ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თასის მფლობელს წყალტუბოში ესტუმრება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

13 მაისს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის მე-13 ტური აიღებს სტარტს. ცხრილს სათავეში ბათუმის "დინამო" დაუბრუნდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში თბილისის "დინამოს" სძლია.

ტორპედო-საბურთალო
ეროვნული ლიგის მომდევნო ტური ცენტრალური მატჩით იხსნება. წყალტუბოში ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონ "საბურთალოს" უმასპინძლებს.

კლუბებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. ამიტომ მოახლოებული შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იქნება.

გასულ ტურში "საბურთალო", მოულოდნელად, გათამაშების აუტსაიდერ "რუსთავთან" სტუმრად 1:3 დამარცხდა, "ტორპედომ" კი თბილისის "ლოკომოტივი" ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ქუთაისელი ფეხბურთელები კლუბის პრეზიდენტს, ზაალ ჩაჩავას შეხვდნენ, რომელიც მოთამაშეებს დავალიანების დაფარვას მაისის ბოლომდე
შეჰპირდა.

წინა ტურში "საბურთალოს" გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვაგნერ გონსალვეში დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმის გამო 2 თვეზე მეტი გამოტოვა.

ეს კლუბები ამ სეზონში ერთმანეთს მესამედ უპირისპირდებიან. სუპერთასზე გამარჯვება ქუთაისელ მოთამაშეებს დარჩათ, ჩემპიონატში კი თბილისელებმა გაიმარჯვეს.

ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "საბურთალოს" დაპირისპირება 14 მაისს, 16:00 საათზე წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ვიტ ჯორჯია-სიონი
მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე "ვიტ ჯორჯია" ბოლნისის "სიონს" მიიღებს.

"ვეტერინარები" ცუდ ფორმაში არიან. მათ ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება და 6 მარცხი აქვთ, რაც ნამდვილად ძალიან ცუდი შედეგია. არადა, დებიუტანტებმა ჩემპიონატი ძალიან კარგად დაიწყეს.

გასულ ტურში ისინი საჩხერის "ჩიხურასთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ და გასავარდნი ზონის ზემოთ მყოფ "დილასთან" 3-ქულიანი ჩამორჩენა აქვთ.

"სიონმა" კი ბოლო ტურებში თამაში გამოასწორა და უკანასკნელ 5 მატჩში 9 ქულის მოპოვება მოახერხა.

თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდებმა გასულ ტურში სწორედ ნახსენები გორის "დილა" დაამარცხეს (2:1) და სატურნირო ცხრილის შუაში მოექცნენ.

ბომბარდირთა დავას კვლავ ბოლნისელთა შემტევი ჯაბა უგულავა ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 8 გატანილი გოლია.

ამ კლუბებს შორის პირველი წრის დაპირისპირება "სიონის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

"ვიტ ჯორჯიას" და ბოლნისის "სიონის" მატჩი 14 მაისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

ჩიხურა-რუსთავი
საჩხერულმა კლუბმა გასულ ტურში "ვიტ ჯორჯიას" (1:0) სძლია და 12 ტურში ერთადერთი მარცხი აქვს, თუმცა გამარჯვებების მოპოვებაც უჭირს. ამიტომ გათამაშების ცხრილის შუაში - მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

წინა ტურის მსგავსად, სოსო ფრუიძის შეგირდები ამჯერადაც აუტსაიდერის წინააღმდეგ ითამაშებენ, თუმცა ბოლო ტურებში "რუსთავი" გამოცოცხლდა და ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა, ჯერ "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა (3:2) დაძაბულ ბრძოლაში, შემდეგ კი მოქმედ ჩემპიონს და გათამაშების ლიდერს, "საბურთალოს" სძლია (3:1).

შეხვედრა რუსთავში ჩატარდა და მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრო.

ვარლამ კილასონიას ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და თუ ეს კლუბი ორი ტურის წინ უიმედო აუტსაიდერად ითვლებოდა, დღეს გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

პირველ წრეში ამ კლუბების დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

საჩხერის "ჩიხურასა" და "რუსთავის" მატჩი 15 მაისს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დილა-დინამო(ბთ)
გორის "დილას" წარმატებული სერია (ზედიზედ მოგებული 3 მატჩი) გასულ ტურში ბოლნისის "სიონმა" შეწყვიტა, რომელმაც მეტოქეს 2:1 სძლია.

გორელები გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებენ და თეორიულად არსებობს შანსი, რომ შემდეგ ტურში უკვე ამ ზონაში იყვნენ. ამიტომ ისინი საკუთარ მოედანზე მინიმუმ ქულის მოპოვებას ეცდებიან.

ბათუმის "დინამო" კი ნამდვილად შეიძლება ფავორიტად მივიჩნიოთ. აჭარლებმა გასულ ტურში ძალიან დაძაბულ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" სძლიეს და ლიდერობა დაიბრუნეს, რომელიც რამდენიმე ტურით ადრე "საბურთალოსთან" მოიპოვეს.

გია გეგუჩაძის შეგირდები მიზანმიმართულად მიიწევენ ჩემპიონობისკენ, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა.

მასპინძლებს დისკვალიფიკაცისი გამო ამოს ნონდი დააკლდებათ.

პირველ წრეში "დინამომ" გორის "დილას"  - 1:0 სძლია.

გორის "დილას" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება 15 მაისს, 19:00 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო(თბ)-ლოკომოტივი
ტური თბილისური დერბით დაიხურება, სადაც "დინამო" თანაქალაქელ "ლოკომოტივს" "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

მატჩს ორივე კლუბი ცუდ ხასიათზე ხვდება, მასპინძლები გასულ ტურში ბათუმში დამარცხდნენ და ლიდერებს ჩამორჩნენ. ამიტომ ფელის ვისენტეს შეგირდები ეცდებიან, ხასიათი "ლოკომოტივის" წინააღმდეგ გამოისწორონ, მით უმეტეს, "ლოკო" ნამდვილად არ არის საუკეთესო ფორმაში.

ბოლო ცხრა ტურში აწ უკვე ლევან კორღალიძის შეგირდებმა ერთადერთი გამარჯვება მოიპოვეს, დანარჩენი რვა შეხვედრა კი დათმეს და სატურნირო ცხრილის ბოლოში იმყოფებიან.

პირველ წრეში ამ კლუბებს შორის მატჩი "დინამოს" გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

მასპინძლებს ერთ-ერთი ლიდერი და ბომბარდირი ლევან შენგელია გამოაკლდებათ, რომელიც "ლოკომოტივთან" მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

თბილისის "დინამოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" მატჩი 15 მაისს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველ წრეში ბათუმმა დილას 1–0 სძლია და არა 4–2, გადაამოწმეთ სანამ რამეს დაწერთ.
giorgi
12:04 14-05-2019
0
დისკვალიფიცირებულ და ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც რო დაწეროთ არ იქნება ცუდი! თუ არ გაქვთ ინფო? :)
ვაჟა
11:41 14-05-2019
0

სიახლეები პოპულარული