რასიზმი ქართულ ფეხბურთში?! - ბრაზილიელი მოთამაშე საკუთარ პრობლემებზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/fcmerani/

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 23 წლის ფელიპე პაიმმა, რომელიც მარტვილის "მერანში" თამაშობს, რასისტულ საფუძველზე გამოწვეული პრობლემების შესახებ ბრაზილიურ საიტ amazonasatual.com.br-სთან ისაუბრა.

ფელიპე საქართველოში 2018 წლიდან თამაშობს. ჯერ "შევარდენის" ღირსებას იცავდა, შემდეგ "დილაში" გამოდიოდა, ახლა კი მეგრული კლუბის წევრია.

23 წლის ახალგაზრდა იხსენებს, რომ ერთხელ მაღაზიის სალაროს რიგში დგომისას მყიდველს რაღაც დაავიწყდა, ნივთის ასაღებად მოტრიალდა და როცა მის უკან ბრაზილიელი დაინახა, პაიმის გვერდით დადგომას მოერიდა და წავიდა.

"საქართველოში წამოსვლის წინ ვიცოდი, რომ ასეთი სიტუაციები ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა. მსგავსად ყველა შავკანიან ადამიანს
ექცევიან. მათ შორის ბრაზილიაშიც კი, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რასისტული ქვეყანაა. მაგრამ აქ ისეთ სცენებს გადავეყარე, რაც არსად შემმთხვევია. ზოგჯერ მიფიქრია, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს, მეც ხომ ადამიანი ვარ", - ამბობს ფელიპე.

ყველაფერი კი მარტში, კორონავირუსის პანდემიის დროს გაუარესდა. მაღაზიაში მისვლისას ახალგაზრდა ხედავდა, რომ მისი ეშინოდათ. ბავშვები მის დანახვაზე გარბოდნენ.

მარტვილის "მერანის" დირექტორმა სახლში დარჩენა სთხოვა და უთხრა, რაც დასჭირდებოდა, ყველაფერს მოუტანდა. თუმცა ფეხბურთელს სახლში ჩაკეტვა არ შეეძლო და ცოტა ხნით სასეირნოდ გადიოდა. საყიდლების საქმეში ის ქალბატონი ეხმარებოდა, ვინც სახლს ულაგებდა. თვითონ მაღაზიაში სიარულზე უარი თქვა.

"მარკეტში შესვლისას ორი თანამშრომელი მუდმივად უკან მომყვებოდა. რაც უნდა მექნა, ჩემ უკან იყვნენ. ერთხელ გუნდში სინჯებზე მექსიკელი ბიჭი მოვიდა. მე კი მაღაზიაში წავიყვანე და პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, ვთხოვე, პირველად ის შესულიყო. არაფერი მომხდარა, ყველა მშვიდად იყო, ხოლო როცა უკვე მე შევედი, ეგრევე ორი თანამშრომელი გამომყვა", - იხსენებს ლეგიონერი.

მიუხედავად ყველაფრისა, ბრაზილიელი საქართველოში ყოფნას არ ნანობს.

"მარტვილში გადმოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ კარიერისთვის უკეთესი ასე იყო. იმედი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში უკეთესი რამეებიც მოხდება.

საფეხბურთო მოედანზე კი რასიზმის მსხვერპლი ერთხელ გავხდი, "შევარდენში" თამაშის დროს ვიღაცამ ტრიბუნებიდან დამიძახა: "სახლში წაეთრიე, მაიმუნო!" ეს ფრაზა ინგლისურად წარმოთქვეს. მეგონა, არასწორად გავიგე, თუმცა მეორე ფეხბურთელმა დამიდასტურა", - თქვა ფელიპემ.

ვარჯიშებისას კი ქართველი თანაგუნდელებისაგან სიტყვები ისწავლა, ისინი, რომლებიც შეურაცხყოფას გამოხატავს და უკვე საკუთარი თავის დაცვაც შეუძლია.

ფელიპეს თქმით, რასისტული შეურაცხყოფა თანაგუნდელებს არასდროს მიუყენებიათ, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისგან ბევრჯერ სმენია და ახლა უკვე პასუხის გაცემაც ისწავლა.

"თავიდან მიყვიროდნენ და მაგინებდნენ, მე კი არ ვიცოდი, რა ხდებოდა, ვერაფერს ვხვდებოდი. თუმცა, როცა პასუხის გაცემა და მათზე უფრო ხმამაღლა საუბარი დავიწყე, ყველაფერი შეიცვალა. იგივე რამ ჩემს აფრიკელ თანაგუნდელსაც შეემთხვა და ვასწავლე, როგორც უნდა ეპასუხა", - აღნიშნა პაიმმა.

ღია შეურაცხყოფა მხოლოდ იმ ერთმა გულშემატკივარმა მიაყენა, თუმცა ფელიპე ამბობს, უმრავლესობა რასისტული დამოკიდებულებებისა უფრო ხმადაბლა ხდება.

"მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები პატივისცემით მეპყრობიან, თუმცა... ზედმეტად ჩახლართული რამეა ასახსნელად. ამ ყველაფერს საკუთარი თვალით უნდა ხედავდე. იგივეა, როცა მარტვილის ქუჩებში დავდივარ - ხალხი ყველაფერს წყვეტს და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. ამიტომ აღარ დავდივარ მაღაზიაში. ცუდად მხდის ეს ყველაფერი. რომ ვიყვირო, გავაპროტესტო, უარესი იქნება. რა გზა მაქვს? რასისტი ადამიანები არსებობენ", - გულდაწყვეტით ამბობს სამხრეთამერიკელი.

ბრაზილიელი მეგობრები ხშირად ეუბნებიან, რომ ყველაფერი დატოვოს და უკან დაბრუნდეს, თუმცა ფელიპეს საწინააღმდეგო პასუხი და ახსნაც აქვს.

"როცა ასეთი რამ შემემთხვა, მეც ვიფიქრე სამშობლოში დაბრუნებაზე, დედა დახმარებას დამპირდა, თუმცა ბებიამ მკითხა: "ფეხბურთის თამაში შენი ოცნება არის? ეს ისაა, რაც ყოველთვის გინდოდა? თუ ეგრეა, რასისტების გამო თავი არ დაანებო იმას, რაც გიყვარს, თორემ ინანებ". ამ სიტყვებმა ძალა შემმატეს", - აჯამებს ახალგაზრდა.

ყველაფრის მიუხედავად, კონტრაქტის დასრულებამდე (31 დეკემბერი) ფელიპე პაიმს საქართველოში დარჩენა სურს და ერთი სული აქვს, როდის განახლდება ჩემპიონატი. ეს კი 14 ივლისს მოხდება, როცა ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურში "მერანი" დუშეთის "არაგვს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მარტვილის ქუჩებში შავი კაცი იგივეა,რაც,რომელიმე აფრიკული ტომის სოფელში თეთრი ადამიანის გამოჩენა.გაკვირვებას იწვევს რათქმაუნდა.
კვარა
17:52 07-07-2020
0
რეზი არველაძე რომ აფრიკაში ჩავიდა და ნახევარი ნიგერია დასდევდა ჟღალ თმაზე ხელის მოსაკიდებლად რატომ არ გასჩენია უარყოფითი რაქცია,პირიქით ყველა ღადაობდა არველაძეების ჩათვლით,იმიტომ რომ ლოგიკურია მათი ტრადიციიდან ისტორიიდან გამომდინარე, და ეს ლოიდის საქმის პახმელიაზე ლაპარაკი უცნაურია მითუმეტეს რომ უმეტესობა ჩემი ნაცნობ-ახლობლის (თაობების მიხედვით) უსაყვარლესი ფეხბურთელი პელეა,ზოგის გულიტი,ჩემს შვილს დროგბა უყვარს.კობის რომ მთელი საქართველო გლოვობდა კაი ნათესავივით ეგეც ზიზღი იყო?ჯორდანზე ფილმს რომ აღტაცებაში მოყავს ყველა ვისაც ცოცხლადაც კი არ უნახავს მისი თამაში.ფეხბურთი ითამაშე ბიძია შენ კარგად და მარტვილს კი არ დაემალები აქეთ გამოგეკიდებიან ფოტოს და ავტოგრაფისათვის
ფელიპე
19:55 07-07-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული