ამ შეხვედრის წინა დღეს თბილისის „დინამომ“ მოიგო, ზღვისპირელებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და სატურნირო ცხრილში სიტუაცია დაიძაბა. თუმცა „საბურთალომ“ მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე საამისო არც რესურსი გააჩნია და არც უნარი.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, შესვენებამდე ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს. 57-ე წუთზე კობახიძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მარცხდებოდნენ და თამაშის გამწვავება მართებდათ, სტუმრები მხოლოდ თავის დაცვით იყვნენ დაკავებულნი. მწვრთნელ შუბითიძის სამმაგმა შეცვლამაც ვერაფერი შეცვალა. შეცვლაზე შესულმა გაფრინდაშვილმაც დალაშქრა შეხვედრის დასასრულს გოშაძის კარი და გეგუჩაძის შეგირდებმა „სამტრედიასთან“ მარცხის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
აჭარულმა გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე თბილისის „დინამოსთან“ 4-ქულიანი უპირატესობა აღადგინა და 6 ნოემბერს საგურამოში „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება, ხოლო „საბურთალო“ 50 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა და 7 ნოემბერს გასვლაზე „თელავს“ შეხვდება.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 4:0
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (13, პენ), 2:0 კობახიძე (39), 3:0 კობახიძე (57), 4:0 გაფრინდაშვილი (87)
დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, ჩაბრაძე (მარგველაშვილი 78), კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი (ნავალოვსკი 78), ალთუნაშვილი, ტეიდი, მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 71), ფლამარიონი, ჯიღაური, ფანცულაია (ზარია 55)
მწვრთნელი: გეგუჩაძე
საბურთალო (3-4-3): გოშაძე, შ. ნონიკაშვილი, კაკუბავა (კ), ჩაჩუა, ლაცაბიძე (მამაცაშვილი 62), ძებნიაური, ლ. ნონიკაშვილი (მამაგეიშვილი 82), მალი, გულიაშვილი (კვერნაძე 62), ტაბატაძე (მანდრიჩენკო 62), გოჩოლეიშვილი (კოხრეიძე 72)
მწვრთნელი: შუბითიძე