ეროვნული ლიგის XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებას სეზონის სტარტიდანვე არ მოჰკლებია ინტრიგა; რამდენიმე მართლაც საინტერესო დაპირისპირებაც ვნახეთ (თუნდაც XIII ტურის მატჩი გავიხსენოთ, თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მონაწილეობით), ასევე აშკარად დადებით ტენდენციად მიგვაჩნია ეროვნული ლიგის მატჩებში გატანილი ერთიმეორეზე ეფექტური გოლებიც!

ამ ჩამონათვალში, ალბათ, სენსაციებიც უნდა გვეხსენებინა: მიმდინარე სეზონში რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ამა თუ იმ ტურში ერთი მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულებულა; ჰო, ერთი და არა - ერთდროულად რამდენიმე!

აი, ისე, როგორც გასულ ტურში მოხდა: 5 მატჩიდან, სულ მცირე, სამი შეხვედრა აშკარად არაპროგნოზირებადი ანგარიშით დასრულდა; ეგ
კი არა, მართლაც აუტანელი აგვისტოს ხვატის მიუხედავად, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა არცთუ მცირე ნაწილმა სწორედ ამ ტურში წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და ერთიმეორეზე ეფექტური გოლებითაც დაგვამახოვრა თავი...

მოკლედ, მართლაც საინტერესო ტური გამოდგა, ოღონდ XXI ტურის მიმოხილვა მეტ-ნაკლებად პროგნოზირებული შედეგებით დასრულებული მატჩებით გვინდა დავიწყოთ...

ჩემპიონის სარეკორდო სერია
III წრეში სამი მატჩი ჩატარდა და მხოლოდ "სამტრედიამ" შეძლო სამივე მატჩის მოგება. საერთოდაც, მოქმედი ჩემპიონი უკვე ზედიზედ 5 მატჩია იმარჯვებს და ისიც უნდა ვთქვათ, რომ გია ცეცაძის გუნდს ასეთი წარმატებული სერია წლეულს არც ჰქონია. ჰოდა, ამის გამოც არის, "სამტრედია" ნელ-ნელა რომ ამცირებს სხვაობას თბილისის "დინამოსთან" და ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ინტრიგა ექნება მომავალი ტურის მატჩს, როცა მოქმედი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს მიმდინარე სეზონის ლიდერს!

თბილისის "დინამოსთან" მატჩამდე კი "სამტრედიას" ასევე არცთუ იოლი დაპირისპირება ჰქონდა ბათუმის "დინამოსთან".

შეგახსენებთ, რომ ბათუმელთა გუნდმაც ყოჩაღად დაიწყო III წრე და ზედიზედ 2 მატჩი მოიგო; მაგრამ ქვეყნის ჩემპიონთან მატჩში კონსტანტინ ფროლოვის გუნდს საკადრო პრობლემები კვალავაც მოეძალა და უამრავი ტრავმირებული თუ დისკვალიფიცირებული წამყვანი ფეხბურთელის არყოფნამ საბოლოო შედეგზეც, ალბათ, მეტ-ნაკლებად გავლენა იქონია.

თუმცა, ამით სულაც არ გვინდა, ჩემპიონის გამარჯვება დავაკნინოთ და ისიც უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ კვლავ გამოიჩინა თავი "სამტრედიის" ახალწვეულმა ნიკა საბანაძემ; შეგახსენებთ, რომ 26 წლის საბანაძე ამ ზაფხულს გადავიდა "სამტრედიაში" და III წრეში ჩატარებულ სამ მატჩში უკვე 3 გოლიც გაიტანა.

მორიგი გაბრწყინება
სეზონის დაწყებიდან 21 ტურია გასული და თბილისის "დინამომ" უკვე მერვე(!) მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით! ისე, როგორც წინა საშინაო მატჩში ("კოლხეთთან"), ეროვნული ლიგის ლიდერმა ამჯერადაც ხუთბურთიანი სხვაობით მოიგო, ოღონდ სხვაობა ის იყო, რომ "დინამომ" საკუთარი კარი "მშრალად" შეინახა.

თუმცა "დილასთან" მოგება, სატურნიროს გარდა, კიდევ სხვა ფაქტორებითაც იყო მნიშვნელოვანი; ჯერ ერთი, გუნდს სრული რეაბილიტაცია სჭირდებოდა წინა ტურში "ლოკომოტივთან" ჩატარებული უსახური მატჩის გამო; ამას გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო "უხერხული მეტოქის" ფაქტორიც: მიმდინარე სეზონში "დინამოს" მხოლოდ და მხოლოდ "დილა" არ ჰყავდა დამარცხებული და, საერთოდაც, გორელთა გუნდთან მოგებას ბოლო 4 წლის განმავლობაშიც ვერაფრით ახერხებდა.

და აი, კახა კაჭარავას შეგირდებმა ეს ნავსი გატეხეს და აშკარად კრიზისში მყოფი "დილა" დიდი ანგარიშით (5:0) დაამარცხეს. აღარ შევუდგებით ამ მატჩის პერიპეტიების დეტალურად აღწერას, არც არბიტრების მიერ მიღებულ რამდენიმე აშკარად საკამათო გადაწყვეტილებაზე გავამახვილებთ ყურადღებას და მხოლოდ იმას დავძენთ, რომ მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა მასპინძელთა 17 წლის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ!

ახალი რაღა უნდა ვთქვათ: მართლაც ერთი სიამოვნებაა ამ ნიჭიერი ბიჭის გააზრებული, ოსტატური და, რაც მთავარია, გუნდისათვის სასარგებლო თამაშის ცქერა! "დილასთან" მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ ერთი საგოლე პასი გააკეთა, კიდევ ერთი გოლი მის მიერ წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა და, რაც მთავარია, ერთმანეთზე უკეთესი 2 გოლიც გაიტანა! ეს კი მის ხანმოკლე კარიერაში პირველი "დუბლი" იყო, რასაც "გაგრძელება" უნდა მოჰყვეს...

ამ, ფაქტობრივად, "ცალკარა" მატჩში მასპინძელთა შემადგენლობაში ახალწვეულიც ვიხილეთ: 24 წლის ნიგერიელმა მარცხენაფლანგელმა მოჰამედ ალიუმ საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

აუტსაიდერები არ ნებდებიან!
ამ ტურის წინ ვინ იფიქრებდა, "ტორპედო" და "ჩიხურა" თავიანთ საშინაო მატჩებს რომ ვერ მოიგებდნენ? განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა ქუთაისელთა საყვარელი გუნდის წაფორხილება: ეროვნული ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, "კოლხეთთან" დაკარგული ქულების გამო "ტორპედო" უფრო გვარიანად დაშორდა ლიდერს.

ეგ კი არა, იმის შანსიც არსებობდა, რომ მასპინძლები სულაც უქულოდ დარჩენილიყვნენ ამ მატჩში! თუმცა, მეორე მხრივ, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მიმდინარე სეზონში "კოლხეთი" სტუმრად ბევრად უკეთ თამაშობს (აბა, ამ გუნდის "საშინაო" მატჩები ხომ სხვადასხვა ქალაქში ტარდება) და რამდენიმე "ხმაურიანი" სენსაციაც უკვე შემოგვთავაზა.

მოკლედ, ამის შემდეგ მაინც არავის უნდა გაუკვირდეს, გელა სანაიას მართლაც "ინტერნაციონალურმა" გუნდმა რომ შეძლოს და სეზონი "გადამრჩენელ", VII ადგილზე დაასრულოს!

არანაკლებ მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ბევრისთვის "შუქურას" მიერ გასვლით მატჩში მოპოვებული ქულაც. აღსანიშნავია, რომ ქობელეთელთა გუნდმა ზედიზედ 5 მარცხის მერე შეძლო ქულის აღება და არც ის მიგვაჩნია უმნიშვნელო ფაქტად, რომ "შუქურა" მესამე წრეში ჩატარებულ სამივე მატჩში ახერხებს გოლის გატანას.

ანუ ფაქტია, რომ ახალი მწვრთნელის, გიორგი შაშიაშვილის გუნდში მისვლის შემდეგ "შუქურას" სატურნირო მდგომარეობას კატასტროფულად უიმედო ნამდვილად არ ეთქმის; თანაც, ამის მერე "შუქურას" ხომ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება "კოლხეთთან" და ბათუმის "დინამოსთან". სხვათა შორის, "ჩიხურა"-"შუქურას" მატჩში მასპინძელთა კარს გამოცდილი ზურაბ მწყერაშვილი იცავდა, რომელსაც ბოლო ოფიციალური მატჩი... 4 წლის წინათ ჰქონდა ჩატარებული.

თუმცა საჩხერელთა გუნდის მეკარეს გაშვებულ გოლში ვერავინ დაადანაშაულებს: სტუმართა გამოცდილი ახალწვეულის, 30 წლის დავით ჩაგელიშვილის საგოლე პასიც მშვენიერი იყო და კიდევ ერთმა ახალწვეულმაც, 21 წლის ბრაზილიელმა მარსელინიომაც ოსტატურად გაიტანა თავისი სადებიუტო გოლი საქართველოს ჩემპიონატში!

ვისთვის რეკორდი, ვისთვის ანტირეკორდი...
მიმდინარე სეზონში რამდენიმე ისეთი მატჩი დასრულდა დიდი ანგარიშით, სადაც მოვლენების მსგავს განვითარებას ბევრი ვერ იფიქრებდა; აი, თუნდაც, "ლოკომოტივი"-"ჩიხურას" ორივე დაპირისპირება, ანდა "საბურთალომ" რომ წააგო დიდი ანგარიშით "კოლხეთთან" თუ თბილისის "დინამოსთან".

ასეთივე მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ ამ ტურში გამართული დედაქალაქური "დერბის" შედეგიც, რომელიც, ჩვენი აზრით, მხოლოდ III წრის კი არა, საერთოდ, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სენსაციად შეიძლება მივიჩნიოთ! ჰო, ვინ წარმოიდგენდა, რომ წინა ტურში თბილისის "დინამოსთან" შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ "ლოკომოტივი" ასე შერცხვებოდა და საკუთარ კარში ექვს გოლს მიიღებდა?!.

ეგ კი არა, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ანგარიში უფრო კატასტროფული ყოფილიყო: ერთ ეპიზოდში, არბიტრებმა აშკარა შეცდომა დაუშვეს "თამაშგარე მდგომარეობის" დაფიქსირების დროს და "საბურთალოს" ძალიან სახიფათო შეტევა ჩაუშალეს; ერთი-ორჯერ კი რევაზ თევდორაძემ გადაარჩინა საკუთარი გუნდი, თუმცა, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვნად უნდა მივიჩნიოთ: "საბურთალოს", ფაქტობრივად, ყველა ფეხბურთელი ხომ გასაოცარი მოტივაციითა და აღმაფრენით თამაშობდა!

ცალკე საუბრის თემაა მასპინძელთა გატანილი გოლები: ექვსივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი გამოდგა! გამორჩეული მატჩი ჩაატარა "საბურთალოს" ახალწვეულმა დავით ვოლკოვმა: 22 წლის შემტევი საქართველოს ჩემპიონატს გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა და აი, თავის კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკიც შეასრულა!

ასევე ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა უნივერსალმა ლაშა შინდაგორიძემ: 24 წლის გარემარბმა "საბურთალოს" მაისურით პირველი "დუბლი" შეასრულა; აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში შინდაგორიძეს უკანასკნელად "დუბლი" 2015 წლის გვიან შემოდგომაზე ჰქონდა შესრულებული ("ტორპედოს" მაისურით) და ის 2 გოლიც... "საბურთალოს" კარში გაიტანა იმ მართლაც დაუვიწყარ პაექრობაში, როცა "საბურთალომ" და "ტორპედომ" 4:4 ითამაშეს...

გოლი არ გაუტანია, მაგრამ უაღრესად აქტიური გახლდათ მასპინძელთა 18 წლის შემტევი გიორგი კოხრეიძე, ხოლო "საბურთალოს" 21 წლის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა კი მიმდინარე სეზონში უდავოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა!

გიორგი ხარაიშვილმა ოსტატური გოლი ხომ გაიტანა, არანაკლებ დიდოსტატური იყო მისი საგოლე პასიც დავით ვოლკოვის მისამართით...

"საბურთალო" მიმდინარე სეზონში სამჯერ შეხვდა "ლოკომოტივს" და სამჯერვე მოუგო! თუმცა, ეს კიდევ არაფერი: გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილი გუნდისათვის "ლოკომოტივთან" 6:0 მოგება სარეკორდო იყო "საბურთალოს" ხანმოკლე, მაგრამ აშკარად შინაარსიან ისტორიაში!

...აი, "ლოკომოტივმა" კი ამ წაგებით საკუთარი ანტირეკორდი დაამყარა: ასეთი ანგარიშით გუნდს საქართველოს ჩემპიონატში ადრე არასდროს წაუგია! ასეთი ანგარიშით გუნდი რომ მარცხდება, ალბათ, არააქტუალურად უნდა მივიჩნიოთ სხვადასხვა ფაქტორის ჩამოთვლაც: რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმისა თუ დისკვალიფიკაციის გამო რომ ვერ ეხმარებოდა გუნდს, ან კიდევ, არბიტრების კიდევ ერთი აშკარა შეცდომის გახსენებაც, როცა მეტოქის საჯარიმოში ვატო არველაძის წინააღმდეგ წესების დარღვევა აშკარა იყო და ასე შემდეგ.

ისე, მართლაც უცნაური სანახავი იყო "ლოკომოტივის" ასეთი "სახეცვლილება" ბოლო ერთი კვირის განმავლობაში: ჯერ იყო და, გუნდმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა თბილისის "დინამოსთან" მატჩში, აი, მერე კი, "საბურთალოსთან" შეხვედრაში, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში მოახდინა სრული კაპიტულაცია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
chikhura mieqaneba fskerisken...sircxvilia
shio
19:03 08-08-2017
0
დილა ხო დაფრინავს სამაგიეროდ. მარსზეაა უკვე....
opaaaa
08:42 09-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული