შაშიაშვილი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. რბილი სათამაშო მანერის ტექნიკურმა მცველმა წარმატებით ითამაშა ქართულ და უცხოურ კლუბებში, საქართველოს ნაკრებში კი 30 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო (და ისიც - ჯანლუიჯი ბუფონის კარში).
გუშინ "ლელო" შაშიაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...
- ფაქტია, ბევრი ვერ გარისკავდა "შუქურაში" ასეთ მძიმე დროს მისვლას...
- რა
აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რომელ გუნდებს ვეთამაშეთ - "სამტრედია" და "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონატში წამყვან პოზიციებზე არიან.
ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ძიების პროცესს. შეიძლება უახლოეს მომავალში ორი ლეგიონერი კიდევ დაგვემატოს. როგორც იცით, თითქმის მთლიანად შეიცვალა გუნდის შემადგენლობა, არაერთი ახალი ფეხბურთელი მოვიდა...
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო ორ თამაშში "შუქურას" გუნდის სახე ჰქონდა. ჩვენ ვისწავლეთ გოლის გატანა, ახლა კი უნდა ვისწავლოთ, როგორ შევინარჩუნოთ მოპოვებული უპირატესობა.
- პირადად თქვენთვის, რისი მომცემი აღმოჩნდა "შუქურას" მწვრთნელად გატარებული ხანმოკლე პერიოდი?
- ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ამას პირდაპირ ვიტყვი. ეს ჩემი დებიუტია დიდ ფეხბურთში მწვრთნელის რანგში. უმაღლესი ლიგის თამაშის გაძღოლა იოლი არ არის. პრაქტიკულად, მინდორზე ყოველთვის არის ისეთი სიტუაცია, როცა აუცილებელია მწვრთნელის სწრაფი ჩარევა, რეაგირება... აქეთ - ტაქტიკური ნიუანსები, მოწინააღმდეგის სვლების გათვლა...
- ბევრი მიიჩნევს, რომ "შუქურა" უკვე განწირულია ლიგა 2-ში დაქვეითებისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- არა, მე ასე არ მგონია. წინ ბევრი მატჩია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ქულათა ის რაოდენობა დააგროვო, რომელიც სულ მოგაშორებს სახიფათო ზონას. ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ჩვენ ლიდერებს უკვე ვეთამაშეთ და, ასე ვთქვათ, ჩვენი ზომა-წონის გუნდებთან ჯერ კიდევ გვაქვს სათამაშო. ასე რომ, პირადად მე სიტუაციას უიმედოდ ვერ შევაფასებდი. პირველ ლიგაშიც რომ დავქვეითდეთ, ეს არ იქნება ტრაგედია. არის საკმაოდ სერიოზული გეგმები...
- ალბათ, გუნდში ახალი სპონსორების გამოჩენას გულისხმობთ - ამას წინათ, ჩვენთან ამ საკითხზე კლუბის ხელმძღვანელმა რევაზ ჩელებაძემ ილაპარაკა...
- სპონსორების თემა თავისთავად; გარდა ამისა, "ჩელე არენაზე" გადაწყვეტილია ბუნებრივი საფარის დაგება. გადაწყვეტილია ისიც, რომ კლუბს აუცილებლად ექნება ბაზა და იქ მშვიდ ვითარებაში მოემზადება მატჩებისათვის. საერთოდ, როცა არაფერი არ აქვს გუნდს, ადრე თუ გვიან ის აუცილებლად გავარდება. ჩვენ გვინდა, რომ "შუქურა" სწორად განვითარდეს.
- ზემოთ ორ ლეგიონერზე, "შუქურას" ორ პოტენციურ ახალწვეულზე გაკვრით თქვით...
- მოლაპარაკების ფაზაში ვართ ორივე ამ ფეხბურთელთან. ერთი - ამპლუით მარცხენა მცველია, პორტუგალიელი. ჩვენ გარკვეული პრობლემა გვაქვს ამ პოზიციაზე. საუბარია იჯარაზე და გვინდა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში დაგვეხმაროს. ის "პორტუს" აღზრდილია. რაც შეეხება მეორე პოტენციურ ახალწვეულს, ის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველია და ამ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.
- ბევრი სჯა-ბაასია ჩემპიონატის ახალ სისტემასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე თქვენი აზრიც გვაინტერესებს...
- როგორც მახსოვს, ჩვენ ადრე უკვე ვიყავით ამ სისტემაზე და მერე შევცვალეთ. მგონი, მთავარი იყო კლიმატური პირობების ფაქტორი. იმავე ქობულეთსა და ბათუმში ძალიან ძნელია აგვისტოში თამაში, აუტანელი სიცხეა.
ახალ სისტემაზე გადასვლის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ევროთასებზე ჩვენს კლუბებს კარგად წარმოეჩინათ თავი. ფაქტია, ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ მაინც პირველი წელია და, ჩემი აზრით, არ ივარგებს შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა. დაველოდოთ და თუ მომავალშიც ასევე გაგრძელდა, არ უნდა იყოს პრობლემა ძველ სისტემაზე დაბრუნება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ უმაღლეს და პირველ ლიგაში მოასპარეზე ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი მინდორი. ამას მივესალმები! ვიცი, რთულია, მაგრამ ეს აუცილებელია. თუნდაც, ჩვენს სტადიონზე რამდენმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა... მეც ვიყავი ფეხბურთელი და მათი კარგად მესმის. ჩვენ უკვე ვაგებთ ბუნებრივ საფარს...
- რას იტყვით უშუალოდ ჩემპიონატზე?
- ფაქტია, რომ დაძაბულობამ იმატა და სხვანაირად ვერც იქნება ათგუნდიან ჩემპიონატში. ფაქტობრივად, უმაღლესი ლიგა ორად გაიყო. იმავე პირველ ლიგაში არიან კლუბები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან უმაღლესლიგელებს - "მერანი", "რუსთავი", "სიონი"... ახალმა მოდელმა ფინანსური სტაბილურობაც მოიტანა. ფეხბურთელები ბევრს ვერ იღებენ, მაგრამ რაც არის, სტაბილურად არის. თუ ჭკვიანურად წარმართავ საკლუბო მენეჯმენტს და მოიძიებ სპონსორს, უკვე შეგიძლია, ამბიციური გუნდი შექმნა.
რაც შეეხება ევროთასებს, ცხადია, ყველანი გულდაწყვეტილები ვართ იმ შედეგებით, რომელიც ქართულმა კლუბებმა აჩვენეს, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ. ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინათ ჩვენი კლუბები ნორმალურ შედეგს აჩვენებდნენ ევროთასებზე, პლეი-ოფამდე გადიოდნენ... ვფიქრობ, გვაქვს იმის რესურსი, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს.
- აი, სწორედ აქ ვაწყდებით პრობლემას: სპონსორების მოძიება ყველას უჭირს...
- დიახ, ყველას უჭირს და ამას აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი - რატომ მივა სპონსორი ისეთ კლუბში, რომელსაც თითქმის არაფერი გააჩნია - ბაზა, სტადიონი, ინფრასტრუქტურა...
მოხარული ვარ, რომ "შუქურაში" ამისკენ იდგმება ნაბიჯები. სპონსორი ყოველთვის უპირატესობას მიანიჭებს ისეთ კლუბს, რომელსაც რაიმე ღირებული გააჩნია. არ არის იოლი ინვესტორის მოძიება, მაგრამ ცდა და მუშაობა არ უნდა დავაკლოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"