საფეხბურთო კლუბი "ვიტ ჯორჯია" 1997-98 წლების სეზონის მეორე ეტაპისთვის შეიქმნა. კომპანია "ვიტ ჯორჯიამ" ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილი იყიდა კლუბ "მორკინალისგან". ახლად შექმნილმა "ვიტ ჯორჯიამ" საქმე, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო და მიუხედავად ამისა, პირველივე სეზონში დადებით შედეგს მიაღწია - მე-10 ადგილზე გავიდა, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
დაფუძნებიდან სამ წელიწადში "ვიტ ჯორჯიამ" პირველი მედალი მოიპოვა - 1999-2000 წლების ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.
"ვიტ ჯორჯიაში" საკმაოდ ბევრი ისეთი
2003 წელს "ვიტ ჯორჯიამ" საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. ვიტჯორჯიელთა მთავარი მწვრთნელი მაშინ მერაბ კოჭლაშვილი გახლდათ.
2005 წელს "ვიტ ჯორჯიაში" მთავარ მწვრთნელად ნესტორ მუმლაძე მოვიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2009 წელს კი მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
2009/10 წლების სეზონში "ვიტ ჯოირჯია" მერაბ კოჭლაშვილმა და გელა გომელაურმა ჩაიბარეს. ამ მწვრთნელების ხელში გუნდმა მოიგო სუპერთასი და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი - "ვიტ ჯორჯიას" საშინაო სარბიელზე უკვე ყველაფერი აქვს მოპოვებული.
Noblesse oblige - ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის "ვიტ ჯორჯიას" სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: "ღირსება გვავალდებულებს". სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.
რაც შეეხება წელს დასრულებულ ჩემპიონატს, მცხეთის გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობა მე-6 ადგილზე დაასრულა. ვიტჯორჯიელებმა 52 ქულა დააგროვეს. ხოლო გუნდის ბომბარდირი 13 გოლით ზურაბ ღირდალაძე გახდა.
Sportall.ge-ი კლუბის მენეჯერ ირაკლი ხვედელიანს დაუკავშირდა, გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგსა და მომავალზე ესაუბრა.
- პირველ რიგში, შევაფასოთ წინა სეზონი. კლუბი ეროვნულ ლიგა 2-ში მე-6 ადგილზე გავიდა. რამდენად კმაყოფილია კლუბი?
- პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით. ეს ჩემი პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც "ვიტ ჯორჯიაში" დავიწყე საქმიანობა. კლუბის პრეზიდენტს, ბატონ გურამ რუხაძეს მსურს მადლობა გადავუხადო იმ ნდობისათვის, რომელიც მან წელიწად-ნახევრის წინ აღმითქვა. ამ პერიოდში ჩვენ გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიეთ.
რაც შეეხება განვლილ სეზონს, ნაჩვენები შედეგით კმაყოფილნი ვერ ვიქნებით, რადგან მეტი მოლოდინი გვქონდა. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ სამეულში უნდა მოვხვედრილიყავით. ამისათვის გუნდმა ყველანაირი ღონისძიება გაატარა. სეზონისთვის გუნდი თურქეთში მაღალ დონეზე მოემზადა, სადაც საკონტროლო მატჩებში დამაკმაყოფილებელი შედეგები ვაჩვენეთ.
ჩემპიონატის საწყისი ეტაპიც შესანიშნავი გვქონდა, ყველა ელოდებოდა ჩვენი გუნდისგან უკეთეს შედეგს. თუმცა პატარა ჩავარდნა ჩვენც გვქონდა, ეს პერიოდი გაიწელა, სტაბილურობის მხრივ მოვიკოჭლეთ, რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ კონკურენტებს ჩამოვრჩით.
"ვიტ-ჯორჯიამ", ფაქტობრივად, ყველა მოწინააღმდეგესთან 4 მატჩის ჯამში, "რუსთავის", "მერანისა" და "ცხინვალის" გარდა, 50%-ზე მეტი ქულა დააგროვა.
- რას გეგმავს სამომავლოდ კლუბი?
- "ვიტ ჯორჯია" არის კლუბი, რომელსაც პროგრამა-მინიმუმი არ გააჩნია და იბრძვის ყოველთვის მაქსიმალური შედეგებისთვის. მომავალი სეზონისთვის ჩვენი მიზანი კვლავ უცვლელი იქნება.
კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება უმთავრესი ამოცანაა, რომელსაც სულ ახლახან 20 წელი შეუსრულდა და ამ პერიოდში თავისი ნიშა დაიმკვიდრა ქართულ ფეხბურთში.
ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკებები ფეხბურთელებთან, რომლებიც ეროვნული ლიგა ერთისა და ლიგა ორის გუნდებში გამოდიოდნენ. სიმართლე გითხრათ, შემადგენლობის მხრივ ძირეულ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. ჩვენ გვყავს ბირთვი, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი, იბრძოლოს უმაღლესი მიზნებისთვის.
გვჭირდება კონკრეტულ პოზიციებზე გაძლიერება და ვიცით, ვინ გვჭირდება.
სეზონის მსვლელობისას ახალგაზრდებსაც მიეცემათ საშუალება თავის გამოჩენის მთავარ გუნდში. აწ განვლილ სეზონსაც რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, რომ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება არაერთ ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცა: ნიკა ქავთარაძე, ირაკლი ზარიძე, გიორგი გვასალია, დიმიტრი ხუციანიძე - ეს ბიჭები 18-19 წლისანი არიან.
- როგორ ფიქრობ, ეროვნული ლიგა 2-ში მომავალ სეზონში კონკურენცია უფრო ხომ არ იზრდება? იგივე მომავალ სეზონში ითამაშებს ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა" და ა.შ...
- რა თქმა უნდა, გასულ სეზონთან შედარებით, უფრო მაღალი იქნება კონკურენცია და უფრო გართულებული იქნება ჩვენი ამოცანის შესრულება, მაგრამ ჩვენ შეგვწევს ძალა, გვყავს გუნდი, რომელიც არცერთ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში არაფერს დაუთმობს.
- "ვიტ-ჯორჯიის" აკადემიაზეც გკითხავთ, რა სიახლეებია და რატომ უნდა გააკეთოს თუნდაც მშობელმა არჩევანი, რომ მოიყვანოს თქვენთან აკადემიაში და არ აირჩიოს სხვა?
- ჩვენი კლუბი ძირითად აქცენტს აკეთებს საკუთარ აღზრდილ მოთამაშეებზე და ძირითადი გუნდი წლების განმავლობაში იღებდა შევსებას სწორედ ასაკობრივი გუნდებიდან. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ "ვიტ ჯორჯია" არის ერთადერთი ქართული კლუბი, სადაც ლეგიონერს არ უთამაშია, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებს დიდ ასპარეზს ვთავაზობთ.
მიმაჩნია, რომ გუნდში სელექციის მიმართულებით სწორი მუშაობა მიმდინარეობს. თუნდაც ჩვენ მოვიყვანეთ "ჩიხურადან" მეკარე ნიკა ქავთარაძის სახით, რომელმაც მეორე გუნდში დაიწყო თამაშები, საქართველოს 20-წლამდელთა სანაკრებო შტაბის ყურადღება მიიპყრო და ნაკრებთან ერთად არაერთი მატჩი ჩაატარა. გავიხსენოთ თუნდაც ალბანეთის 21-წლამდელთა გუნდთან ამხანაგური შეხვედრა. ჩვენმა მეკარემ პენალტი მოიგერია და კარი მშრალად შეინახა.
შემდეგ კი მას დებიუტიც ჰქონდა "ვიტ ჯორჯიის" ძირითადი გუნდის მთავარ შემადგენლობაში.
იგივე ირაკლი ზარიძე, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მუდმივად იძახებენ და მას "ვიტ ჯორჯიის" თითქმის ყველა ასაკობრივ დონეზე აქვს ნათამაშები.
"ვიტ-ჯორჯიას" შეუძლია აღზარდოს ნიჭიერი ფეხბურთელები, კლუბს ამის გამოცდილება აქვს.
ჩვენ ბევრ გუნდთან შედარებით კარგი ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია. ამჟამად გამოცხადებულია სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში მოსახვედრად სინჯები. წელიწადში ორჯერ-სამჯერ ვაცხადებთ მიღებას. ნიჭიერი ბავშვები საერთოდ გათავისუფლებულნი არიან ყველანაირი გადასახადისგან, ხოლო თუ დავინახეთ, რომ ისინი აგრძელებენ პროგრესს, ჩვენ ვთავაზობთ კონტრაქტს და შესაბამის ჰონორარს.
- როგორ შეაფასებ კლუბის მომავალ თაობას? შესწევს ძალა, რომ ის შედეგები გაიმეოროს, რაც ადრე "ვიტ-ჯორჯიას" ჰქონდა?
- რომ არა კლუბის სწორი მუშაობა ახალგაზრდულ გუნდთან მიმართებაში, ვერ მივიღებდით იმ შედეგს თუნდაც, რასაც მივაღწიეთ ირაკლი ზარიძისა და ნიკა ქავთრაძის შემთხვევაში.
ვერ მივიღებდით იმ შედეგს, რომელიც ჩვენმა სარეზერვო გუნდმა აჩვენა. მოგეხსენებათ, "ვიტ ჯორჯია 2" მონაწილეობას იღებდა რეგიონული ლიგის გათამაშებაში. ახალგაზრდა ნიჭერი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ტურამდე შეინარჩუნა ლიგა 3-ში მოსახვედრი შანსი და პირველ ადგილზე გასულ გუნდს 4 ქულით ჩამოვრჩით, პლეი-ოფის ზონასთან კი ჩამორჩენა მხოლოდ ქულა გვქონდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს ლიგაში მოხვედრამდე ცოტა დაგვაკლდა, მეორე ეტაპი კი მეორე საფეხურზე დავასრულეთ. ფაქტობრივად, ეს იყო სულ ახალი გუნდი, რომელიც სეზონის სტარტზე შევკრიბეთ და საგულისხმოა, რომ 2000 წელს დაბადებულთა გუნდიდან ერთ მოთამაშეს, გოგა ხულორდავას, სეზონის მსვლელობისას კონტრაქტი შევთავაზეთ და მას ახლა კლუბთან კონტრაქტიც აკავშირებს.
- როგორია შეხედულება განახლებულ ჩემპიონატზე, რას ხედავ მთავარ პრობლემად? იგივე ბოლო პერიოდში ტოტალიზატორებმა აქტიურად დაიწყეს გაშუქება ქართული ლიგების. ხომ არ არის რაიმე საეჭვო ფაქტები?
- ვფიქრობ, რომ ამ პროექტმა და ფორმატმა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ შემოგვთავაზა, გაამართლა. ჩვენ ვიხილეთ დრამატული საჩემპიონო მატჩი, რომელსაც მსოფლიოს არაერთი პოპულარული გამოცემა გამოახმაურა, იგივე ესპანური "მარკა", იტალური "გაძეტა დელო სპორტი" და ა.შ. მივიღეთ დაძაბული ფინალი საქართველოს თასზე.
ვნახეთ, თუ როგორ შეუძლია გაუწიოს კონკურენცია რანგით დაბალ ლიგაში მოთამაშე გუნდმა ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე კლუბს.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატის ლიგები ტოტალიზატორების თვალთახედვაში მოექცა, მე ამაში ნეგატიურზე მეტს პოზიტიურს ვხედავ, რადგან შანსია იმის, რომ ჩვენი გუნდები მოექცნენ ინტერესის სფეროში და დიდ ევროპულ საფეხბურთო ოჯახში შევიდნენ. რაც შეეხება საეჭვო ფაქტებს, ნამდვილად არ შემინიშნავს.