ეროვნული ლიგა. XIII ტური: დეზორგანიზებულმა "რუსთავმა" "საბურთალოს" ვერ გაუძლო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "საბურთალომ" "რუსთავი" 2:1 დაამარცხა.

ეს მატჩი უპირველეს ყოვლისა იმით იწვევდა ინტერესს, რომ "რუსთავს" მწვრთნელი ვარლამ კილასონია დაუბრუნდა, რომლის ნაცვლადაც გუნდი ზედ სეზონის დაწყების წინ რატომღაც ვლადიმირ გაზაევს ჩააბარეს და რომელმაც იმედები ვერ გაამართლა. შედეგად, ის სამუშაოდან დაითხოვეს და თან 4 ფეხბურთელიც წაჰყვა. ამან რა თქმა უნდა, "რუსთავს" საკადრო პრობლემები შეუქმნა, მითუმეტეს 2 მოთამაშე დისკვალიფიცირებული ჰყავს.

რაც შეეხება "საბურთალოს", წინა ტურში მოულოდნელად გორში "დილასთან" განადგურდა (1:4), თუმცა ლიდერობა შეინარჩუნა.

მატჩი საშუალო ტემპში მიმდინარეობდა და დებიუტში ნაკუთხურალ ბურთს
ადგილი კვირკველიამ კუპატაძის კარის ბადეში მიუჩინა, 36-ე წუთზე კი მანვე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა გუნდის მეკარე კუპატაძემ საჯარიმოს გარეთ მოცელა სტუმართა გუნდის ნახევარმცველი მათე კვირკვია და მსაჯმა გააძევა. ამის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა "საბურთალომ" ცოტა ხანი დაცვაში გაატარა, იერიშები მოიგერია და იქით შეუტია: გვარაძემ ბურთი ძელს გაარტყა, ტერას რევიშვილმა არ დაანება გოლის გატანა, მერე კი შეცვლაზე შესულმა ვოლკოვმა დრიბლინგისას სისწრაფეში დაჯაბნა ვეტერანი კვირკველია, ამ უკანასკნელმა თამაშის წესების დარღვევით მოცელა საკუთარ საჯარიმოში და თერთმეტმეტრიანი კოხრეიძემ გამოიყენა - 2:1.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, მიუხედავად კაცნაკლულობისა, "საბურთალომ" მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა. "რუსთავის" მწვრთნელს კი დეზორგანიზებული გუნდის ფორმაში დასაბრუნებლად დიდი შრომა და ჯაფა დასჭირდება და ორკვირიანმა სანაკრებო პაუზამ შეიძლება ითქვას, სულზე მოუსწრო.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
საბურთალო - რუსთავი 2:1
გოლები: 0:1 კვირკველია (8), 1:1 კვირკველია (36, ავტოგოლი), კოხრეიძე (78, პენ)
გაძევება: კუპატაძე (47)

საბურთალო (4-3-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, გურამ გოშთელიანი (გიორგი კოხრეიძე 53), ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, ელვინ ტერა, ბექა გვარაძე, თორნიკე გორგიაშვილი (დავით ვოლკოვი 70), ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე (ბექა ქურდაძე 50), გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

რუსთავი (4-1-4-1): ნუკრი რევიშვილი (კ), ლევან გეგეჭკორი, გიორგი პაპავა, მათე ცინცაძე, თამაზ მაქაცარია, ბექა მიქელთაძე (თორნიკე კირკიტაძე 61), მათე კვირკვია (თემურ ჩოგაძე 49), დავით კვირკველია (რევაზ ბარაბაძე 82), პაპუნა ფონიავა, ავთო ენდელაძე, ზაზა ციცქიშვილი

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული