ეროვნული ლიგა. XV ტური: სკანდალური კვირის შემდეგ

AutoSharing Option
სკანდალური უქმეების შემდეგ, როცა სუს-მა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა, ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ტური იმართება.

ჩიხურა-დინამო(ბთ)
საჩხერის "ჩიხურა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

გასულ ტურში საჩხერელებმა ბოლნისის "სიონი" სტუმრად გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხეს, თბილისის "დინამოს" გადაასწრეს და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდნენ.

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მიშიკო სარდალიშვილია, რომელმაც წინა შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ის ბომბარდირთა დავაში მეოთხე პოზიციას იკავებს.

ბათუმის "დინამომ" კი გასულ კვირას "ვიტ ჯორჯიას" 2:0 სძლია. სწორედ აღნიშნული მატჩის დამთავრების შემდეგ გასახდელში დააკავეს "ვეტერინართა" 5 მოთამაშე, რომლებსაც გამოძიების მტკიცებით, ორბურთიანი სხვაობით
წაგება წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.

ბათუმელები გათამაშების ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ და ლიდერ "საბურთალოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

ამ კლუბებს შორის პირველი წრის მატჩი უგოლოდ დასრულდა.

საჩხერის "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება 23 მაისს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი
ქართულ ფეხბურთში ბოლო დღეების მთავარი გმირი "ვიტ ჯორჯიაა", რომელიც ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს.

"ვეტერინარების" 5 ფეხბურთელი გამოძიებამ მატჩების გარიგების ბრალდებით დააკავა, თუმცა მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა. მოთამაშეები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ, თუმცა, რამდენად შეძლებენ ფეხბურთში დაბრუნებას, ჯერჯერობით უცნობია.

საკადრო პრობლემების ფონზე, ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი კლუბი მომავალ შეხვედრაში აუტსაიდერად უნდა მივიჩნიოთ.

თბილისის "ლოკომოტივს" კი კარგი პერიოდი უდგას, კლუბმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, ჯერ თბილისის "დინამოსთან", შემდეგ კი გორის "დილასთან".

ამ ფონზე "ვიტელები" მე-8 ადგილამდე აღზევდნენ.

"რკინიგზელებს" მომავალ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ალექსანდრე გურეშიძე დააკლდებათ.

კლუბებს შორის გამართული პირველი წრის მატჩი "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

"ვიტ ჯორჯიას" და თბილისის "ლოკომოტივის" შეხვედრა 23 მაისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

სიონი-რუსთავი
ბოლნისის "სიონი", რომელიც გასულ ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" განადგურდა, რეაბილიტაციას "რუსთავთან" შეეცდება.

მათ საუკეთესო ბომბარდირს, ჯაბა უგულავას რამდენიმე შეხვედრაა გოლი არ გაუტანია. ამიტომ ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება "რუსთავს", ქვემოქართლელები გასულ ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდნენ და კვლავ სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციას იკავებენ, თუმცა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "ვიტ ჯორჯიასთან" სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა, მე-9 ადგილი კი პლეი-აუტში თამაშის საშუალებას იძლევა.

პირველი წრის მატჩი ამ კლუბებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბოლნისის "სიონისა" და "რუსთავის" დაპირისპირება 24 მაისს, 17:00 საათზე, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დინამო(თბ)-ტორპედო
ტურის ცენტრალური მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც თბილისის "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" მიიღებს.

პრობლემები ორივე კლუბს აქვს - "დინამო" არადამაჯერებლად თამაშობს და ამის გამო ოთხეულის დატოვებაც მოუწია. თბილისელებმა ზედიზედ სამი მატჩი წააგეს, მათ შორის, უშუალო კონკურენტებთან - "საბურთალოსთან" და ბათუმის "დინამოსთან".

გარდა ამისა, კლუბი ბოლო დღეებში ორმა ესპანელმა მოთამაშემ - ფრან კარბიამ და ნოჩემ დატოვეს.

"ტორპედოს" კი ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, ქუთაისური კლუბი მატჩების მოგებას მაინც ახერხებს. ბოლო ოთხი მატჩიდან "ტორპედომ" 3 მოიგო და 1 ლიდერ "საბურთალოსთან" დაძაბულ ბრძოლაში დათმო.

პირველ წრეში ამ კლუბების დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა.

თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება 24 მაისს, 19:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

დილა-საბურთალო
გასულ ტურში გორის "დილა" თბილისის "ლოკომოტივთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. "დილა" მე-7 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში მყოფ "ლოკომოტივს" მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

"საბურთალო" ეროვნულ ლიგას 30 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის "დინამოს" 2 ქულით უსწრებს.

გასულ ტურში თბილისელებმა თანაქალაქელ "დინამოს" 2:0 სძლიეს, მანამდე კი კიდევ ერთი კონკურენტი - "ტორპედო" დაამარცხეს.

გია ჭიაბრიშვილის გუნდი კარგ ფორმაშია და მეორე წრის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

"საბურთალოს" 9-იანი ლაშა შინდაგორიძე საოცარ ფორმაშია, 26 წლის ნახევარმცველმა 14 ტურში უკვე 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ამ კლუბებს შორის პირველი წრის მატჩი თბილისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

გორის "დილას" და "საბურთალოს" დაპირისპირება 24 მაისს, 21:00 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხშირად ვამბობ და კიდევ მოგიწოდებთ სპორტალ.გეს რედაქციას:ეროვნული ლიგა 2-იც ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატია და კეთილი ინებეთ და მოკლედ ისიც მიმოიხილეთ ხოლმე.ბოლოს როდის დაწერეთ ელიგა-2 ის შესახებ თუ გახსოვთ საერთოდ.ცხრილიც 10 ტურის შედეგების მიხედვით გაქვს გამოქვეყნებული,მაშინ როდესაც 12 ტური მორჩა უკვე,სირცხვილია.ასე გინდათ ჩემპიონატის პოპულარიზაცია?იმედია არ დაბლოკავთ.
ქობულეთელი
17:39 23-05-2019
0

სიახლეები პოპულარული