"ბევრი აკრიტიკებდა ვლადიმირ ვაისს, მაგრამ მერწმუნეთ, ნაკრების პროგრესი აშკარად იგრძნობოდა"

AutoSharing Option
ფოტო: eliga.ge

დავით თარგამაძე იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის იმედი ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებულად ჰქონდათ, მაგრამ მას ტრავმებმა შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი არაერთხელ შეუშალა. იყო პერიოდი, თარგამაძე ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ და გერმანიაში "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშობდა. ახლა კი ნაკრების ყოფილი წევრი "საბურთალოშია" და ყველაფერს თავიდან იწყებს...

- ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნება ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიურადაც უჭირს, არსებობს გარკვეული შიშის მომენტი. შენს შემთხვევაშიც ასე იყო?
- გარკვეულწილად, კი და ეს ბუნებრივიცაა. როდესაც რამდენიმე ოპერაციის შემდეგ უბრუნდები სავარჯიშო პროცესს, არის შიშის
მომენტი, რომ ტრავმა კვლავ არ მიიღო, მაგრამ ეს შიში აუცილებლად უნდა დაძლიო, თორემ არაფერი გამოვა. ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "საბურთალოს". ეს გუნდი ყველანაირად გვერდში მიდგას.

- შენი ფეხბურთში დაბრუნება ყველას გვახარებს. სავარაუდოდ, გექნებოდა შემოთავაზებები უკრაინიდანაც, ამ ქვეყნის ჩემპიონატში ხომ არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარე...
- გარკვეული შემოთავაზებები მართლაც იყო, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავე. მირჩევნია, საქართველოში ვითამაშო, შინაურ გარემოში და აქ აღვიდგინო ძველი კონდიციები. ისე კი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რთულ პერიოდში უკრაინელები დიდ ინტერესს იჩენდნენ ჩემი ჯანმრთელობის მიმართ.

- "საბურთალოზე" რას გვეტყვი? თბილისური გუნდი ბევრისთვის მოულოდნელად ჩემპიონატის ლიდერია...
- "საბურთალო" ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა განვითარდეს კლუბი. პრაქტიკულად, ამ მწვრთნელით და ამ შემადგენლობით ქვედა ლიგიდან დაიწყეს და ახლა სადაც არიან, თავად ხედავთ. დარწმუნებული ვარ, "საბურთალოს" პროგრესი კვლავ გაგრძელდება და რაც მთავარია, გუნდი სტაბილურობას შეიძენს.

გია ჭიაბრიშვილთან მუშაობა მართლაც ერთი სიამოვნებაა. მისი მეშვეობით გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი და ამის გარეშე კი რაიმე სახის წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია. "საბურთალოში" სწორად რომ მუშაობენ, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებში ამ გუნდიდან ყოველთვის მრავლად იძახებენ ფეხბურთელებს.

- ერთია საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული თამაში და მეორე ევროტურნირებზე ასპარეზობა. როგორ ფიქრობ, ამ ფორმაციის "საბურთალოს" რა პერსპექტივა აქვს ევროთასებზე?
- გუნდი საკმაოდ ტექნიკურ, სწორ ფეხბურთს თამაშობს. მრავლად არიან ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც გამოცდილებას თანდათანობით იძენენ. მთავარი კომპონენტი, რაშიც მოსამატებელი გვექნება, ფიზიკური კონდიციებია. ვფიქრობ, ევროტურნირებამდე კიდევ უფრო შევთამაშდებით და გავძლიერდებით.

- ეროვნულმა ლიგამ შენზე რა შთაბეჭდილება დატოვა? ბევრის აზრით, გუნდების რაოდენობის ათამდე შემცირებას აშკარად დადებითი შედეგი ჰქონდა...
- პროგრესი რომ არის, ეს უდავოა. პრაქტიკულად, არ არსებობს ჩემპიონატში იოლი მატჩი. "საბურთალოსთან" ერთად, მინდა გამოვარჩიო ჩვენი კონკურენტები "დინამო" და გორის "დილა", რომლებიც ასევე კარგად თამაშობენ. როგორც წლების წინ იყო, გუნდებს ახლა ელემენტარული პრობლემები აღარ აწუხებთ.

მთავარი ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარებაა. ამ მხრივაც ბევრია გაკეთებული და როგორც ვიცი, ახლაც კეთდება. თუ მივაღწევთ იმას, რომ ყველა გუნდს არა მარტო სტადიონი, არამედ ნორმალური საწვრთნელი ბაზაც ექნება, სადაც ფეხბურთელებს თამაშის და ვარჯიშის შემდეგ აღდგენა შეეძლებათ, პროგრესი კიდევ უფრო აშკარა იქნება.

- საინტერესოა შენი შეფასება ეროვნულ ნაკრებზე, ტრავმიანობამდე ხომ ნაკრების წევრი იყავი...
- მიუხედავად იმისა, რომ განვლილ შესარჩევში თამაში ვერ მოვიგეთ - რის გამოც ბევრი აკრიტიკებდა მთავარ მწვრთნელს, მერწმუნეთ, გუნდის პროგრესი აშკარად იგრძნობოდა - მე, როგორც ფეხბურთელს, ამის თქმა არაერთ სათამაშო კომპონენტზე შემიძლია. ფაქტია, ნაკრები ახლა გაცილებით ბრძოლისუნარიანია, კარგად ორგანიზებულია და ეს ჯერ ყაზახეთთან და შემდეგ ლატვიასთან მატჩებშიც გამოჩნდა.

მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამო და გორის დილა მხოლოდ ხო?
ასეთი კლუბი თუ გაგიგია სახელად ტორპედო, ამას წინათ გახოხათ.
გიორგი
01:38 06-10-2018
2
ბიჯო სხვისი ლანძღვა რატომ უხარია ამ ხალხს?! თარგამაძეს ფეხი მოტეხეს სიზარმაცე რა შუაშია
ზვიადი
20:04 05-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული