დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა:
"დღევანდელი აღმასკომის სხდომაზე საქართველოს ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებები დამტკიცდა. რამდენიმე სიახლე გვაქვს. ძირითადი სიახლეები შეეხება ქვედა ლიგებში პრესტიჟის გაზრდას. რეგიონებში გაიზარდა ინტერესი ქვედა ლიგების მიმართ. ძირითადი ცვლილება ისაა, რომ 2020 წლიდან ლიგა 4-ში წარმოდგენილი იქნება 16 გუნდი. შესაბამისად, 4 ქვეჯგუფი იქნება რეგიონალურ ლიგაში, საიდანაც 4-ივე ქვეჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს ლიგა 4-ის საგზურს.
ზედა ლიგებში: ეროვნულ
ლიგაში, ეროვნულ ლიგა 2-სა და ლიგა 3-ში მატჩის განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა. ადრე თუ ლიმიტი 18 მოთამაშე იყო, 2020 წლიდან მატჩის განაცხადში ფეხბურთელების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
ლიგა 3-ის კლუბებს სატრანსფერო პერიოდში შეეძლებათ 2 ლეგიონერის შეცვლა.
ასევე კლუბებისთვის სასიხარულო ინფორმაცია იყო ის, რომ წინა წლებში უეფამ გაუთვალისწინებლად დიდი შემოსავალი მიიღო საკლუბო ტურნირების შემდეგ და გაჩნდა ფინანსური კალათა 10 მილიონი ევროს ოდენობით. ეს თანხები გადანაწილდა იმ ქვეყნების ჩემპიონატებზე, რომელთა კლუბებმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხეს. საქართველოს ამ კალათიდან 116 000 ევრო ერგო. ეს თანხა გადანაწილდება 2018 წლის სეზონის ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე 20 გუნდზე.
2020 წლიდან დაიწყება ქალთა კლუბების უფასო ლიცენზირება, რაც ამ სფეროს განვითარებისთვის კეთდება. ჩვენ შევხვდით ქალთა ფეხბურთის კლუბებს და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღითიდღე იზრდება მათი რაოდენობა. ფეხბურთის ფედერაცია მათ სხვადასხვა ფორმით შეუწყობს ხელს. გადავცემთ სათამაშო ფორმებს, ბურთებს; საბაზისო დაფინანსება დასტაბილურდება.
ვისარგებლებ შემთხვევით და "საბურთალოს" მივულოცავ პირველ ტიტულს - სუპერთასის მოგებას. ევროტურნირებზე ყველა გუნდს ვუსურვებ წარმატებას. ქართველ გულშემატკივრებს კი მივულოცავ სეზონის დაწყებას. შაბათს, 29 თებერვალს, განახლდება ეროვნული ლიგა, ორშაბათიდან ეროვნული ლიგა 2 დაიწყება, 10 მარტს ლიგა 3 აიღებს სტარტს და უკვე აპრილიდან რეგიონალური ლიგა და ლიგა 4 დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანი წელია ქართული ფეხბურთისთვის, ისტორიულ მოვლენასთან ახლოს ვართ და ქართველ გულშემატკივარს წარმატებას ვუსურვებ."