ეროვნული ლიგა. XXXIII ტურის წინ: გზა უფსკრულისკენ, დასათმობი არაფერია

AutoSharing Option
თასის ფინალისტები უკვე გამოვლინდნენ და მალე ჩემპიონატშიც გაირკვევა ყველაფერი.

ისე, თასის გათამაშება შემთხვევით არ გვიხსენებია: როგორც უკვე ტრადიციასავით დამკვიდრდა, ნახევარფინალური მატჩების შედეგები, პირდაპირ თუ ირიბად, ჩემპიონატზეც გარკვეულ გავლენას ახდენს.

ჩვეულებრივ მიდგომად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა ფინალისტმა უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ თასზე წარმატებული ასპარეზობა მიიჩნიოს, მეორემ კი, შესაძლოა, ორივე ფრონტზე სცადოს მაქსიმალური შედეგის მიღწევა.

თუმცა, ეს ყველაფერი მაინც ვარაუდებია - სჯობს, მოვლენათა განვითარებას მივყვეთ და XXXIII ტურზე ვილაპარაკოთ. ამ ტურს მოჰყვება დაახლოებით ორკვირიანი პაუზა, რომელიც უკანასკნელი იქნება ამ ჩემპიონატში, ხოლო
შემდეგ 10-დღიან ინტერვალში გუნდს სამ-სამი მატჩის ჩატარება მოუწევს და სეზონიც დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში VIII და IX ადგილზე გასულ გუნდებს ორმატჩიანი პლეი აუტის მატჩები მოუწევთ ეროვნულ ლიგა 2-ის მეორე-მესამეადგილოსნებთან.

2017 წლის უკანასკნელი ოფიციალური მატჩი კი საქართველოს თასის მფლობელის ვინაობას გამოავლენს...

მაგრამ ჯერ XXXIII ტური...

04.11. ფოთი. პარკი არენა. 13:00
კოლხეთი-დილა
ურთიერთშეხვედრები
51: +19 =9-23, 55-53
დისკვალიფიკაცია
ალიუ აბუბაქარი, გიორგი ფოფხაძე (ორივე დილა)
I-II-III წრე: 1:1, 0:0, 0:3

ამ ტურის პირველ მატჩში იმ გუნდების დაპირისპირებაა, რომელთათვისაც, ყველა ქულა მნიშვნელოვანია! ნამდვილად აღარ გვინდა ისედაც უმძიმეს სატურნირო მდგომარეობაში მყოფი "კოლხეთის" ქრონიკული პრობლემების ყოველდღიურად შეხსენება მკითხველისთვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ფოთელთა გუნდი ტურიდან ტურამდე მიექანება უფსკრულისკენ.

უკვე მეექვსე თვე დაიწყო, რაც "კოლხეთს" ეროვნულ ლიგაში არ მოუგია. ამ ტურში კი ისეთ მეტოქეს ხვდება, არანაკლებ რომ სჭირდება ქულები: დღესდღეობით "დილა" მეტ-ნაკლებად კი იმყოფება სამშვიდობოს, მაგრამ გორელთა გუნდს მოდუნების უფლება არა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პლეი აუტი ელოდება.

არადა, ასეთ უმნიშვნელოვანეს მატჩში "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ძირითადი შემადგენლობის ორ მცველს მოისაკლისებს - ალიუ აბუბაქარსა და უმძიმესი ტრავმის მერე დაბრუნებულ გიორგი ფოფხაძეს.

წლევანდელი მაისის ბოლოდან მოყოლებული, "კოლხეთისთვის" ყველა მეტოქე უხერხულია და გამონაკლისი ვერც "დილა" იქნება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ მატჩებში, უკვე 13 წელიწადია, ფოთელები ვერ ახერხებენ გორელთა დამარცხებას.

04.11. თბილისი. მიხეილ მესხი (სათადარიგო). 15:00
ლოკომოტივი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
7: +3 =2 -2, 11-7
დისკვალიფიკაცია
დავით უბილავა (ლოკომოტივი)
I-II-III წრე: 5:0, 0:3, 3:1

ესეც ისეთი მატჩია, არც ერთი გუნდი რომ არ უნდა უჩიოდეს მოტივაციის არქონას: ტრავმებისგან, ფაქტობრივად, სახეცვლილი "ლოკომოტივი", სერიოზული საკადრო პრობლემების მიუხედავად, კვლავაც განაგრძობს IV ადგილისთვის ბრძოლას.

"შუქურას" კი, ორი ტურის წინ უბრძოლველად "მირთმეულმა" სამმა ქულამ იმის შანსი გაუჩინა, რომ ბოლო ადგილს თავი დააღწიოს და პლეი აუტში მოხვდეს.

მოკლედ, ისეთი მატჩია, როცა რაიმე პროგნოზის გაკეთება უაზრო საქმეა. მასპინძლებსაც არაფერი აქვთ დასათმობი და სტუმრები ხომ, საერთოდ, თითოეული ქულისთვის ყველა ღონეს იხმარენ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "შუქურას" ამჟამინდელ თავკაც გიორგი შაშიაშვილს ამ სეზონში სამწვრთნელო ასპარეზზე სადებიუტო მატჩი სწორედ "ლოკომოტივთან" ჰქონდა. დებიუტი კი ისეთი გამოუვიდა, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა - "შუქურამ", რომელსაც მანამდე 14-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, თბილისში 3:0(!) დაამარცხა "ლოკომოტივი"...

თუმცა იმის შემდეგ ქობულეთელებმა მხოლოდ 2 გამარჯვება მიუმატეს თავიანთ აქტივს, მაშინ, როცა გიორგი დევდარიანის დამოძღვრილი "ლოკომოტივი" მუდამ ლიდერთა სამეულის ირგვლივ ტრიალებდა...

05.11. თბილისი. დავით პეტრიაშვილი. 14:30
საბურთალო-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
5: +1 =1 -3, 3-9
I-II-III წრე: 1:2, 1:2, 0:0

წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მეტოქე გუნდებს ერთმანეთისგან განსხვავებული განწყობა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გუნდებს შორის, სექტემბერსა და ოქტომბერში საუკეთესო შედეგი სწორედ "საბურთალოს" ჰქონდა. საქმე მხოლოდ შედეგშიც არ არის - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, ფაქტობრივად, ყველა მატჩში გააზრებულ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა.

"საბურთალოს" წარმატებული ასპარეზობა გუნდური თამაშით კი არის განპირობებული, მაგრამ როგორ გინდა, გვერდი ავუაროთ გუნდის კაპიტნის, 21 წლის გიორგი ხარაიშვილის მართლაც შესაშურ შედეგიანობას ბოლო მატჩებში...

"საბურთალო" აშკარად დამსახურებულად იმყოფება IV ადგილზე და თუ გავითვალისწინებთ დარჩენილ მატჩებში ამ გუნდის მართლაც ურთულეს კალენდარს (მის სამივე მეტოქეს ჰაერივით ესაჭიროება ქულები), "ჩიხურასთან" შეხვედრაში მას ფავორიტის სტატუსი უნდა მივანიჭოთ.

ასეთი პროგნოზის გაკეთების უფლებას კი, რა თქმა უნდა, "ჩიხურას" მეტ-ნაკლებად მშვიდი სატურნირო მდგომარეობაც იძლევა და ის ფაქტიც, რომ საჩხერელთა გუნდს შუა კვირაში სათასო მატჩი ჰქონდა.

ოღონდ, ეგ იყო, რომ "სათასო გუნდმა" (ბოლო წლებიდან გამომდინარე, "ჩიხურა" ნამდვილად ამართლებს ამ სტატუსს), როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალის საგზური უპრობლემოდ მოიპოვა და ახლა მშვიდად მოემზადება თავისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის, სადაც წარმატების შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს.

აქედან გამომდინარე, ძნელი იქნება ამ გუნდის გამოცდილი ფეხბურთელებისთვის უმოტივაციო საჩემპიონატო მატჩებში მაქსიმალური მობილიზებით ასპარეზობა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სეზონის ბოლომდე "ჩიხურასთან" ყველა მეტოქე გარანტირებულ 3 ქულას უნდა ელოდოს.

შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან, იმ დროისთვისაც უმოტივაციო "ჩიხურამ", ოთხდღიან ინტერვალში ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი მოიგო ისეთ გუნდებთან ("შუქურა" და ბათუმის "დინამოს"), ძალიან რომ სჭირდებოდათ ქულები. ასე რომ, სოსო ფრუიძის გუნდისგან გასაკვირი არაფერი უნდა იყოს...

05.11. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
53: +38 =8 -7, 111-45
დისკვალიფიკაცია
ბექა ვარშანიძე (დინამო ბთ)
I-II-III წრე: 1:0, 4:0, 2:1

ოთხშაბათს თბილისის "დინამოს" უმძიმესი სათასო მატჩი ჰქონდა თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქე ქუთაისის "ტორპედოსთან", კვირას კი, არანაკლებ რთული დაპირისპირება ელოდება მეტად არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში მყოფ ბათუმის "დინამოსთან".

ერთი შეხედვით, თბილისელებს ძალიან ბევრი საფიქრალ-სანერვიულო არ უნდა ჰქონდეთ სეზონის ფინიშისკენ: მორიგი საჩემპიონო ტიტული მოიპოვოს, დარჩენილ ოთხ ტურში 8 ქულის მოპოვებაც საკმარისია!

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ძირითად შემადგენლობაში როტაციის საშუალება უკვე დიდი ხანია აღარ აქვს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ქუთაისში გამართული სათასო მატჩი იყო და ამ არც კვირის შეხვედრა იქნება...

წინა სეზონში ჩემპიონატის მესამეადგილოსნის (შესაბამისად, ევროპალიგის საგზურის მფლობელის) ბედი, სწორედ ამ გუნდების დაპირისპირებაში გადაწყდა. სამწუხაროდ, 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ბათუმის "დინამოს" დღესდღეობით აშკარად განსხვავებული მიზანი აქვს: ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წინა კვირაში მომხდარი მორიგი სამწვრთნელო გადაადგილება, როცა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის გადარჩენა გამოცდილ სპეციალისტ ასლან ბალაძეს მიანდეს...

05.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00 (LIVE II არხზე)
ტორპედო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
35: +19 =7 -9, 65-34
I-II-III წრე: 2:0, 2:1, 1:1

...ჯერ კიდევ წინა ტურის წინ, ეს ორი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ "ტორპედოც" დამარცხდა და "სამტრედიაც", მაშინ, როცა ლიდერმა უპრობლემოდ მოიგო თავისი მატჩი და ორივე კონკურენტი მეტ-ნაკლებად სოლიდური ჰანდიკაპით ჩამოიტოვა.

საკვირაო იმერული დერბის მასპინძლებს კიდევ დარჩათ ჩემპიონობის მოპოვების შანსი (ბოლო-ბოლო, უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამოსთან" უწევთ დაპირისპირება). აი, "სამტრედია" კი, შესაძლოა, უკვე ამ ტურის შემდეგ დაემშვიდობოს მოქმედი ჩემპიონის სტატუსს.

თუმცა, მოვლენების ასეთი განვითარების გამო, "სამტრედიაზე" აუგი ვის უნდა დასცდეს - ეს იქნება პირველ სამეულში ამ გუნდის ზედიზედ მესამედ მოხვედრა.

უჩა სოსიაშვილი კვირას მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ შემადგენლობას გამოიყვანს მოედანზე, რაც ბოლო ხანებში იშვიათი შემთხვევაა სამტრედიელთა საკადრო პრობლემების გამო.

მასპინძელთა მწვრთნელი კახა ჩხეტიანი კი სხვა, უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე დგას - რამდენად შეძლებენ "ტორპედოს" ფეხბურთელები იმერული დერბისთვის მაქსიმალურ მობილიზებას, თბილისის "დინამოსთან" უმძიმესი და თან წარმატებული ნახევარფინალის შემდეგ?!.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
გ.?ხარაიშვილი (საბურთალო) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12
გ.?კუხიანიძე (ტორპედო) 11

XXXIV ტური

17 ნოემბერი, პარასკევი
ჩიხურა-ტორპედო

18 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (თბ)
სამტრედია-კოლხეთი
დინამო (ბთ)-საბურთალო
დილა-ლოკომოტივი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
gura- "17 ნოემბერს რომ უნდა ჩატარებულიყო ჩიხურა ვს ტორპედო 18 :00 საათზე და რატომ არის დანიშნული 4 საათზე 18 ნოემბერს ან ბოლო ტურში 2 საათზე რატომ არის ან 22 ნოემბერს 2 საათზე". გაგრძელება- 18 საათზე რატომ არ არის მატჩისწინა ან აკანა პრესკომფერენცია დანიშნული? რატომ არ ირწყვება ან რატომ არ იკრიჭება ბალახი? რატომ არიან მომატებული წონაში მატჩის არბიტრები? რატომ არ აკეთებს ჩემს კომენტარზე კომენტარებს კობი? და ა. შ.......
gura-2
13:17 06-11-2017
0
17 ნოემბერს რომ უნდა ჩატარებულიყო ჩიხურა ვს ტორპედო 18 :00 საათზე და რატომ არის დანიშნული 4 საათზე 18 ნოემბერს ან ბოლო ტურში 2 საათზე რატომ არის ან 22 ნოემბერს 2 საათზე
gura
11:12 05-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული