გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...

AutoSharing Option
გორის "დილამ" საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში საჩხერის "ჩიხურასთან" 0:3 წააგო. ამ მარცხის შემდეგ გიორგი დარასელიას გუნდს ევროთასებზე მოხვედრის შანსი გადაეწურა და ახლა მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

"ლელო" "დილას" მწვრთნელს აქტუალურ თემებზე გაესაუბრა...

ახლა, როცა ევროპაზე ოცნება მორჩა
- ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით "ჩიხურასთან" მეოთხედფინალურ მატჩზე და ამისთვის ბევრი რამ გვქონდა გვერდზე გადადებული, - გვითხრა დარასელიამ საუბრის დასაწყისში. - შეიძლება ვილაპარაკოთ იღბალზე, მაგრამ როცა ასეთ თამაშში გაქვს რამდენიმე მომენტი, უთუოდ უნდა გაიტანო. ეს აქსიომაა. მით უმეტეს, როცა მეტოქედ გყავს ძლიერი და გამოცდილი
გუნდი. "ჩიხურამ" პრაქტიკულად პირველივე საგოლე მომენტი გოლად აქცია. ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე, მეტნიც ვიყავით მინდორზე... ბედთან შერიგების მომენტი იყო, როცა მეტობაში მყოფებმა პენალტი ვერ გავიტანეთ...

ახლა, როცა ევროპაზე გასვლის პრაქტიკული შანსი გადაგვეწურა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. ეს ნამდვილად შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ, გადავჭრათ ეს პრობლემა. ევროპული ასპარეზი დროებით უნდა დავივიწყოთ...

რაც გუნდში მოვედი, არ გვაქვს კარგი შედეგები. იმ დღიდანვე ტრავმები გვდევს თან. ერთი შეხვედრაც კი არ გვითამაშია ოპტიმალური შემადგენლობით. ესეც უნდა ვთქვა - გუნდი ბალანსის გარეშე იყო დაკომპლექტებული. ჩვენ შევცვალეთ ზოგიერთი ლეგიონერი... ამ ყველაფრის ერთ სისტემაში მოყვანას, დამეთანხმებით, დრო სჭირდება.

ვინც მიცნობს, იცის, რომ ვერ ვიტან წაგებას და არ არსებობს, მას შევეჩვიო. რა თქმა უნდა, გუნდის შედეგებზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასოდეს გავექცევი. ეგაა, ეს გუნდი მე არ დამიკომპლექტებია, ესეც ფაქტია.

ნიჭი აშკარად აქვს და ვნახოთ...
- უკვე იცით, რომ ამ დროისთვის გუნდიდან წავიდა ორი ლეგიონერი - ალჰასანი და ტარავალიე. ჩვენთან ვარჯიშობს წარმოშობით განელი, ისე კი, ისრაელში დაბადებული ჭაბუკი გარემარბი - ეშფორდი. ის თელ-ავივის "მაკაბის" აღზრდილია. თავდაპირველად, ის ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ ჩვენს 19-წლამდელთა გუნდში ეთამაშა, მაგრამ ახლა ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და თუ ბოლომდე გამოავლენს შესაძლებლობებს, პირველ გუნდში დაწინაურდება. ნიჭი აშკარად აქვს და ვნახოთ...

მას შემდეგ, რაც ლეანდრო რიბეირომ დაგვტოვა, მის შემცვლელს ვეძებთ. პოტენციური ახალწვეული სწორედ ფლანგის მოთამაშეა - სწრაფი და ტექნიკური. ლეანდრო თავიდან პედრინიოს უნდა შეეცვალა, მაგრამ ბრაზილიელი არ აღმოჩნდა ფლანგის მოთამაშე...

ალჰასანს მინდა დავუბრუნდე. ეს არის ფეხბურთელი სერიოზული კარიერით. როცა ის ჩამოვიდა, ჩვენ ვიცოდით, რომ იყო ფლანგის მოთამაშე, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ცენტრში კი გვყავს არაერთი ფეხბურთელი: ნონიკაშვილი, პაპავა, ძარია, დერეტი, წიქარიძე... იმასაც ვიტყვი, რომ ალჰასანი თავიდანვე არ იყო ფორმაში...

დღევანდელ "დილაში" არის რამდენიმე სათამაშო პრობლემა. პირველ რიგში, უნდა ვისურვო უკანა ხაზში თამაშის გაუმჯობესება. თამაში არ ჩაივლის, დაცვაში შეცდომა რომ არ დავუშვათ და თანაც - ძალიან გაუმართლებელი.

საერთოდ, უშეცდომო არავინაა, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელი უკეთ ხვდება, რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ მომენტში. მაგალითად, "ჩიხურასთან" შეხვედრაში, როგორც გითხარით, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით...

ნდობას და მხარდაჭერას ვგრძნობ...
- კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდ ნდობასა და მხარდაჭერას ვგრძნობთ. მათ დასჭირდათ თავის დროზე გვერდში დგომა და მე დავუდექი გვერდში. არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე, მაგრამ ჩვენ ხომ იმიტომ ვართ აქ, რომ გუნდს წარმატება მოვუტანოთ.

თავის დროზე, სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა "დილაში" მოსვლა. შუა სეზონი იყო, სხვისი დაწყებული საქმე... მაგრამ ვიგრძენი დიდი ნდობა და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა. აქ არავინ ფიქრობს ფულზე, ხელფასზე. მთავარია, გუნდმა მიაღწიოს წარმატებას. ნამდვილად გვაქვს ამის რესურსი და მჯერა, დავძლევთ ჩავარდნას...

უკვე გითხარით, რომ არაერთი პრობლემა გვაქვს, მათ შორის - საგოლე მომენტების გამოყენების. ვიცი, გაინტერესებთ და მკითხავთ ირაკლი მოდებაძეზე. ფაქტია, საქართველოს ჩემპიონატისთვის მოდებაძე დიდი ფეხბურთელი და ფორვარდია. ამას ის ამტკიცებს მთელი თავისი კარიერით...

მაგრამ ყველამ არ იცის, რა ხდება გუნდის შიგნით. მოდებაძეს ჰქონდა ტრავმა და ისე არ ხდება, რომ ტრავმის შემდეგ ფეხბურთელი ეგრევე ბოლომდე დატვირთო. მით უმეტეს, ისეთ საფარზე, როგორზეც "ჩიხურასთან" მატჩი გაიმართა. ყოველდღიურად ვხედავ, როგორ უმატებს მოდებაძე, როგორ უმჯობესდება მისი ფიზიკური მდგომარეობა... ამ ფეხბურთელის დიდი იმედი გვაქვს და ჩვენ ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი მის შესაძლებლობებში.

ბევრი სიახლე იქნება
- ჯერ ადგილი უნდა შევინარჩუნოთ უმაღლეს ლიგაში და მერე ბევრი ცვლილება იქნება. უკვე დაწყებულია მუშაობა კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან, რომ შეიკრას ისეთი გუნდი, რომელიც რეალურად იბრძოლებს ევროტურნირებზე გასასვლელად და იქ თავს არ შეირცხვენს.

"დილას" აქვს ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობის გამოცდილება და გვინდა, ეს დრო დაბრუნდეს. მაგრამ ჯერ უნდა გადავჭრათ ის ამოცანა, რომელიც დგას ჩვენ წინაშე, მერე კი გუნდი გაახალგაზრდავდება და რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეც გვეყოლება. ეს მოხდება ისე, რომ დღეს გუნდში მოთამაშე ფეხბურთელთაგან არავის არაფერი დაეკარგება...

შედეგი ყველას გვინდა. უბრალოდ, არ ვიცი, რა ვთქვა - რაც გუნდში მოვედი, ტრავმების გამო 5-6 ფეხბურთელის არყოფნა ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ კი არა, ასეთი საკადრო პრობლემების ფონზე შეიძლება ჩვენზე გაცილებით ძლიერ გუნდს გაუჭირდეს. ძნელია, როცა ძირითადი შემადგენლობის პრაქტიკულად ნახევარი დაშავებულია.

მთავარია ოთხი კომპონენტი...
- საქართველოს ჩემპიონატს დღეს რომ დიდი ხელშეწყობა აქვს, ეს ფაქტია, მაგრამ მე მხოლოდ საფეხბურთო ნიუანსებზე ვილაპარაკებ. რა გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად? სწორი თამაში, მეტი საფეხბურთო აგრესია, ოღონდ, კარგი გაგებით, მეტი სისწრაფე და მწვრთნელის დავალების ზუსტად შესრულება. ეს ოთხი კომპონენტი დღეს მთავარია ჩვენთვის.

უცხოეთში ბევრგან მიმუშავია და ვიცი - იქ მწვრთნელი მთელი კვირა მუშაობს კონკრეტულ მატჩზე. მერე ფეხბურთელები გადიან სათამაშოდ და მწვრთნელის ნააზრევი გადააქვთ მინდორზე...

რაც შეეხება ფიზიკურ კონდიციებს. შუა სეზონში მათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესება წარმოუდგენლად მესახება. ეს უნდა მოხდეს წინასასეზონო შეკრებაზე, სპეციალური ვარჯიშებით...

ერთიცაა: ბევრი ქართველი ფეხბურთელი ჯერაც ვერ შეეჩვია ბოლომდე ჩემპიონატის სისტემის ცვლილებას. ქვეცნობიერად ისევ ისე არიან მომართულები, თითქოს სეზონი აგვისტოში დაიწყო და ახლა სადღაც მესამე-მეოთხე ტურია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი დაკვირვებით ასეა...

რაც შეეხება "დილას" ფიზიკურ მომზადებას, ამ საკითხზე ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად ვმუშაობ. აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო დატვირთვების შერჩევისას. გვაქვს ჩვენი გეგმა და იმას მივყვებით. ვნახოთ, რა გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გორის ,,დილას" ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა. განსაკუთრებით ცენტრალური მცველები ბავშურ შეცდომებს უშვებენ, ერთმანეთს არ აზღვევენ, ჩერდებიან და შეჰყურებენ სხვა ფეხბურთელებს. უბურთოდ მოძრაობა და ფეხბურთელის მიერ სწორი პოზიციის შერჩევა ნულზეა დასული. არ შეუძლიათ სრული 90 წუთის თამაში.ამჟამინდელი ,,დილა", მხოლოდ აჩრდილია ძველი გუნდის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებს ,,სტაჟის" გამო აყენებენ ძირითად შემადგენლობაში, არადა ამ დროს მათი ფიზიკური მომზადება არის ნული. საჭიროა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვენდოთ. გუნდი რომელიც 10 ტურით ადრე ფიქრობს ეროვნული ლიგა 2 -ში მესამე ადგილს ვინ დაიკავებს, რომ გადათამაშებაში იქნებ იმ გუნდს აჯობოს, ასეთი გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს.
david
12:51 16-09-2017
0
ბოდიშს გიხდით.ლუკას ნაცვლად უჩა უნდა დამეწერა.
gori 2
21:36 15-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული