ეროვნული ლიგა. XII ტურის წინ: "ტორპედოს" ფინანსური პრობლემების ფონზე

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

ეროვნული ლიგა მე-12 ტურით ბრუნდება. ბათუმის "დინამოს" ერთტურიანი ლიდერობა წყალტუბოში "ტორპედოსთან" მარცხით დასრულდა და გათამაშებას სათავეში კვლავ მიმდინარე წლის ტრადიციული ლიდერი "საბურთალო" ჩაუდგა.

ლოკომოტივი-ტორპედო
ტური მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე აიღებს სტარტს, სადაც აუტსაიდერი "ლოკომოტივი" ქუთაისის "ტორპედოს" მიიღებს.

თბილისელები გასულ ტურში "საბურთალოსთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ და მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი წაგება (8) აქვთ. "რკინიგზელები" ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან და უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ "რუსთავს" მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.

"ტორპედომ" კი გასულ ტურში გათამაშების ლიდერი, ბათუმის "დინამო" ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა (3:2),
თუმცა ქუთაისურ კლუბს სხვა, უფრო სერიოზული პრობლემები აქვს.

ქუთათურ ფეხბურთელებს ხელფასი 2 თვეა არ აუღიათ, უკმაყოფილოები არიან და თუ ხელმძღვანელობა ამ პრობლემას არ მოაგვარებს, მოთამაშეები წასვლას აპირებენ, რაც ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ "ტორპედო" ბოლო წლების საუკეთესო ქართული კლუბია, რომელმაც 2017-19 წლებში 5 ტიტულის მოპოვება მოახერხა.

"ლოკომოტივთან" მატჩისთვის კახა ჩხეტიანის გუნდი თითქმის სრულყოფილი შემადგენლობით ემზადება და იმედს გამოვთქვამთ, ასე გაგრძელდება სეზონის ბოლომდე.

altკრიზისი "ტორპედოში" - Sportall.ge-ს წყაროს ცნობით, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბის დატოვებას გეგმავს



მოახლოებულ მატჩში თითო-თითო დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ორივე გუნდს ჰყავს: თბილისელები ალექსანდრე გურეშიძეს მოისაკლისებენ, ქუთაისელებს კი მათე ცინცაძე დააკლდებათ. ორივე შემთხვევაში მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

თბილისის "ლოკომოტივის" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩი 10 მაისს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

რუსთავი-საბურთალო
გათამაშების აუტსაიდერი "რუსთავი" ერთპიროვნულ ლიდერ "საბურთალოს" ტექნიკურ ცენტრში მიიღებს.

მატჩის ფავორიტი "საბურთალოა", რომელმაც გასულ ტურში ბათუმის "დინამოს" მარცხით ისარგებლა და გათამაშების ცხრილს კვლავ სათავეში ჩაუდგა.

"რუსთავმა" კი მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიას" ძლევით (3:2) მოიპოვა. ქვემოქართლელებმა უშუალო კონკურენტი დაამარცხეს, თან ისე, რომ პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს და 76-ე წუთამდე 2:0-ს აგებდნენ, თუმცა 76-ე, 83-ე და 91-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით "რუსთავმა" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

მართალია, მეშვიდე ადგილზე მყოფ "სიონთან" სხვაობა 8 ქულაა, თუმცა "რუსთავს" აქვს შანსი, პლეი-აუტის ზონაში მოხვდეს.

პირველ წრეში ამ კლუბების დაპირისპირება თბილისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

"რუსთავისა" და "საბურთალოს" მატჩი 10 მაისს, 21 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

სიონი-დილა
თანაბარი, 14-14 ქულის მფლობელი "სიონი" და "დილა" ერთმანეთს ბოლნისში დაუპირისპირდება.

სტუმრებს შესანიშნავი სერია აქვთ. მათ ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს, "სიონი" კი "ტორპედოს" ძლევის შემდეგ წვიმიან ამინდში თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით (1:5) დამარცხდა.

"სიონის" მთავარი დამრტყმელი ძალა 27 წლის ჯაბა უგულავაა, რომელიც მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია 8 გატანილი გოლით და ეცდება, ეს მაჩვენებელი მოახლოებულ მატჩში კიდევ უფრო გაზარდოს.

პირველ წრეში ამ კლუბებს შორის დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა.

ბოლნისის "სიონის" და გორის "დილას" მატჩი 11 მაისს, 16:00 საათზე, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ჩიხურა-ვიტ ჯორჯია
გასულ ტურში გორის "დილასთან" მარცხით (0:2) საჩხერის "ჩიხურამ" 9-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, რითაც გათამაშების პირველ ოთხეულს უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

საჩხერელები შესუსტებული შემადგენლობით მაინც ახერხებენ ბრძოლას, რაც ნამდვილად დასაფასებელია და ისინი "ვიტ ჯორჯიასთან" მოახლოებულ მატჩში ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ.

"ვეტერინარებმა" სეზონი კარგად დაიწყეს, თუმცა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება და 4 მარცხი აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან, მათ ზემოთ მყოფ "სიონსა" და "დილას" კი 3 ქულით ჩამორჩებიან. ამიტომ ქულები ნამდვილად ესაჭიროებათ.

პირველ წრეში ამ კლუბებს შორის გამართული დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

საჩხერის "ჩიხურასა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩი 11 მაისს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო(ბთ)-დინამო(თბ)
"დინამოების" დაპირისპირება ერთმნიშვნელოვნად ტურის ცენტრალურ მატჩად უნდა მივიჩნიოთ.

პირველ წრეში ბათუმელებმა თბილისელები გიორგი გადრანის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს და პირველი განაცხადი გააკეთეს, რომ მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდნენ.

გასულ ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" მარცხის (2:3) შემდეგ ბათუმის "დინამო" მეორე პოზიციას დაუბრუნდა, თბილისის "დინამომ" კი "სიონი" 5:1 დაამარცხა.

შეხვედრა ბათუმში იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარლებს გულშემატკივრის საოცარი მხარდაჭერა ექნებათ, რაც რა თქმა უნდა, ფელის ვისენტეს შეგირდებისთვის დიდი წნეხი იქნება.

ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 11 მაისს, 21:00 საათზე, ანგისის ბაზაზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ვერ გავიგე, იცით, როდესაც ფეხბურთელი მოგვყავს, და ხელფასზე უთანხმდებით, თუ არ გვაქვს გადახდის საშუალება, ან არ ვიცით შემოსავლის რა წყაროდან გადაიხდით, რატომ ხართ ამ ბიზნესში საერთოდ?.. ასე ყოველ 3 თვეში უნდა იწუწუნოთ და იყოთ?..
ქუთაისელი
15:32 10-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული