12:12 28-08-2017
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. თუ პირველ ნახევარში ქუთათურები უფრო სწორად, ორგანიზებულად და უშეცდომოდ თამაშობდნენ, მეორე ტაიმში გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა იძალა. ზოგადად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის უკეთესი იქნება, თუ ისწავლის, როგორ ჩაატაროს საპასუხისმგებლო მატჩები სტაბილურად ერთ დონეზე...
"ტორპედომ" მას შემდეგ გაიტანა, რაც სამტრედიელთა მცველი გიორგი მჭედლიშვილი შეცდა. მან ბურთი ვერ გააჩერა და ლევან კუტალიას საშუალება მისცა, ახლო მანძილიდან ეხეირა.
"სამტრედიის" გოლი კი 11-მეტრიანს მოჰყვა. სიტუაცია არ იყო ერთგვაროვანი. ასე იყო თუ ისე, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ პენალტის ნიშნულზე მიუთითა, რომელიც ექსტორპედოელმა ნიკა საბანაძემ კარგად შეასრულა. პენალტი, ალბათ, უფრო იყო, ვიდრე - არა.
საბანაძეზე ცალკე: ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და ბევრი თავსატეხი გაუჩინა ქუთაისელთა დაცვას. ეგაა, მეტი სიზუსტე მართებდა დამაგვირგვინებელ ფაზაში. გეხსომებათ, ქართულმა საფეხბურთო თემმა საბანაძე სწორედ "ტორპედოში" კარგი თამაშით გაიცნო...
ორივე გუნდი მოგებაზე მეტად არწაგებაზე ფიქრობდა. ყოველ შემთხვევაში, მინდორზე ნაკლებად ჩანდა ის ჟინი და რისკი, რაც ხშირად თან სდევს ხოლმე უეჭველად მოსაგებ მატჩებს. საბოლოო ჯამში მივიღეთ ფრე, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით, მაინცდამაინც, არცერთ გუნდს არ აძლევდა ხელს.
ეს განსაკუთრებით "ტორპედოზე" ითქმის, რომელიც საჩემპიონო რბოლაშია ჩართული თბილისის "დინამოსთან" და მისთვის თითოეულ ქულას ახლა ოქროს ფასი აქვს. მეორე მხრივ, გუნდის პასივში ვერც სამტრედიაში ქულის აღება ჩაიწერება.
დაბოლოს, სამტრედიელთა ახალწვეულებზე. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგაზე ნაწვნევი მარცხის შემდეგ ლოგიკური დასკვნა გამოიტანა. თადარიგში იყო გაბონელი ახალწვეული ნდონგი, ხოლო "ეროსი მანჯგალაძის" ტრიბუნებზე გამოჩნდა ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ყოფილი შემტევი, ნიგერიელი ოლაიტანი.
ცოდვა გამხელილი ჯობიაო, ნათქვამია - საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ისევე, როგორც ყველა ქართულ კლუბს, კიდევ არ აწყენდა გაძლიერება. იქნებ ისე მოხდეს, რომ ეს ლეგიონერები მომავალი ევროტურნირების ჩათვლით მაინც შევინარჩუნოთ.
მატჩის სტენოგრამა
11' - გიორგი კუხიანიძის დარტყმა სამტრედიელთა კარს ასცდა.
13' - გიორგი მჭედლიშვილის დარტყმული ბურთი ქუთაისელთა კარში არ წავიდა.
16' - ინტერს გის წაქცევის შემდეგ სამტრედიელები ამაოდ ითხოვდნენ თერთმეტმეტრიანს.
18' - გოლი! სამტრედიელთა მცველი გიორგი მჭედლიშვილი ცდება და ლევან კუტალია ანგარიშს ხსნის - 0:1!.
32' - მჭედლიშვილის ჩაწოდების შემდეგ ნიკა საბანაძის თავური არაზუსტია.
47' - საბანაძის გადაცემის შემდეგ ინტერს გიმ უაღრესად ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.
53' - გრიგოლ დოლიძის ჩაწოდების შემდეგ ლაშა კუჭუხიძემ ბურთი ხარიხას გაარტყა.
65' - გიული მანჯგალაძის საჯარიმო არაზუსტი აღმოჩნდა.
73' - ვოლოდიმირ კორობკას გადაცემის შემდეგ კუტალიას დარტყმა მეკარე ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია. არბიტრმა კუთხური არ დანიშნა.
80' - არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ 11-მეტრიანი დანიშნა "ტორპედოს" კარში. ეპიზოდი საკამათო იყო - წესები ან საჯარიმოში დაირღვა, ან ზედ ხაზზე. ფაქტია, სამტრედიელი ფეხბურთელი საჯარიმოში წაიქცა.
81' - გოლი! ნიკა საბანაძემ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან - 1:1!.
89' - საბანაძის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა.
ეროვნული ლიგა. XXIV ტური
26.08. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 კუტალია (18), 1:1 საბანაძე (81-პენ)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, კასრაძე, ბალდე - გ. მანჯგალაძე, დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, სამუშია (59. მარკოზაშვილი), საბანაძე - გი (77. ჯიქია).
სათადარიგოები: სტურუა, მთივლიშვილი, ნდონგი, ახალაძე, ბურკაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ტორპედო (4-5-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული (59. ტაბატაძე), ქიმაძე - დოლიძე (69. კორობკა), კუხიანიძე, ფალავანდიშვილი, გიგაური, კუტალია - კუჭუხიძე (88. კაპანაძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, ტუღუში
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (27), მიგინეიშვილი (34), კუხიანიძე (34), ქიმაძე (73), ბალდე (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივარ) 11
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10
მომდევნო ტური
8 სექტემბერი, პარასკევი
კოლხეთი-სამტრედია
ტორპედო-ჩიხურა
9 სექტემბერი, შაბათი
ლოკომოტივი-დილა
დინამო (თბ)-შუქურა
10 სექტემბერი, კვირა
საბურთალო-დინამო (ბთ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ჩემპიონობა მას არ ემუქრება და არც ღირსია ამისი.
თუმცა არც მესამე ადგილის ღირსია.