ეროვნული ლიგა. X ტურის წინ: ბათუმი ჩემპიონს ელის

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923/

ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა, რომლის ჩემპიონიც თბილისის "საბურთალო" გახდა. მას ერთბაშად სამი მეტოქე მოსდევდა, თუმცა 3 ქულის მოპოვება მხოლოდ ბათუმის "დინამომ" მოახერხა და 9 ტურის თავზე "საბურთალოს" უმთავრესი მდევარი სწორედ აჭარული კლუბია.

ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად "ჩიხურას" დამრიგებელი სოსო ფრუიძე დაასახელა, რომლის გუნდმაც პირველ წრეში მხოლოდ 1 მარცხი განიცადა; საუკეთესო ფეხბურთელი კი ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძე გახდა, რომელმაც 9-დან 5 მატჩში შეინახა კარი მშრალად.

რუსთავი-ლოკომოტივი
გასულ ტურში კონკურენტ "დილასთან" (1:2) მარცხის შემდეგ "რუსთავმა" ეროვნული ლიგაში საქმე
კიდევ უფრო გაიფუჭა. ის ბოლო ადგილზეა და ამ მატჩში კიდევ ერთ კონკურენტს, თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, რომელსაც ასევე ცუდი პერიოდი უდგას და ჰაერივით სჭირდება ქულების მოპოვება.

პირველი წრის შემდეგ "რუსთავს" გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად 8 ქულის "ამოქაჩვა" სჭირდება. სწორედ ამდენით ჩამორჩება მე-7 ადგილზე მყოფ "სიონს".

ქვემოქართლელები მეორე წრეს ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდებიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლუბი ბადრი კვარაცხელიამ დატოვა, მის ადგილას კი ვარლამ კილასონია დაბრუნდა, რომელიც "რუსთავს" გასულ სეზონში წვრთნიდა.

საწყისი სამი ტურის კარგად ჩატარების შემდეგ "ლოკომოტივში" ნამდვილი კრიზისია. გუნდმა ბოლო 6 შეხვედრიდან ყველა წააგო. ამ პრობლემას ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა, ორიდან ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 1:2 დათმო.

თბილისელებს მომავალ შეხვედრაში ირაკლი კომახიძე დააკლდებათ, რომელმაც ბათუმის "დინამოსთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

"რუსთავის" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება 24 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

დინამო(ბთ)-საბურთალო
ტურის ცენტრალური მატჩი გათამაშების ლიდერებს შორის ბათუმში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "დინამო" "საბურთალოს" მიიღებს.

თბილისელები პირველი წრის ჩემპიონები არიან, აჭარლები კი ფეხდაფეხ მიჰყვებიან და სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში ცხრილის სათავეშიც გადაინაცვლებენ.

გასულ ტურში ბათუმელებმა "ლოკომოტივი" ბოლო წამებზე ბრაზილიელი ჯოვანი ფლამარიონის გოლით დაამარცხეს, რომელმაც აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა.

"საბურთალომ" კი "სიონი" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"დინამოს" მოახლოებულ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო რომან ჭანტურია დააკლდება, მოქმედ ჩემპიონებს კი ვლადიმერ დვალიშვილი ვერ დაეხმარებათ, რომელმაც წინა შეხვედრის ბოლო წუთებზე ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად კი აჭარელთა მეკარე მიხეილ ალავიძე დასახელდა. მან 9-დან 5 მატჩში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

ეს კლუბები ერთმანეთს სულ 10-ჯერ შეხვდნენ. 7-ჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 2-ჯერ - ბათუმელებს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

"დინამოს" და "საბურთალოს" შეხვედრა 24 აპრილს, 21:00 საათზე, ანგისას ბაზაზე გაიმართება.

სიონი-ტორპედო
"სიონი" გასულ ტურში "საბურთალოსთან" დამარცხდა და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. ახლა მასსა და მე-8 ადგილზე მყოფ "დილას" შორის მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობაა.

ბოლნისელებს გამარჯვება ესაჭიროებათ, თუმცა მეტოქე ძალიან უხერხულია.

ბოლნისელთა რიგებში ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა უგულავა თამაშობს, რომელმაც გასულ 9 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. ამიტომ ქუთაისელები მას განსაკუთრებით მოერიდებიან.

კახა ჩხეტიანის შეგირდებმა გასულ ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს და პირველი წრე მესამე პოზიციაზე დაასრულეს, რითიც ქუთაისელთა დამრიგებელი კმაყოფილი არ არის.

alt"პირველ წრეს დადებითად ვერ შევაფასებ" - ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან

ეს კლუბები ეროვნული ლიგის ფარგლებში ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და ხუთივეჯერ გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ.


ბოლნისის "სიონის" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება 25 აპრილს, 16:00 საათზე, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ჩიხურა-დინამო(თბ)
საჩხერის "ჩიხურა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, რომელიც გასულ ტურში მოულოდნელად "ვიტ ჯორჯიასთან" (0:1) დამარცხდა.

"ჩიხურას" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ კომპონენტით ეროვნულ ლიგაში საუკეთესოა. საჩხერელებმა პირველ წრეში ერთადერთი წაგებული შეხვედრა სწორედ მომავალ მეტოქესთან დათმეს.

მათი დამრიგებელი სოსო ფრუიძე ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად დაასახელა. ფრუიძემ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ კლუბი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, მაინც შეძლო ბრძოლისუნარიანი გუნდის შეკრება.

"ჩიხურა" ამ დროისთვის 14 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და მესამეადგილოსან "ტორპედოს" 3 ქულით ჩამორჩება, მომავალ მეტოქეს კი - მხოლოდ 2-ით.

"დინამოს" კი ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ კარგი პერიოდი ჰქონდა, თუმცა წაუგებელი მატჩების სერია "ვიტ ჯორჯიასთან" მოულოდნელი მარცხით დასრულდა.

თბილისელთა რიგებში ყველაზე გამორჩეული ლევან შენგელიაა, რომელმაც უკვე 5 გოლის და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო; პოკერი შეასრულა სენაკის "ეგრისთან" მატჩშიც.

გუნდები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობებით ხვდებიან.

საჩხერის "ჩიხურასა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრა 25 აპრილს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ვიტ ჯორჯია-დილა
წინა ტურში თბილისის "დინამოს" დამმარცხებელი (1:0) "ვიტ ჯორჯია" ამჯერად გორის "დილას" მიიღებს, რომელსაც ცუდი პერიოდი უდგას.

მიუხედავად იმისა, რომ გორელებმა წინა ტურში აუტსაიდერი "რუსთავი" დაამარცხეს, მაინც გასავარდნ ზონაში არიან, რადგან იქამდე ზედიზედ სამი შეხვედრა დათმეს.

"ვიტ ჯორჯია", ეროვნული ლიგის დებიუტანტის კვალობაზე, კარგად გამოიყურება, 9 ტურში საკუთარ კარში 8 გოლი გაუშვა, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი გორში სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი "ვეტერინართა" მხრიდან 75-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა გაიტანა.

"ვიტ ჯორჯიასა" და გორის "დილას" შეხვედრა 25 აპრილს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა გულით მიხარია ბათუმში რაც ხდება ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე არაფერია ერთი სული კი გვაქ რო სამტრედია წელსევე დაბრუნდეს და ალბათ ახლი სტადიონიც გადაიჭედება სამტრედიაში ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ .
samtredieli
20:03 24-04-2019
0
დღეს ბათუმში სტადიონი გადაიჭედება!

დღეს დინამო გაიმარჯვებს!!

წარმატებები დინამოს და ქართულ ფეხბურთს!!!!!
ბათუმი
18:23 24-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული