ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
XXIII ტურის წინ ვისურვეთ, რომ ამ ტურის ხუთივე მატჩი "მშვიდობიანად" დასრულებულიყო და, საბედნიეროდ, ასეც მოხდა: ხუთივე მატჩი ისე ჩამთავრდა, არც მოედანზე და არც ტრიბუნებზე სერიოზული ექსცესი არაფერი მომხდარა! თუმცა ამ ხუთიდან ორ მატჩში მართლაც "გარანტირებული მშვიდობა" გველოდა: "ტორპედო"-"დილას" დაპირისპირება ხომ უმაყურებლოდ უნდა ჩატარებულიყო, თბილისის "დინამოს" საშინაო შეხვედრები კი, უკვე დიდი ხანია, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ მიმდინარეობს...

არადა, ქუთაისშიც საინტერესო მატჩი გაიმართა და თბილისის "დინამოს" სუპერშედეგიანი თამაშიც აშკარად მეტ მაყურებელს რომ იმსახურებს, ამ ტურში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თუმცა, ვიდრე XXIII ტურის
გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ისიც გვინდა ვთქვათ, რომ სატურნირო ცხრილში არანაირი გადაადგილება არ მომხდარა: ყველა გუნდი "თავის" ადგილას დარჩა!

ოღონდ იმასაც დავამატებთ, რომ ბათუმის "დინამო" უკვე 4 ქულით დაშორდა პლეი-აუტის ზონას, ხოლო ზედიზედ მეორე მოგებით "ლოკომოტივმა" IV ადგილზე ყოფნა გაიმყარა. ამ ადგილს კი, სეზონის ბოლოს, შესაძლოა, სულ სხვა "ფასი" დაედოს - ჩემპიონატში ზედა სამეულში მყოფი რომელიმე გუნდი საქართველოს თასს თუ მოიგებს, ამ შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურს სწორედ მეოთხეადგილოსანი გუნდი მიიღებს!

უხვგოლიანი დერბი
აჭარული დერბის ბოლოდროინდელი დაპირისპირებები უხვგოლიანია ხოლმე და გამონაკლისი არც ეს მატჩი გამოდგა; თუმცა, გეოგრაფიულის გარდა, ეს მატჩი უფრო მნიშვნელოვანი სატურნირო თვალსაზრისით უნდა ყოფილიყო.

ანუ ქულები ორივე გუნდს სჭირდებოდა და ამიტომაც არ იყო გასაკვირი, მატჩი რომ მოვლენებით "დახუნძლული" გამოდგა. არადა, პირველ ტაიმში მატჩი ისეთი "სცენარით" წარიმართა, ყველაფერი გადაწყვეტილი რომ ჩანდა: ბათუმის "დინამომ" მეტოქის კარში 3 უპასუხო გოლი გაიტანა! აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან 2 გოლი ბათუმელთა გუნდის გამოცდილმა უკანახაზელებმა გაიტანეს: 29 წლის მარცხენა მცველმა ანზორ სუხიაშვილმა უმაღლეს ლიგაში თითქმის ხუთწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი, 31 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიკა მგელაძემ კი - ორწლიანი პაუზის მერე.

ასევე გარკვეული პაუზის მერე გამოიჩინა თავი "დინამოს" უკრაინელმა ლეგიონერმა იაროსლავ კვასოვმა: 25 წლის ცენტრფორვარდს ამ მატჩამდე ხომ სამთვიანი "მშრალი" სერია ჰქონდა...

სამბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, "შუქურამ" ბოლომდე იბრძოლა და მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში სხვაობა მინიმუმამდეც შეამცირა! აღსანიშნავია, რომ გიორგი შაშიაშვილის გუნდში თავი კვლავაც ახალწვეულებმა გამოიჩინეს: 21 წლის ბრაზილიელმა მარსელინიომაც ეფექტური გოლი გაიტანა და 30 წლის დავით ჩაგელიშვილმაც.

სხვათა შორის, ჩაგელიშვილმა "შუქურას" მაისურით მეხუთე მატჩი ჩაატარა და უკვე მესამე გოლი გაიტანა. აი, მეტი კი ქობულეთელთა გუნდმა ვეღარ მოახერხა და მეტ-ნაკლებად "გადამრჩენელ" IX ადგილთან სხვაობა კვლავაც 8 ქულა დარჩა.

სხვათა შორის, "შუქურას" შემადგენლობაში კიდევ 2 ახალწვეული გამოჩნდა - 25 წლის გარემარბ თორნიკე თუხარელს ქობულეთელთა გუნდში ადრეც უთამაშია, 28 წლის მარცხენა მცველმა სტეფან დასსემ (ბურკინა-ფასო) სულაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში. თუმცა, "შუქურას" ახალი ლეგიონერი პირწმინდად დაჯაბნა "დინამოს" ახალწვეულმა, 19 წლის მარჯვენა გარემარბმა თემურ ჩოგაძემ...

წარმატებული სერიები გრძელდება
ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტრიგო მატჩი სწორედ "საბურთალოსა" და "სამტრედიის" დაპირისპირება უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა: ორივე გუნდს ცდა არ დაუკლია საბოლოო წარმატების მისაღწევად! რაც მთავარია, გაგრძელდა ორივე გუნდის წარმატებული სერიებიც: გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალომ" III წრეში ზედიზედ მეოთხე მატჩი ჩაატარა წაუგებლად, გია ცეცაძის დამოძღვრილ "სამტრედიას" კი ჩემპიონატში უკვე 8 მატჩია არ წაუგია!

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "აჭარული დერბის" მსგავსად, ამ მატჩშიც ახალწვეულებმა იყოჩაღეს: მასპინძელთა 22 წლის შემტევმა დავით ვოლკოვმა III წრეში ჩატარებულ ოთხ მატჩში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა, ისე, როგორც "სამტრედიის" 26 წლის ცენტრფორვარდმა ნიკა საბანაძემ გაიტანა თავისი ახალი გუნდის მაისურით მეოთხე გოლი.

ერთი შეხედვით, ფრე ლოგიკური შედეგი უნდა ყოფილიყო ამ ორი საინტერესო გუნდის დაპირისპირებაში; მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჯერ მხოლოდ პირველ ტაიმში მასპინძელთა 21 წლის მეკარე ლაზარე კუპატაძემ, სულ მცირე, სამ ეპიზოდში გადაარჩინა საკუთარი გუნდი...

უმაყურებლო შემობრუნება
წინა ორ მატჩში "ტორპედომ" მხოლოდ 1 ქულა აიღო და ამის გამოც არავის უნდა გაჰკვირვებოდა, ქუთაისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი რამდენიმე გადაადგილებას რომ მოახდენდა ძირითად შემადგენლობაში.

ასეც მოხდა და, როგორც ამ უმაყურებლო მატჩის მსვლელობამ აჩვენა, ეს გადაადგილებები ეფექტიანი გამოდგა: "ტორპედომ" მეტად საჭირო 3 ქულა (სატურნიროც და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც) მოიპოვა და კვლავ ჩართულია საჩემპიონო რბოლაში!

თანაც, "ტორპედომ" მიმდინარე სეზონში პირველი თამაში შემოაბრუნა: პირველი ტაიმის მერე აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ცენტრალურმა ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. პირველი გოლი კუხიანიძემ ზუსტად შესრულებული პენალტით გაიტანა, მერე კი საჯარიმოს გარედან არანაკლებ ზუსტი დარტყმა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის გიორგი კუხიანიძემ მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ შეასრულა პენალტი და სამჯერვე ზუსტად! მსგავსი შედეგი კი ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს: დღესდღეობით "ტორპედოს" შემტევ ლევან კუტალიას, რომელიც მანამდე "შუქურაში" გამოდიოდა.

"დილას" კრიზისი კი უკვე აშკარაზე მეტია, - ერთადერთი გუნდი, III წრეში ჯერ ქულაც რომ არ მოუპოვებია! ჰო, ნამდვილად არასახარბიელოა "დილას" სატურნირო მდგომარეობა და ჯერჯერობით საქმეს ვერც გარკვეული ცვლილება-გადაადგილებები შველის. "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ამჯერადაც გარკვეული კორექტივები შეიტანა თავისი გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი მხოლოდ პირველ ტაიმში მოიტანა.

ისე, "დილაში" გარკვეული სიახლეებიც იყო: ორთვიანი პაუზის მერე დაბრუნდა 24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჟეან დერეტი, ხოლო 23 წლის თავდამსხმელმა გიორგი ფანცულაიამ (ეს სეზონი "საბურთალოში" რომ დაიწყო), პირველი მატჩი ჩაატარა თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში.

ისევ სუპერდუეტი!
"დილას" მსგავსად, "კოლხეთსაც" ძალიან გაუგრძელდა წარუმატებელი სერია: გელა სანაიას გუნდი უკვე 10 მატჩია, გამარჯვებას ვერ ახერხებს! ეს მოუგებელი სერია კი "ლოკომოტივთან" მატჩში "დამრგვალდა" და უკვე ახლავე შეიძლება იმაზე ლაპარაკი, თუ რამხელა სატურნირო მნიშვნელობა ექნება მომავალ ტურს, როცა ფოთელთა გუნდი სტუმრად "დილას" უნდა დაუპირისპირდეს;

ერთადერთი შეღავათი ის თუ შეიძლება იყოს, რომ აშკარად კარგი შენაძენი ჩანს "კოლხეთის" უკრაინელი ახალწვეული ალეკსანდრ დერებჩინსკი. 26 წლის ტანმაღალმა ცენტრფორვარდმა ზედიზედ მეორე ტურში შეძლო გოლის გატანა. თუმცა ეს ნამდვილად არ აღმოჩნდა საკმარისი: ისე, როგორც ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართულ მატჩში, "ლოკომოტივმა" ამჯერადაც ირაკლი სიხარულიძისა და მამია გავაშელიშვილის გოლებით გაიმარჯვა; თუმცა, სხვაობა ის იყო, რომ პირველი წრის მატჩში გავაშელიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, სიხარულიძემ - დუბლი, ახლა კი ეს ფორვარდები მხოლოდ თითო-თითო გოლს "დასჯერდნენ".

ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის, 27 წლის ირაკლი სიხარულიძის შედეგიანობა აღარავის გვიკვირს, აი, ტრავმამოშუშებული მამია გავაშელიშვილის დაბრუნება კი "ლოკომოტივს" ძალიან უნდა წაადგეს.

ისიც უნდა ვთქვათ, 22 წლის გავაშელიშვილი ამ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და ბურთთან პირველივე შეხებით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს ყველაფერი მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, არადა, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ სტუმრებს შესვენებამდე გადაეწყვიტათ მატჩის ბედი, მაგრამ გეგა დიასამიძის, ვატო არველაძისა და დავით უბილავას ერთმანეთზე ეფექტურად დარტყმული ბურთები "ჯიუტად" ხვდებოდა "კოლხეთის" კარის ხარიხას...

დინამო და რეკორდები!
...6:1, 5:0, 5:0 - აი, ასეთი ანგარიშებით იგებს III წრეში საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამო"! თანაც, წინა ორ შემთხვევაში "დინამოს" მეტოქეები თუ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები ("კოლხეთი", "დილა") იყვნენ, ამჯერად ამბიციურ "ჩიხურასაც" იგივე ბედი ეწია.

თანაც, საქმე მხოლოდ მაღალ შედეგიანობაში არ არის: კახა კაჭარავას დამოძღვრილი "დინამოს" თამაშის ხარისხიც აშკარად იმსახურებს შექებას!

არადა, ობიექტური მიზეზების გამო "დინამოს" მთავარ მწვრთნელს, ფაქტობრივად, ყოველ მატჩში უხდება კორექტივების შეტანა ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, ამ ცვლილებებს გუნდის შედეგზე უარყოფითად არ უმოქმედია.

ცალკეული ფეხბურთელების გარჯაც უნდა აღვნიშნოთ და, უპირველეს ყოვლისა, ბექა მიქელთაძე უნდა გამოვყოთ; ადრეც არაერთხელ ვწერდით, რომ 19 წლის შემტევს, უდავოდ, გამორჩეული სეზონი აქვს და ეს ყველაფერი ახლაც დაამტკიცა, როცა დუბლთან ერთად, საგოლე პასიც მიითვალა. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ბექა მიქელთაძე კვლავაც რჩება ეროვნულ ლიგაში ერთადერთ ფეხბურთელად, III წრეში ჩატარებულ ხუთივე მატჩში რომ შეძლო გოლ(ებ)ის (სულ - 7) გატანა!

აკაკი შულაიას ზეაქტიური თამაშიც აუცილებლად აღსანიშნავია: დინამოელთა 20 წლის მარჯვენა გარემარბმა თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი ხომ გაიტანა, საერთოდაც ძალიან სასარგებლო თამაშით დაგვამახსოვრა თავი.

"დინამოს" კიდევ ერთ ახალწვეულზეც ვთქვათ: 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ლაშა ქოჩლაძე III წრეში ხუთივე მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და უკვე 3 გოლი გაიტანა; აღსანიშნავია, რომ ერთმანეთზე უკეთესი ეს სამივე გოლი ამ უაღრესად ტექნიკურმა შემტევმა საშინაო მატჩებში გაიტანა, თანაც, მოედანზე გამოსვლიდან სულ რამდენიმე წუთში...

..."ჩიხურაზე" კი უკვე აღარც ვიცით, რა ვთქვათ: ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა ქართულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში უკვე მეხუთე მატჩი წააგო დიდი ანგარიშით!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შუქურასაც მსაჯები წირავენ ფედერაცია დასავლეთში კლავს ფეხბურთს ცოტახანში გვექნება თბილისის ჩემპიონატი გინახიათ რომელიმე მსაჯი დაესაჯოთ
ლევანი ლაბაძე
09:18 23-08-2017
0
etyoba pederaciashi ase gadawyvitess.. es shecdomebi agar aris ukve mizan mimartulad wiraven samtrediass... da msajebs naxavt rasac uzamen samtrediashi da mere nu ityvitt ra cudi gulshematkivariao.. jurnalistma ertii statiac ar miudzgvna rasac uketeben samtredias.. ar awyobs etyoba pederaciis gabrazebaa..
samtredias ashkarad msajebi wiraven bolo ori tamashiaa..
17:37 22-08-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული