"ტორპედოს" იტალიელი პრეზიდენტი გუნდის ფეხბურთელებს ლაჩრებს უწოდებს, პრესსამსახურის ხელმძღვანელი კი სამარცხვინო ტექსტის არგამოქვეყნების გამო გაუშვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ პრობლემებზე წინა თვის ბოლოს დავწერეთ, ამ სტატიას კი ისეთი რამეები მოჰყვა, დაგვაფიქრა, ღირს კი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბის იტალიელი ინვესტორისთვის გადაცემა.

ფაბრიციო მანინომ ჩვენი სტატიის გამოქვეყნებიდან 2 დღეში "ტორპედოს" პერსონალსა და ფეხბურთელებს სრული ხელფასი ჩაურიცხა, 8 დღეში კი ქუთათურების ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ცილისმწამებლური ტექსტი გამოჩნდა, რომელსაც ვუპასუხეთ...

იქამდე კი კლუბთან დაკავშირებას ვცდილობდით, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ მანინოს "ტორპედოდან" პრესსამსახურის ხელმძღვანელი ედო ბადალაშვილი გაუთავისუფლებია...

ჩვენ ედოს დავუკავშირდით და როგორც კლუბში არსებულ ვითარებაზე, ისე მისი გათავისუფლების საკითხზე ვესაუბრეთ.

"გასული წლის მეორე
ნახევრიდან ვიბრძოდით კლუბის გადასარჩენად. ინვესტორი წავიდა, დარჩა ვალები, იყო დაქვეითების საფრთხე. კლუბის რამდენიმე თანამშრომელი ვცდილობდით ყველაფერს, ვრეკავდით მინისტრებთან, მერთან, ვეძებდით ინვესტორს და ბოლოს გამოჩნდა იტალიელი. ვიფიქრეთ, რომ პრობლემებიც მოგვარდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

2020 წლის ეროვნული ლიგის სეზონის დაწყებიდან 2 ტურის შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატი შეჩერდა, პრეზიდენტმა კი ხელფასების განახევრების წინადადებით მოგვმართა და შეგვპირდა, რომ 3 თვის შემდეგ ისევ სრულ გასამრჯელოს მივიღებდით.

კლუბის სასიკეთოდ გადავდგით ეს ნაბიჯი. შემდეგ კიდევ გაგვიგრძელეს, მერე ფეხბურთელებს 70% მისცეს, ჩვენ ნახევარი დაგვიტოვეს. თუმცა, ამის გარდა, გვატყუებდა კიდეც.

"ტორპედოში" 8 თვე ვიმუშავეთ უხელფასოდ. ვიცოდით, რომ ანაზღაურება არ გვექნებოდა, თუმცა საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე უარი არ გვითქვამს. ახლა კი როგორ იყო, გვეტყოდა ფაბიო, 2 დღეში იქნება ხელფასებიო, ველოდებოდით ადამიანები, გავიდოდა 10 დღე და არაფერი ჩანდა. ასე გრძელდება თვეების განმავლობაში. ვერც ფეხბურთელი, ვერც თანამშრომელი გეტყვის, როდის ჩაერიცხებათ თანხა.

ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთელებს ამოუვიდათ ყელში, უამრავი პრობლემა ჰქონდა ყველას და მედიის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელეს, რომ უარი თქვეს ვარჯიშზე ხელფასების გადაუხდელობის გამო. ეს სრული ჭეშმარიტება გახლდათ, მასში ტყუილი 1%-იც არ ყოფილა.

ამ ინტერვიუების გავრცელებიდან 2 დღეში სრული ხელფასი დაგვერიცხა ყველას. ეს იყო პირველი შემთხვევა 2020 წელს, როცა ანაზღაურება სრულად ჩაგვერიცხა.

ამის შემდეგ კლუბში გადაწყვიტეს იმ ფეხბურთელის პოვნა, რომელმაც მედიასთან ისაუბრა. მიზანი მარტივი გახლდათ: მისი დაჯარიმება და შემდეგ კლუბიდან გაგდება. მიზეზი კი სიმართლის თქმა იყო.

ფაბრიციო მანინომ გამომიგზავნა ტექსტი და მომთხოვა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამევრცელებინა, როგორც "ტორპედოს" ოფიციალური განცხადება. თუ საჭირო გახდა, ამ ტექსტს გავასაჯაროებ.

ამ ტექსტში წერია, რომ ჟურნალისტები ცილისმწამებლები არიან და ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, მათი წყარო გამოგონილია და მოთამაშეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. არადა, ფეხბურთელებისაგან ვიცი, რომ მათ მანინო გააფრთხილეს, მედიასთან საუბარს ვაპირებთო.

იმავე განცხადებაში კი უშვებს ალბათობას, რომ ჟურნალისტი მართალია და ეს ამბავი მათთან ფეხბურთელმა მიიტანა, რომელსაც ლაჩრად მოიხსენიებს. ზუსტად ასე წერია მათზე: ლაჩრები.

დავურეკე და ავუხსენი, რომ არ შეიძლება ჟურნალისტებს ცილისმწამებლები უწოდო, ხოლო შენსავე ფეხბურთელს - ლაჩარი. ვუთხარი, შენი საქმეა, მოთამაშეებთან როგორ მოაგვარებ ამ სიტუაციას, თუმცა საჯაროდ შენი კლუბის ფეხბურთელს ლაჩარი არ უნდა დაუძახო-მეთქი. პასუხად კი მივიღე: "ამ განცხადებას თუ არ დადებ, კლუბიდან წადი".

კარგი, მე წავალ, თუმცა შევხედოთ რეალობას: "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია. ნაცვლად იმისა, რომ მოეფერო ფეხბურთელებს, მუხტი მისცე, მათ ლაჩარს უწოდებ. ამის შემდეგ რომელი მოთამაშე გამოვა მოედანზე გულით?! თან ეს "ტორპედოა", რიგითი გუნდი ხომ არა... თან, კლუბში, რომლის ფეხბურთელებსაც პრეზიდენტი აგინებს, შემდეგში ვინ მოვა?! გამოდის, სპეციალურად ანადგურებ აქაურობას...

ორი მიზეზით ვთქვი უარი განცხადების დადებაზე: ერთი, ფეხბურთელებს ლაჩარს რომ უწოდებდა და ჟურნალისტებს ცილისმწამებლებს, თან რა მიზეზით, რატომ დაუკავშირდი ფეხბურთელს და ინფორმაცია რატომ მოიპოვეო. პრესსამსახურის უფროსი ვიყავი, უნდა გამოვსულიყავი და ჟურნალისტებისთვის მეგინებინა და მერე ვისთანღა უნდა მქონოდა ურთიერთობა?! საბოლოოდ მე გამომიშვეს, იმ ფეხბურთელს კი კიდევ ეძებენ...

ჩემ შემდეგ მიმსვლელი 2 დღეში დანიშნეს, არ ვიცნობ, ვინ არის. შემდეგ ისეთი განცხადებები გამოქვეყნდა კლუბის "ფეისბუქგვერდზე", რომ "ტორპედოს" გულშემატკივართა უმრავლესობა აღშფოთებული იყო...

ერთი სიტყვით, ის იმედები, რაც ფაბრიციო მანინოს მოსვლის დროს გვქონდა, გაგვიქრა: დღეს კლუბის პერსონალს მის მიმართ უნდობლობა აქვს, რადგან ხელფასებს ნორმალურად არ უხდის; ფეხბურთელებიც არ ენდობიან, რადგან ანაზღაურების დაკლებისა და დაგვიანების გარდა, ლაჩრებს უწოდებს და გულშემატკივარსაც უნდობლობა გაუჩნდა, რადგან ხედავენ, რომ კლუბში უკეთესობისკენ არაფერი იცვლება.

მე რომ სიმართლეს ვამბობ, ამის დადასტურება გულშემატკივარს შეუძლია, ფანკლუბსაც. ვლაპარაკობ არა იმიტომ, რომ მე გამათავისუფლეს, ამას ვეღარ შევცვლი, თუმცა ისევ კლუბის სასიკეთოდ სხვას რომ არ დაემართოს იგივე.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ "ტორპედოში" ერთადერთი, ვინც გვერდით დამიდგა, გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია იყო. პირდაპირ განაცხადა, რომ არ უნდა გავეშვი, ფეხბურთელებისთვის ლაჩრები არ უნდა ეწოდებინათ. და ცხადია, გულშემატკივრებიც მხარს მიჭერდნენ და ჩემი დაბრუნება სურთ.

წამოსვლით კი მე დავწერე განცხადება, რადგან პირობა ასეთი იყო: თუ არ დებ იმ ტექსტს, წადი. ორი გზა მქონდა - ან ჩემით წამოვსულიყავი, ან კლუბს ცალმხრივად გამოვეშვი. აღსანიშნავია, რომ "ტორპედოში" მუშაობის 3 წლის მანძილზე კლუბს ჩემი, დაახლოებით, დიდი ვალი დაუგროვდა. შემეძლო და ახლაც შემიძლია მივმართო სასამართლოს, თუმცა ამას არ გავაკეთებ, ჩემი კლუბის წინააღმდეგ წავალ და არც არავის ვათქმევინებ, ედო "ტორპედოს" აზიანებსო... გახდეს "ტორპედო" ისეთი გუნდი, როგორიც გულშემატკივარს სურს და გამოვა, ვიტყვი, სწორი ყოფილა ჩემი გაშვება-მეთქი."

sportall.ge "ტორპედოს" ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.

alt"საჭმლის ფულიც აღარ გვქონდა და სახლებში წავედით" - "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი თქვეს

alt"ტორპედო" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს: ჟურნალისტი თავს დაგვესხა

altSportall.ge-ს პასუხი ქუთაისის "ტორპედოს" განცხადებაზე



მკითხველის კომენტარები / 22 /
დარწმუნებული ვარ ეს "ინვესტორი" ჩვენმა "სასახელო" ჩინოვნიკებმა გამოქექეს ღმერთმა უწყის რა საქმეებისთვის.
კვარა
18:06 25-11-2020
11
რანაირად იქცევით, გამოდით და კაცურად თქვით რა ხდება ეს ეხება ფეხბურთელებს და ყველას ვისაც ტორპედო ბედი ადარდებს, ვერ გავიგე რა ხდება ამდენი ხანია ვინაა მართალი ვინ მტყუანი. დიდი აჯანფსანდალია რაც ტორპედოს თავს ხდება და გაგვაგებინეთ რა ხდება!
zaza
17:14 25-11-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული