა გამოვარჩიოთ გრიგოლ დოლიძის შესანიშნავი თამაში.
აგერ, მერამდენე მატჩია, დოლიძე, უბრალოდ, შეუჩერებელია. ასე იყო გუშინაც. საქმე მხოლოდ საგოლე გადაცემაში (თორნიკე კაპანაძის მისამართით) როდია - ის მთელი მატჩის განმავლობაში ზეაქტიური იყო და პირდაპირ გააწამა ქობულეთელთა უკრაინელი მცველი პომაზანი.
...დღეს საქართველოს ჩემპიონატის ავტორიტეტი არნახულადაა დაცემული და ჩვენი კლუბების ევროკრახის შემდეგ ძალიან სარისკოა იმ გუნდის ფეხბურთელის შექება, ქართველთა სამარცხვინო ევროოდისეაში რომ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო - მოახლოებული სანაკრებო შეხვედრებისთვის ვლადიმირ ვაისმა დოლიძის გამოძახებაზეც შეიძლება იფიქროს.
ამ გამარჯვებით "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონატში ინტრიგა კიდევ უფრო გაამძაფრა. "დინამოს" ახლა უკვე ძალიან ახლოს ესმის მდევრის (და ზოგადად - უპრინციპულესი მეტოქის) გახშირებული სუნთქვა. ეგაა, "ტორპედო" ძალიანაა დამოკიდებული დოლიძის თამაშზე - ქუთათურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ ვეტერანს "ცივი ნიავი" არ მიეკაროს.
მატჩის სტენოგრამა
2' - თორნიკე კაპანაძე პირისპირ გადიოდა მელნიჩენკოსთან, მაგრამ ბოლო წამს ტორპედოელმა თამაშის წესი დაარღვია...
10' - 1:0! საგოლე შეტევა "შუქურამ" მარჯვენა ფლანგიდან განავითარა. ჩაჩუამ მარსელინიოს გადააწოდა, ბრაზილიელმა კი მეურვე მოიშორა და გუნდის კიდევ ერთ ახალწვეულს, დავით ჩაგელიშვილს საგოლედ უპასა.
17' - გრიგოლ დოლიძის რეიდი და გამჭოლი გადაცემა. კაპანაძემდე ბურთი ჩაჩუამ არ მიუშვა.
22' - ისევ დოლიძის რეიდი. მისი დარტყმის შემდეგ ქობულეთელთა მცველმა გელა გოგიტიძემ ბურთი კუთხურზე გადააგდო.
26' - 1:1! "ტორპედოს" პოზიციური შეტევის შემდეგ მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს და გიორგი კუხიანიძემ შორეული, ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
47' - ტუღუშის ჩაწოდების შემდეგ სიტუაცია ქობულეთელთა მეკარემ განმუხტა.
55' - 1:2! დოლიძის მორიგი გამჭოლი გადაცემა და კაპანაძემ ერთი შეხებით შეაგდო.
67' - ქუთათურთა მრავალსვლიანი შეტევის შემდეგ ზეაქტიურმა დოლიძემ კარს ზემოდან გადააცილა ბურთი.
73' - გრიგოლ დოლიძის დარტყმა მელნიჩენკომ მოიგერია.
75' - დოლიძე ურტყამს ჯარიმას და ბურთი ოდნავ სცდება "შუქურას" კარს.
87' - ჩაგელიშვილის რეიდისა და ჩაწოდების შემდეგ მარსელინიომ ბურთი ვერ მიიღო, თორემ, დიდი ალბათობით, გაიტანდა კიდეც.
88' - კორობკა პირისპირ გადის მელნიჩენკოსთან, მაგრამ უკრაინელთა დუელში გამარჯვებული აჭარელთა მეკარე გამოდის.
90' - გიორგი გოგილაშვილს როინ კვასხვაძემ არ გაატანინა.
ეროვნული ლიგა. XX ტური
30.07. ბათუმი. რაგბი არენა
შუქურა-ტორპედო 1:2
გოლები: 1:0 ჩაგელიშვილი (10), 1:1 კუხიანიძე (26), 1:2 კაპანაძე (55)
შუქურა (4-2-3-1): მელნიჩენკო - ჩაჩუა, ჩადუნელი, გოგიტიძე, პომაზანი - კლიმიაშვილი (69. შალამბერიძე), ჟეფინიო - ჩაგელიშვილი, ართმელაძე (64. ს. გურული), კახელიშვილი (81. გოგილაშვილი) - მარსელინიო.
სათადარიგოები: სომხიშვილი, ღლონტი, გოგმაჩაძე, დაგარგულია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ადამაძე, გ. გურული, ქიმაძე - დოლიძე, ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი (87. მამასახლისი), კუხიანიძე (81. კორობკა), ტუღუში - კაპანაძე (60. კუჭუხიძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე, კვირკვია
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: კახელიშვილი (35), ართმელაძე (43), ფალავანდიშვილი (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
მომდევნო ტური
4 აგვისტო, პარასკევი
დინამო (თბ)-დილა 21:00
5 აგვისტო, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია 19:00
ტორპედო-კოლხეთი 21:00
6 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-შუქურა 18:00
საბურთალო-ლოკომოტივი 20:30
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საქმე ისაა რომ კოლხეთთან მოგებას ალბათ ვერ შეიძლებს ტორპედო,სანაია მოახერხებს დოლიძე-კაპანაძის განეიტრალებას, მაგათ გარეშე აარც ტუღუში ვარგა და არც მთელი კლუბი.
0
0
ყველა მრწვრთნელს აქვს ამოცანა დადვას შედეგი. 19 და 21 წლამდე ნაკრებების თავკაცები, ფედერაცია არ თხოვს გუნდებს მიცენ სათამაშო პრაკტიკა ნაკრებების მოთამაშეებს. ასეთი 4 არის ტორპედოში, მალე ვერც ნაკრებებში ითამაშებენ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული