ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი

AutoSharing Option
დაახლოებით ერთი თვეა, რაც გამოცდილი მეკარე ომარ მიგინეიშვილი "საბურთალოს" რიგებში ჩაირიცხა. ჩემპიონთა შემადგენლობაში გოლკიპერმა სადებიუტი მატჩი რუმინულ "ვიტორულთან" გამართა. შეხვედრა თბილისელებმა 2:1 მოიგეს.

"საბურთალოს" ვებგვერდმა ომარ მიგინეიშვილთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ:

- ომარ, როგორ მიმდინარეობს თურქული შეკრება, როგორ ემზადება გუნდი?
- ძალიან კარგი და წყნარი გარემოა აქ, ყველანაირი პირობაა, რომ საუკეთესოდ მოემზადო. ვემზადებით არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატისთვისა და თასისთვის, არამედ ევროტურნირებისთვისაც. თუმცა, მანამდე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუპერთასი გვაქვს სათამაშო, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. გვინდა, სტარტი წარმატებული გამოგვივიდეს. დანარჩენს დრო
გვიჩვენებს.

- მართალია, ამხანაგური შეხვედრა იყო, მაგრამ პირველად მოირგეთ "საბურთალოს" მაისურა. როგორ შეაფასებთ "ვიტორულთან" მატჩს?
- რუმინელებისთვის ბოლო საკონტროლო შეხვედრა იყო, ჩვენთვის კი პირიქით, პირველი. აქედან გამომდინარე, რუმინელები სათამაშო ფორმის პიკში იყვნენ. თუმცა, შევძელით და გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, მიუხედავად გამოცდილებისა, პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ მჯერა, მალე ყველაფერი კარგად იქნება.

- "საბურთალო", სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით, განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. როგორ შეეწყვეთ ახალ კლუბს?
- "საბურთალო" სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. მიყვარს და მომხრე ვარ შემტევი ფეხბურთის. ასეთ დროს, მეკარეზეც ბევრია დამოკიდებული. ვეცდები, კარგად წარმოვაჩინო თავი და დავეხმარო გუნდს დიდი მიზნების მიღწევაში.

- რამდენიმე ქართულ კლუბში გითამაშიათ. რით განსხვავდება "საბურთალო" სხვა ქართული კლუბებისგან?
- ძალიან საინტერესო ვარჯიშებია, კლუბში დისციპლინა მაღალ დონეზე დგას, პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობენ, დაწყებული 17 წლის ასაკიდან, ყველაზე უფროსით დამთავრებული. მწვრთნელთა შტაბი დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ "საბურთალო" წარმატებული კლუბია.

- რას უნდა ველოდოთ წლეულს "საბურთალოსგან"?
- ვიცი, რომ ჩვენს გულშემატკივარს დიდი მოლოდინი აქვს. ამ ადამიანებს იმედები არ უნდა გავუცრუოთ. წინ დატვირთული, თუმცა საკმაოდ საინტერესო სეზონი გველის. ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რაც დამატებითი მოტივაციაა "საბურთალოსთვის". ეროვნული პირველობა, ქვეყნის თასი, სუპერთასი და ევროსარბიელი - ეს ის ტურნირებია, სადაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

alt"საბურთალომ" თურქულ შეკრებაზე რუმინეთის "ვიტორული" დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 1 /
35 წლის ბიჭი ამხანაგურზე როგორ ნერვიულობდი, სირცხვილია.
დინამო
12:30 28-01-2019
0

სიახლეები პოპულარული