კახა ჩხეტიანი: უფლის სასწაული იქნება, ამჟამად ქართული კლუბი ევროთასებზე რომ გავიდეს

AutoSharing Option
ქუთაისის ''ტორპედომ'' 15 წლის შემდეგ ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა.

იმერლებს ამ სეზონში დუბლის შესრულებაც შეეძლოთ, თუმცა დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში საჩხერის ''ჩიხურასთან'' დამარცხდნენ.

საინტერესოა, რა ხდება ამჟამად ''ტორპედოში''. Sportall.ge კლუბის მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- ქუთაისელი გულშემატკივარი 15 წელი ამ წარმატებას ელოდა და კლუბმა ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა...
- მეც 15 წელი ველოდებოდი... ახლა ვარ "ტორპედოს" მწვრთნელი, მაგრამ ბავშობიდან ამ კლუბის გულშემატკივარი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ ყველამ ერთად გავიხარეთ.


- რას გრძნობდით იმ დროს, როდესაც მატჩის ბოლო წამებზე თქვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა?
- რა ვიცი, რა უნდა იგრძნო... ერთადერთი, მაგ დროს უფლის იმედზე ხარ. ერთ წამში შესაძლებელი იყო, 15-წლიანი უიღბლო სერია დასრულებულიყო, მეორე მხრივ კი, გაგრძელებულიყო. როინ კვასხვაძის ვაჟკაცობა კიდევ ერთხელ მინდა გამოვყო. გულში ბოლომდე მჯეროდა, რომ იგი პენალტს მოიგერიებდა.

- თბილისის "დინამო" ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში დიდი სხვაობით გისწრებდათ, მაგრამ გუნდი არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა...
- რაღაც მიზანს რომ დაისახავ, უნდა გააკეთო... ხელს თუ ჩაიქნევ, არაფერი გამოვა. როდესაც შანსი გაქვს, ყველაფერი უნდა გაიღო და ჩვენმა ბიჭებმაც ეს შანსი გამოიყენეს, მათ ბოლომდე იბრძოლეს.

- როდესაც გუნდი ჩაიბარეთ, ფინანსურად და შემადგენლობის მხრივაც რთული მდგომარეობა იყო. რა შეიცვალა ამის შემდეგ?
- პირველ რიგში, ეს ფეხბურთელებმა შეცვალეს. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი ჩავდეთ ამ წარმატებისთვის. ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ არა მარტო იმ 11 ფეხბურთელის იმედი მქონდა, ვინც თამაშობდა, არამედ სხვა დანარჩენისაც. ამ ყველაფერმა მოიტანა შედეგი.

- ქუთაისელი გულშემატკივრის საქციელზეც გკითხავთ... "დინამოსთან" გამარჯვების შემდეგ თქვენმა გულშემატკივრებმა "დინამო არენაზე" სკამები დაამტვრიეს...
- დამეთანხმება ყველა, რომ ქუთაისელი გულშემატკივარი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. ეგ არის ემოცია, რომელსაც გულშემატკივარი გამოხატავს. ზოგი ასეთი ფორმით გამოხატავს, ზოგიც სხვანაირი. იმას არ ვამბობ, რომ კარგი საქციელი იყო, მაგრამ მაგაზე უარესებიც ხდება. მაგაზე დიდი ამბის ატეხა არ იყო საჭირო. ემოციაა ჩვეულებრივი და ვერ გაიგებ, ერთ წამში ადამიანი უცბად შეიძლება არაადეკვატური გახდეს. მათაც იციან, რომ ეს კარგი საქციელი არ იყო და დარწმუნებული ვარ, მომავალში აღარ განმეორდება.


- გუნდის ბირთვზე რომ გვითხრათ, მომავალში შენარჩუნდება თუ არა შემადგენლობა და მოსალოდნელია თუ არა გაძლიერება?
- ჩემი აზრით, ბირთვი შენარჩუნდება. ფეხბურთელები გაგებით ეკიდებიან ფინანსურ მხარეს და ბევრ რაღაცაზე ამბობენ უარს.

- სად აპირებს კლუბი შეკრების გავლას?
- შეკრებას, სავარაუდოდ, თურქეთში 4-დან 8 თებერვლის ჩათვლით გავივლით. მოწინააღმდეგეების ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.

- დავით ყიფიანის თასის ფინალზე რას იტყოდით? თქვენ ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდით...
- ჩემი აზრით, უპირატესობას ვფლობდით. დასანანი იყო, რომ თორნიკე კაპანაძემ ორი დღით ადრე ტრავმა მიიღო, ლაშა კუჭუხიძეც ტრავმირებული გვყავდა და ფაქტობრივად, თავდამსხმელის გარეშე ვიყავით დარჩენილები. შეტევაში სიმწვავე გვაკლდა, ასევე, მატჩში პენალტი ვერ გავიტანეთ... თერთმეტმეტრიანების სერია კიი ლატარიაა, იქ ყოველთვის 50-50-ზეა და ამ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიმართლა.

- თქვენ გასულ სეზონში "ტრენჩინთან" მარცხის შემდეგ განაცხადეთ, რომ ქართული ფეხბურთი ევროპულთან შედარებით 20-30 წლით უკანაა. რას იტყვით ახლა?
- მართლა ასეა... მარტო ახლა დაიწყო, ჩემპიონატმაც გაამართლა თავისი დაძაბულობით და აქედან გამომდინარე, ხარისხმაც მოიმატა, მაგრამ ის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ისინი სხვაგან არიან, ჩვენ სხვაგან. უფლის სასწაული იქნება, ამ ეტაპზე ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდეს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
mag gundit evropa ligaze ra gindat, 3,4 kazis garda kvela gasashvebia, eg xalxi tanamedrove fexburtshi ver erkveva, araferi gveshveleba.
0
ტორპედოს მფლობელს მიმართეთ პრეტენზიებით მწვრთნელი მოდის და მიდის გუნდიდან.
იმერელი 2
15:39 12-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული