11:52 24-10-2017
ტორპედო-ლოკომოტივი - მხოლოდ ქომაგები აკლდა [VIDEO]
AutoSharing Option
არადა, გუნდებმა ისეთი თამაში გააჩაღეს, საცოდაობა იყო, შეხვედრას გულშემატკივრები რომ ვერ ესწრებოდნენ. შეხვედრა მართლაც შესანიშნავი გამოდგა - ორმხრივი შეტევებით, ლამაზი გოლებით და დრამატული სცენარით. "ტორპედო" საჩემპიონო "რბოლაშია" ჩაბმული და ამ მატჩის მოსაგებად დიდი მოტივაცია ჰქონდა.
კახა ჩხეტიანის გუნდი წყვილის ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მით უმეტეს, როცა "ლოკომოტივს" ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო 9 ფეხბურთელი აკლდა.
დანაკლისი ჰქონდა "ტორპედოსაც", ქუთაისელებს ლევან კუტალია არ ჰყავდათ. ამას ლაშა კუჭუხიძის ტრავმაც თან დაერთო, რომელმაც ნაადრევად დატოვა მოედანი...
კახა ჩხეტიანმა მეტოქეს შემტევი ტაქტიკა შესთავაზა. "ტორპედოს" ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგელები ჰყავს და ქუთაისელები ამ კოზირის გამოყენებას ცდილობდნენ.
გრიგოლ დოლიძე და გიორგი ქიმაძე დიდ დროს ატარებდნენ შეტევაში, თავდასხმაში კი ძალზე აქტიური იყო თორნიკე კაპანაძე, რომელმაც ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და დუბლთან ერთად ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. თუმცა, თავიდან ქუთაისელები სულაც არ იყვნენ სახარბიელო მდგომარეობაში.
გიორგი დევდარიანი რიონისპირელთა ტაქტიკას მომზადებული შეხვდა. თბილისელები კომბინირებული თამაშის, მოკლე გადაცემებისა და სისწრაფის ხარჯზე დიდ პრობლემებს უქმნიდნენ მასპინძლებს, რომლებიც შეტევიდან დაცვაში გადაწყობას ვერ ასწრებდნენ.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა აშკარად ჩააგდეს, თბილისელებს კონტრშეტევებისას დიდი სივრცეები რჩებოდათ და ამით სარგებლობდნენ კიდეც. სტუმრები მარტივი კომბინაციით დაწინაურდნენ, როცა ირაკლი სიხარულიძემ გიორგი გოროზიას გადაცემა გამოიყენა და "ლოკომოტივი" სწრაფი გოლით დააწინაურა.
მატჩის პირველ ნახევარში "ტორპედო" ბევრს სცოდავდა და თბილისელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა არ გაუმართლათ. დაცვასთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდნენ ქუთაისელი შემტევები, რამდენჯერმე ახლოსაც იყვნენ მიზანთან, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო სტუმართა მეკარე რევაზ თევდორაძე.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა დიდი შემართებით დაიწყეს და ანგარიში მალევე გაათანაბრეს, მაგრამ ცოტა ხანში "ლოკომოტივი" გოროზიამ დააწინაურა, როცა კიდევ ერთხელ ჩავარდა ქუთაისელთა დაცვა და მოწოდების სიმაღლეზე მეკარეც ვერ აღმოჩნდა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ჩხეტიანმა მოედანზე ჯერ ოლეგ მამასახლისს უხმო, რომელსაც ცენტრის დალაგება დაევალა, შემდეგ კი მინდორზე ვეტერანი შოთა ბაბუნაშვილი გაიყვანა და, რომ იტყვიან, "ათიანშიც" მოარტყა. სწორედ ბაბუნაშვილის გამოსვლა გახდა გარდამტეხი. ქუთაისელთა ვეტერანმა თამაშში ჩართვიდან სამიოდე წუთში შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი რამდენჯერმე დაემუქრა თევდორაძის კარს.
მისი სულისკვეთება თანაგუნდელებსაც გადაედო, "ტორპედო" შესანიშნავად ათამაშდა. "ლოკომოტივს" კი წამყვანი ფეხბურთელების არყოფნა ბოლოსკენ დაეტყო. "ტორპედომ" შეტევები გააძლიერა და კაპანაძის დუბლით წინ გავიდა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე "ელვას" პასით კუხიანიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ტორპედოელებმა მოგება ტაბლოს მხარეს მდებარე ტრიბუნასთან აღნიშნეს, რომლის მეორე მხარიდან ქუთაისელი გულშემატკივრების ყიჟინა ისმოდა...
მატჩის სტენოგრამა
2" - გრიგოლ დოლიძის ფლანგურ გარღვევას თორნიკე კაპანაძის მისამართით გამჭოლი გადაცემა მოჰყვა, თუმცა ბურთი მამუკა კობახიძემ ჩაჭრა და მდგომარეობა განმუხტა.
3" - გიორგი გოროზიამ ჯარიმიდან საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, სადაც ყველას ლევან ქურდაძემ დაასწრო და თავური დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ ოდნავ ააცილა.
9" - გოლი! ქუთაისელთა დაცვა ჩავარდა, გიორგი გოროზიას გადაცემას ირაკლი სიხარულიძემ თავი წაჰკრა და სტუმრები დააწინაურა - 0:1.
13" - "ლოკომოტივის" მცველები შეცდნენ, ბურთი თორნიკე კაპანაძემ მოიხელთა, ერთი მცველი ჩამოიცილა და ახლო მანძილიდან კარში დაარტყა, მაგრამ ბურთს რევაზ თევდორაძე გადაეღობა და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა.
27" - გოროზიას ძლიერი დარტყმა მცველს მოხვდა და კარისკენ რიკოშეტით წავიდა. ქუთაისელთა საბედნიეროდ, ბურთი ხარიხას გადასცდა.
30" - დოლიძის კარგი გადაცემის შემდეგ მათე კვირკვია კარში ახლოდან თავით ურტყამდა, მაგრამ კვლავ შესანიშნავად ითამაშა მეკარე თევდორაძემ, რომელმაც საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
43" - როინ კვასხვაძე შეცდა და მოგერიების ნაცვლად ბურთი ნოდარ ქავთარაძეს მოარტყა, მისგან რიკოშეტით კი ბურთი კარს მცირედით ასცდა და მასპინძლები კიდევ ერთხელ გადაურჩნენ გოლს.
45" - ქუთაისელებმა მოედნის ცენტრში შეცდომა დაუშვეს, "ტორპედოს" დაცვაც ჩავარდა, რასაც სიხარულიძის ძალზე სახიფათო დარტყმა მოჰყვა, თუმცა ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.
46" - საჯარიმოს გარედან გიორგი კუხიანიძის სახიფათო დარტყმა თევდორაძემ ნახტომში მოიგერია.
47" - გოლი! დოლიძის კუთხურს კაპანაძემ ზუსტი თავური დარტყმა მიაყოლა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
56" - მოედნის ცენტრში ფალავანდიშვილმა დაკარგა ბურთი, რასაც სტუმართა სწრაფი შეტევა მოჰყვა. სიხარულიძემ კარგი კომბინაცია გაითამაშა გოროზიასთან, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით დაარტყა და სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა - 1:2.
57" - ქუთაისელი მცველების კიდევ ერთ მიუტევებელ შეცდომას ახლო მანძილიდან სიხარულიძის დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ჩემპიონატის ბომბარდირმა ბურთი მეკარეს "დაუმიზნა".
73" - გოლი! შოთა ბაბუნაშვილის შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა დაახლოებით 30 მეტრიდან და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.
78" - თევდორაძემ ჯერ ბაბუნაშვილის დარტყმა მოიგერია ნახტომში, შემდეგ კი კაპანაძეს აუღო, რომელიც დამატებაზე ურტყამდა.
85" - გოლი! ქიმაძის გადაცემა მარცხენა ფლანგიდან, კაპანაძემ დასწრებაზე ითამაშა და ახლო მანძილიდან სტუმრებს შანსი არ დაუტოვა - 3:2.
90+4" - გოლი! ქუთაისელთა სწრაფი კონტრშეტევა, კაპანაძის გადაცემა გიორგი კუხიანიძემ უზუსტესი დარტყმით დაასრულა - 4:2.
23.10. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-ლოკომოტივი 4:2
0:1 სიხარულიძე (9. გოროზიას პასით), 1:1 კაპანაძე (47. დოლიძის პასით), 1:2 გოროზია (56. სიხარულიძის პასით), 2:2 ბაბუნაშვილი (73), 3:2 კაპანაძე (85. ქიმაძის პასით), 4:2 კუხიანიძე (90+4. კაპანაძის პასით)
ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე - ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე - დოლიძე, ფალავანდიშვილი, კუხიანიძე, კვირკვია (69. ბაბუნაშვილი) - კაპანაძე, კუჭუხიძე (17. ბერიაშვილი/60. მამასახლისი)
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, კორობკა, გიგაური
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ლოკომოტივი (4-3-2-1): თევდორაძე - კობახიძე, ხიდეშელი, უბილავა, გაბაძე (61. ჩიტეიშვილი) - გვალია, ლ. ქურდაძე, ანდრონიკაშვილი (53. ვარძელაშვილი) - ქავთარაძე, გოროზია (79. გაბრიჩიძე) - სიხარულიძე.
სათადარიგოები: შეროზია, კიკაბიძე, შეწირული
გაფრთხილება: გოროზია (45)
არბიტრი: ჯ. ხორავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
150 კაცი მაინც ესწრებოდა თამაშს და რას უძახით მაყურებლის გარეშეო.
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული