ეროვნული ლიგა. XI ტურის წინ: ბათუმის "დინამოს" მორიგი გამოცდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

სააღდგომო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა მე-11 ტურით ბრუნდება, პირველივე შეხვედრა შეგვიძლია ტურის მატჩად მივიჩნიოთ, სადაც ქუთაისის "ტორპედოს" გალიდერებული ბათუმის "დინამო" მიიღებს.

ტორპედო-დინამო(ბთ)

დროებით სტადიონის გარეშე მყოფი "ტორპედო" ლიდერ ბათუმის "დინამოს" ამჯერად ახალრეაბილიტირებულ წყალტუბოს სტადიონზე უმასპინძლებს.

ქუთაისელებს კარგი პერიოდი არ უდგათ, გასულ ტურში კახა ჩხეტიანის შეგირდები ბოლნისის "სიონთან" დამარცხდნენ (1:2) და მომავალ მეტოქეს უკვე 5 ქულით ჩამორჩებიან. "ტორპედოს" უკან კი საჩხერის "ჩიხურა" მოსდევს, რომელსაც მასზე მხოლოდ ორით ნაკლები - 15 ქულა აქვს.

ბათუმის "დინამო" კი ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი
გამორჩეული გუნდია და გასულ ტურში ლიდერი "საბურთალოს" დამარცხებით (4:2), ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

გია გეგუჩაძის შეგირდებმა ორბურთიანი სხვაობა აღმოფხვრეს და გადაჭედილი ტრიბუნის თვალწინ საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ბათუმიდან უქულოდ გაუშვეს.

ბათუმელებს რთული კალენდარი აქვთ, ქუთაისის "ტორპედოს" შემდეგ მათი მეტოქე კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისის "დინამო" იქნება. პირველ წრეში აჭარული კლუბი "საბურთალოსთან" და "ტორპედოსთან" დამარცხდა, "დინამოსთან" კი სამი ქულა მოიპოვა.

ქუთაისის "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება 4 მაისს, 16:00 საათზე წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო(თბ)-სიონი

თბილისის "დინამომ" ბოლო 2 ტურში მხოლოდ 1 ქულის მოპოვება მოახერხა, ჯერ "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდა (0:1), შემდეგ კი საჩხერის "ჩიხურასთან" მხოლოდ ფრეს მიაღწია (2:2), შედეგად, ფელის ვისენტეს შეგირდები 17 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ.

"დინამოს" აუცილებლად ესაჭიროება ქულები, რათა ლიდერებთან სხვაობა შეამციროს, მარცხის შემთხვევაში კი ბოლნისელები თბილისელებს ქულებით გაუთანაბრდებიან.

"სიონმა" გასულ ტურში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა (2:1), 14 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას 3 ქულით დაშორდა.

საოცარ ფორმაშია ბოლნისელთა თავდამსხმელი ჯაბა უგულავა, რომელმაც გასულ 10 ტურში 8 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის დუბლი შეასრულა ქუთაისის "ტორპედოს" და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

გარდა ამისა, საგოლე გადაცემების რაოდენობით საუკეთესოა "სიონის" ნახევარმცველი დავით კირტიკატაძე, რომელმაც თანაგუნდელებს 4-ჯერ გაატანინა.

თბილისის "დინამოს" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირება 4 მაისს, 19:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

ვიტ ჯორჯია-რუსთავი

ეროვნული ლიგის გასავარდნ ზონაში მყოფი კლუბები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სათადარიგო დაუპირისპირდებიან.

"ვიტ ჯორჯია" თბილისის "დინამოს" დამარცხების შემდეგ, გასულ ტურში ბოლნისის "სიონთან" (0:1) დამარცხდა და ახლა 11 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.

"ვეტერინართა" მთავარი პრობლემა გოლის გატანაა, მათ ანგარიშზე 10 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლია, რაც ძალიან დაბალი შედეგია.

პირველ წრეში ამ გუნდებს შორის დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა.

"რუსთავი" კი ღრმა კრიზისშია და მას ვერც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ უშველა, მისი ხელმძღვანელობით ქვემოქართლელებმა მარცხი "ლოკომოტივთან" იწვნიეს და 3 ქულით გათამაშების ცხრილში ბოლო პოზიციას იკავებენ. მომდევნო ტურში კი კიდევ ერთ კონკურენტს უპირისპირდებიან.

"ვიტ ჯორჯიას" და "რუსთავის" დაპირისპირება 4 მაისს, 21:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

დილა-ჩიხურა

ზედიზედ ორი მატჩის მოგების შემდეგ, "დილამ" 11 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, გორელებმა ჯერ აუტსაიდერი "რუსთავი" დაამარცხეს, შემდეგ კი "ვიტ ჯორჯიას" სძლიეს.

"ჩიხურა" კი პირველი ტურის შემდეგ აღარ დამარცხებულა, ზედიზედ 9 მატჩია სოსო ფრუიძის შეგირდები, მოედანს უქულოდ არ ტოვებენ, ამის წყალობით მათ მეხუთე ადგილზე დაიმკვიდრეს ადგილი, ფრუიძემ კი პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო.

გასულ ტურში "ჩიხურამ" ფრედ თბილისის "დინამოსთან" (2:2) ითამაშა, მანამდე კი უგოლოდ ქუთაისის "ტორპედოს" დაშორდა (0:0).

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

გორის "დილას" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩი 5 მაისს, 19:00 საათზე, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საბურთალო-ლოკომოტივი

მოქმედი ჩემპიონი "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს.

გია ჭიაბრიშვილის შეგირდები გასულ ტურში შესანიშნავ შეხვედრაში ბათუმის "დინამოსთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ (2:4), ლიდერობა დაკარგეს და მის დაბრუნებას თანაქალაქელებთან მატჩში ეცდებიან.

ბომბარდირთა დავაში ჯაბა უგულავას, რომელიც 8 გოლით ლიდერია, ერთბაშად "საბურთალოს" 3 ფეხბურთელი მოსდევს - ოგნიენ როლოვიჩი (6), გიორგი დიასამიძე (5), ლაშა შინდაგორიძე (5).

პირველ ტურში ბათუმის "დინამოს" დამარცხების (1:0) შემდეგ, "საბურთალოს" მატჩებში 3-ზე ნაკლები გოლი არ გასულა.

თბილისის "ლოკომოტივმა" გასულ ტურში 6-მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნანატრ გამარჯვებას მიაღწია, აუტსაიდერი "რუსთავი" დაამარცხა (2:0) და 9 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.

ამ კლუბებს შორის პირველი წრის შეხვედრა "საბურთალოს" გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

"საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება 5 მაისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული