ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" "რუსთავს" 4:2 სძლია და სატურნირო ცხრილში 26 ქულით მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა.
შეხვედრის შემდეგ ქუთაისელთა დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა მატჩი შეაფასა და საკუთარ ფეხბურთელებს კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად კარგი თამაშის გამო მადლობა გადაუხადა.
"შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს. სამი ქულა ძალიან გვესაჭიროებოდა. კარგად დავიწყეთ, თუმცა უხასიათობა დაგვეტყო. იგივე გაგრძელდა მეორე ტაიმში. ამიტომ მივიღეთ გოლი.
ამ გოლის შემდეგ ყველამ საკუთარი შესაძლებლობების საშუალოზე მეტი გამოავლინა და თავიანთი ოსტატობით, გულით დაამტკიცეს, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და გარდა ფეხბურთისა, კიდევ მინდა
მადლობა ვუთხრა, რომ ვაჟკაცები და კაცები არიან, ვენაცვალე მაგათ ყველას. ასევე, ჩვენს გულშემატკივრებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა მატჩის შემდეგ კახა ჩხეტიანმა.
ქუთაისის "ტორპედო" შემდეგ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება. მატჩი 24 მაისს "დინამო არენაზე" გაიმართება.