ლაშა შინდაგორიძე: არ ვნანობ უნგრეთში წასვლასა და იქ თამაშს

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც უნგრეთის "ბალმაზუივაროში" თამაშობდა, თბილისის "საბურთალოში" დაბრუნდა.

უნგრული გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა, ხოლო ფეხბურთელი, კონტრაქტის მიხედვით, "საბურთალოს" დაუბრუნდა.

სამწუხაროდ, ლაშა ოთხი თვეა იძულებით ისვენებს - მას, ჯვარედინი იოგები გაუწყდა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის.

"საბურთალოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერა და ჯანმრთელობის შესახებ დაეკითხა.

- ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. რაც დრო გადის, უკეთ ვგრძნობ თავს. 3 კვირაა ინდივიდუალური პროგრამით ტრენაჟორებზე დავიწყე სიარული. ზოგადად, ამ ტრავმის მიღების შემდეგ, 4 თვის გასვლის მერე იწყებენ ძუნძულს. ვფიქრობ, აგვისტოს ბოლოს
მეც შევუდგები ძუნძულს.

- უფეხბურთოდ, ალბათ, ძალიან გიჭირთ…
- ახლა კიდევ გამომიკეთდა ხასიათი, რადგან მკურნალობის ბოლო ეტაპზე ვარ. თავიდან, ძალიან უხასიათოდ ვიყავი, სიარულიც კი მიჭირდა. ახლა კი უკვე ვარჯიშის დაწყების მოლოდინში ვარ.

- "ბალმაზუივაროშში" გატარებულმა პერიოდმა რა შეგძინათ?
- ტრავმა კი მივიღე, მაგრამ მსგავსი დაზიანება ნებისმიერ კლუბში შეიძლება დაგემართოს. არ ვნანობ უნგრეთში წასვლასა და იქ თამაშს. უნგრეთის ჩემპიონატი პროგრესს განიცდის. ეს ფაქტორი ქვეყნის ჩემპიონის წარმატებული თამაშიდანაც ცხადყოფს ჩემპიონთა ლიგაზე.

ვფიქრობ, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგი ტრამპლინია. შარშან უნგრეთის ჩემპიონატიდან "ლევანტეში" გაიყიდა ფეხბურთელი. მსგავსი მაგალითები იქ ბევრია. კარგი იყო, რომ არც ტრავმა მიმეღო და არც კლუბი გავარდნილიყო უძლიერესთა რიგებიდან, მაგრამ… ახლა ყველაფერს ნულიდან ვიწყებ.

- უნგრეთის ჩემპიონი "ვიდეოტონი" ახსენეთ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშია გასული. რა ძალას წარმოადგენს?
- ევროპაში აქცენტს ფიზიკურ კონდიციებზე აკეთებენ. არც "ვიდეოტონია" გამონაკლისი. ხსენებულ კლუბში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, სისტემატურად ასპარეზობს ევროტურნირებზე. კვალიფიციური ფეხბურთელების შეძენაში ფინანსებსაც არ იშურებენ. დაახლოებით 2-3 მილიონს იხდიან მათთვის სასურველ სპორტსმენში.

- "საბურთალოს" თამაშების ყურება ჯერჯერობით ტრიბუნიდან გიწევთ. როგორია იქიდან დანახული გუნდი?
- ცუდია ის, რომ ტრიბუნიდან ვუყურებ "საბურთალოს" თამაშებს, მაგრამ იმედია, მალე დავეხმარები კლუბს. წლეულს ყველაზე კარგი და გამორჩეული გუნდია. შარშანდელ სეზონზეც სერიოზულ ძალას წარმოვადგენდით, მაგრამ ცოტა დაგვაკლდა, რომ ევროტურნირების საგზური მოგვეპოვებინა.

- "საბურთალო"-"დილას" თამაშზე რას იტყვით, რა დააკლდა კლუბს გამარჯვების მისაღწევად?
- შეიძლება ითქვას, ერთი გოლის მატჩი იყო. მოწინააღმდეგე უკნიდან თამაშობდა, ძირითადად, კარის უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული. ასეთ დროს კი ძალიან ძნელია გოლის გატანა. რა თქმა უნდა, მოგება ჯობდა, მაგრამ არც ფრე იყო ჩვენთვის ტრაგედია. ხუთქულიანი ჰანდიკაპი ძალაში რჩება.

- შარშანდელი სეზონის შემდეგ გაზრდილია "საბურთალო"?
- ერთ-ერთი მიზეზი, რამაც შარშან წარმატების მიღწევაში ხელი შეგვიშალა, ხშირი ტრავმიანობა იყო. წლეულს, ძალიან დიდი კონკურენციაა გუნდში, სამწვრთნელო შტაბს დიდი არჩევანი აქვს, თუ რომელი ფეხბურთელი ათამაშოს ამა თუ იმ შეხვედრაში. თუ გავიხსენებთ გასულ წელს, იყო მატჩები, სადაც მარჯვენა მცველად ვითამაშე. ეს იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროს ამ პოზიციაზე მყოფ ფეხბურთელებს ტრავმები ჰქონდათ.

- წლეულს, "საბურთალოს" რეალურად აქვს შანსი, რომ ჩემპიონობა მოიპოვოს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამისთვის საჭირო?
- "საბურთალო" ყველა ქართული გუნდისგან განსხვავდება. ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს თავიანთი ხედვა და გეგმები აქვთ. გათამაშების ცხრილში ქვედა პოზიციებზე მყოფ კლუბებთან ქულები არ უნდა დავკარგოთ, ხოლო უშუალო კონკურენტებთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და წარმატებებს მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, "საბურთალო" ჩემპიონი გახდება.

- დაბოლოს - თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ წლეულს "საბურთალოს" მაისურით რამდენიმე მატჩი მაინც ჩაატაროთ?
- მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბოლო მატჩებში ვითამაშო, მაგრამ ისეთი ტრავმა მივიღე, რომ აღნიშნულ დაზიანებას სიჩქარე არ უყვარს. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული