ეროვნული ლიგის XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
გასულმა ტურმა ეროვნულ ლიგაში მანამდეც არსებული სატურნირო ინტრიგა კიდევ უფრო გაამძაფრა: "ტორპედომ" სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა ლიდერ თბილისის "დინამოსთან", მოქმედი ჩემპიონი "სამტრედიაც" თამაშს თამაშზე იგებს და შარშანდელის მსგავსად, წლეულსაც ამბიციური მიზნები უნდა ჰქონდეს...

არანაკლებ დაიძაბა სიტუაცია პლეი აუტის ზონაშიც. III წრის სტარტზე ბათუმის "დინამოს" ზედიზედ ორმა გამარჯვებამ ცხრილის ქვედა ნაწილში სერიოზული გადაადგილება გამოიწვია.

სხვათა შორის, ევროტურნირებზე განცდილი ფიასკოს შემდეგ "ტორპედო", "სამტრედია" და ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობენ, "ჩიხურა" კი, ისევე, როგორც I და II წრეში, კვლავაც არასტაბილურია...

XX
ტურში რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა, თუმცა, უმთავრესი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, დედაქალაქური "დერბი" იყო და ჩვენი მიმოხილვაც სწორედ "ლოკომოტივი"-"დინამოს" დაპირისპირებით დავიწყოთ...

16-წლიანი პაუზის შემდეგ!..
ამ ტურის ცენტრალური მატჩის წინ წყვილის ფავორიტის სტატუსი თბილისის "დინამოს" უფრო უნდა ჰქონოდა: კახა კაჭარავას დამოძღვრილი გუნდი ზედიზედ 4 მოგებით შეხვდა დედაქალაქურ დერბის, მაშინ, როცა "ლოკომოტივს" სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა ასეთ ძლიერ მეტოქესთან მატჩის წინ.

აღარ შევუდგებით იმ ტრავმირებულ თუ დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელთა ჩამოთვლას, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა რომ მოისაკლისა. თუმცა, ფაქტია, რომ "რკინიგზელებმა" შეძლეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს ტიტულოვან და, რაც მთავარია, თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქესთან!

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე სეზონში "ლოკომოტივმა" უკვე მეორე მატჩი მოუგო თბილისის "დინამოს". ასეთი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ბოლოს 2000/01 წლების სეზონში მოხდა, როცა "ლოკომოტივმა" სულაც სამჯერ შეძლო "დინამოს" დამარცხება...

დედაქალაქურ დერბის მასპინძლები მეტად უსიამოვნო სერიით შეხვდნენ: "ლოკომოტივს" ზედიზედ 4 საშინაო მატჩი ჰქონდა წაგებული და აი, 29 აპრილის შემდეგ გუნდმა, როგორც იქნა, ნანატრი საშინაო გამარჯვებაც იზეიმა!

"ლოკომოტივს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, სავსებით რეალურად რომ შეუძლია საპრიზო სამეულისთვის ბრძოლა. თუმცა, გიორგი დევდარიანის გუნდს სტაბილურობა აკლია და ამ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, უკვე აღარავის უნდა გაუკვირდეს "დინამოსთან" თუ სხვა ფავორიტებთან გამარჯვებები...

ეს წაგება თბილისის "დინამოსათვის" ტრაგედია ვერ იქნებოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი დერბიში მოედანზე ძალზე თავდაჯერებული გავიდა...

ამას გარდა, ისიც ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ აკლია დღევანდელ "დინამოს" ორი საკვანძო ფეხბურთელი: 19 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი და გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი, 21 წლის ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულნი არიან...

საფეხბურთო გვარი: არველაძე!
გენი მართლაც ბევრს ნიშნავს და ამის ნათელი დადასტურებაა ვატო არველაძის გაბრწყინება "დინამოსთან" მატჩში და არამხოლოდ ამ შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის X ტურში სწორედ ვატო არველაძის გოლით მოიგო "ლოკომოტივმა" გასვლითი მატჩი ბათუმის "დინამოსთან". ეს იყო 19 წლის შემტევის სადებიუტო გოლი უმაღლეს ლიგაში, რასაც უკვე სადებიუტო დუბლიც მოჰყვა, თანაც, მეტოქესაც ხომ გააჩნია?!.

...გადახედეთ "ლოკომოტივი"-თბილისის "დინამოს" მატჩის სტენოგრამას: სადაც კი ბურთს მოიგდებდა, არველაძე ყველა პოზიციიდან (ახლო მანძილიდან, საჯარიმოს მისადგომებიდან თუ მოედნის ცენტრიდან) ემუქრებოდა მეტოქის კარს.

თბილისურ დერბიში პირველი გოლიც სწორედ ასეთი შორეული და უზუსტესი დარტყმით გაიტანა: მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა მიიღო ბურთი და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უზუსტესად "გაისროლა" მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში!

ახლა მეორე გოლს აღარ იკითხავთ? როგორც კი მოედნის ცენტრის ხაზთან მყოფმა ბურთი ქუსლით, ერთი შეხებით გაითამაშა "კედელი" ირაკლი სიხარულიძესთან, მერე ბურთიანად დაიძრა და როცა ყველას ეგონა, მეურვე წამოეწია და სახიფათო მომენტი განიმუხტაო, აი, სწორედ იმ მომენტში ჩაატარა ერთიმეორეზე ეფექტური ორი ფინტი და მერე უკვე, ვარდნაში, ამჯერადაც უზუსტესად და დიდოსტატურად გაგზავნა ბურთი ისევ და ისევ მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში!

- ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1 - უფრო მოტივირებულები [VIDEO]

...თავის დროზე, შოთა და არჩილ არველაძეებს ზუსტად ასეთ სტილში, საქართველოშიც და უცხოეთშიც, არაერთი გოლი გაუტანიათ; ახლა კი, ამ მართლაც საფეხბურთო გვარის ტრადიციებს მათი ძმისშვილი, ვატო არველაძე აგრძელებს!

კიდევ ერთი ისტორიაც გვინდა გავიხსენოთ არველაძეების საფეხბურთო დინასტიასთან დაკავშირებით. უმაღლეს ლიგაში ძმები არველაძეები 1991 წელს, მეორე ეროვნულ ჩემპიონატში გამოჩნდნენ (მანამდე ქვედალიგელ თბილისის "მართვეში" გამოდიოდნენ) და ვიდრე უცხოეთში გაემგზავრებოდნენ, სამივე ძმისთვის მართლაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩემპიონატისა თუ თასის მატჩებში დუბლის, ჰეთ-თრიკისა თუ პოკერის შესრულება.

თუნდაც ის მატჩი გავიხსენოთ, IV ეროვნულ ჩემპიონატში (1993/94 წლების სეზონი), როცა თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე აშკარად არასაფეხბურთო ანგარიშით, 12:4 დაამარცხა რუსთავის "მეტალურგი". გელა ინალიშვილმა და გიორგი ქინქლაძემ 3-3 გოლი გაიტანეს მეტოქის კარში, შოთა და აჩიკო მხოლოდ თითო-თითო გოლით დაკმაყოფილდნენ, რევაზ არველაძემ კი პოკერი შეასრულა!

ახლა კი უკვე რეზო არველაძის ვაჟისგან, ვატო არველაძისგან ველოდებით ჰეთ-თრიკსა თუ პოკერს...

საჩემპიონო ინტრიგა
შესავალშიც აღვნიშნეთ, რომ "ტორპედომ" და "სამტრედიამ" მაქსიმალურად მალე დაივიწყეს ევროტურნირებზე განცდილი მტკივნეული წაგებები და მაქსიმალური მობილიზებით განაახლეს ეროვნული ლიგის გათამაშება.

კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ერთნაირი ანგარიშით (2:1) და ლიდერთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. წინა ტურისგან განსხვავებით, ამჯერად გოლ(ებ)ი არ გაუტანია "ტორპედოს" ერთ-ერთ ლიდერს და, საერთოდ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ გრიგოლ დოლიძეს, მაგრამ 34 წლის გარემარბმა თავისი აქტიური და სასარგებლო თამაშით უდიდესი წვლილი შეიტანა აუტსაიდერ "შუქურასთან" მეტად რთულ გამარჯვებაში.

კვლავაც აგრძელებს წარმატებულ სერიას მოქმედი ჩემპიონიც: გია ცეცაძის დამოძღვრილმა "სამტრედიამ" III წრეში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით, თანაც, ამჯერად ერთობ ძლიერი მეტოქე ("ჩიხურა") დაამარცხა იმერულ დერბიში.

აღსანიშნავია, რომ თავის ახალ გუნდში პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა ნიკა საბანაძემ. თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 26 წლის ამ ფორვარდისათვის დუბლის შესრულება მართლაც ჩვეულებრივი საქმე იყო სხვა გუნდებში ("ტორპედო", თბილისის "დინამო", "მერანი", "ზესტაფონი") ასპარეზობის დროს.

საბანაძის გარდა, ამ ტურში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მოახერხა ერთი სეზონის განმავლობაში ორი გუნდის მაისურით გოლის გატანა. 30 წლის ფორვარდმა დავით ჩაგელიშვილმა პირველ და მეორე წრეში "სამტრედიის" შემადგენლობაში 3 გოლი გაიტანა, ახლა კი "შუქურას" შემადგენლობაში გამოიჩინა თავი.

ექვსქულიანიც და მეტიც...
დედაქალაქური და იმერული დერბების გარდა, XX ტურში კიდევ ერთი შეხვედრა იწვევდა დიდ ინტერესს: "დილასა" და ბათუმის "დინამოს" შორის დაპირისპირებას ისეთი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა, ექვსი კი არა, უფრო მეტქულიანი მატჩი უნდა ყოფილიყო!

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ამ ბოლო დროს აშკარად "მოფერიანებულმა" ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და კარგახნიანი პაუზის მერე პლეი აუტის ზონაც დატოვა. ფაქტია, რომ ეროვნულ ლიგაში მოღვაწე ერთადერთი უცხოელი მწვრთნელის, უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბათუმის "დინამოს" აშკარად წაადგა გამოცდილი ახალწვეულების დამატება: 33 წლის ოთარ მარცვალაძეც ნელ-ნელა შედის ფორმაში და 27 წლის ელგუჯა გრიგალაშვილიც, თანაც, ამ უკანასკნელმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო თავისი გუნდისათვის გამარჯვების მომტანი გოლის გატანა!

აი, "დილა" კი კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდა: ზედიზედ 3 წაგების შემდეგ გორელთა გუნდი პლეი აუტის ზონაში აღმოჩნდა. თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ გიორგი დარასელიას გუნდს ერთმანეთზე ურთულესი სამი მატჩი ელოდება თბილისის "დინამოსთან", "საბურთალოსა" და "ტორპედოსთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სანაია ან ცეცაძე,გამოიხედეთ თვალებში და რეალურად დიდი პოტენციალის მქონე მიშა გორელიშვილი დაიმატეთ .
განსაკუთრებით ცეცაძესთან ივარგებს ის.
ცეცაძე, თუკი არ წადი კლუბიდან მაშინ იმუშავე ახლებურად.
მწვრთნელებს.
02 აგვისტო 2017 11:19
0
ბათუმის დინამოელი ჩოგაძე იმსახურებდა ტურის სიმბოლურს ჩემი აზრით მაგარი ბიჭია!
ალექსანდრე უბირია
01 აგვისტო 2017 19:46
0
სამტრედიაში 7უცხოელი ჩამოყავთ, კერძო სპონსორობა უკისრიათ გუნდის ხელმძღვანელობას და 11 მილიონ დოლარს ხარჯავენ ტრანსცერებში. კეთილი ნების ელჩის სახით იბრაჰიმოვიჩი ითამაშებს 1წელიწადი. კლუბი ლიგის ჯგუფურზე გავა და იქ ამოღებული 14 მილიონო ევროთი გადაფარავენ ხარჯებს.
ხუთკუნჭულა
01 აგვისტო 2017 16:45
0
tevdoradze kvelaze saimedo mekarea chempionatshi !!!
givi
01 აგვისტო 2017 15:56
0
am turshi gori- batumi yomari iyo gacvales qulebii..torpedom dzlivs aigo 3 qula da male es gundi gadaiwveba da tamashs tamashze waagebss..samtrediam magrad daiwyo batumi da dinamo tu daamarcxa uechveli welsac chempionia.. da araa gamoricxuli dinamom 3 adgilze gadainacvlos saboolod.. samtrediazea damokidebuli
GELA
01 აგვისტო 2017 14:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული