"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კლუბში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა:

"ძალიან სამწუხარო გრძნობით გესაუბრებით დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველას გვიხარია, როდესაც გუნდი ერთიანია, როდესაც გულშემატკივარი სტადიონზეა, გვიხარია, როდესაც ეს გულშემატკივარი ბედნიერია და მხარს უჭერს თავის გუნდს, როცა ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ და ყველაფერი, რაც არის კარგი, მგონი, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ...

რა არ არის მისაღები, ეს ვნახეთ ჩვენ ბოლო თამაშის დროს და არამხოლოდ ბოლო თამაშის დროს... არის გარკვეული ნიუანსები, რაშიც გარკვევა გვჭირდება... არავის გვიხარია, როდესაც სტადიონზე ბევრი
ქალბატონი და ბავშვია და ისმის გინება... არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან ან ვისი მისამართითაა ეს შეურაცხყოფა. 

ჩვენ ამას ვემიჯნებით, ვგმობთ და ვაცხადებთ, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი! არ მჯერა, რომ ფეხბურთი არის სპორტის ის სახეობა, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან; არ მჯერა, რომ სიძულვილის ენა არის ის, რაც ქუთაისს აერთიანებს, მგონია, რომ უნდა ვიყოთ მაგალითი ყველასთვის, რომ ვაყალიბებთ განსხვავებულ კლუბს. 

როდესაც ჩვენ გუნდში მოვდიოდით, ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს სიგარეტისთვის თავი დაენებებინა. შესაბამისად, ვამატებთ მეორე პირობასაც, რომ სიგარეტის თავის დანებებასთან ერთად უშვერი სიტყვებით ერთმანეთის მოხსენიება მინიმუმ ვცადოთ და შევამციროთ, შემდეგ კი სულ ავკრძალოთ. 

არ მჯერა, რომ მოწინააღმდეგე გუნდს, მსაჯს, ვინმე საერთოდ ერთმანეთს უნდა აგინებდეს და ეს ფეხბურთს უხდება... მჯერა იმისი, რომ სხვა ტიპის კლუბთან გვაქვს და შეგვწევს ძალა, რომ ერთად გადავლახოთ ეს პრობლემები. 

ბევრი საუბარი გვქონდა ფან-კლუბთან დაკავშირებით, ე.წ. ჯუნგლები ნერვებს გვიშლიანო... როდესაც მოედანზე გადმოდიხართ, ისვრით აკრძალულ საგნებს, რის გამოც კლუბს აჯარიმებენ, გულრწფელად გეუბნებით, რომ ეს არ მოგვწონს. 

მაგრამ, როდესაც გუნდს მხარს უჭერთ წვიმაში, ქარში, ავდარში, თქვენით ვამაყობთ. როდესაც ტაშს უკრავთ წაგებულ თამაშს, ასევე თქვენით ვამაყობთ! მაშინ, როდესაც ტაშს არ უკრავთ, გვესმის, ვაფასებთ და ვიღებთ, მაგრამ ვერ მივიღებთ შეურაცხყოფას, როგორც გუნდის წევრების, ისე ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ.

გვინდა ჩამოვაყალიბოთ კულტურული, სპორტულ შედეგზე ორიენტირებული გარემო... სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და გვერდს უმაგრებენ... ერთად იბრძვიან სპორტული შედეგებისთვის და არ ამცირებენ ადამიანებს, შეურაცხყოფას არ აყენებენ და ისე მიდიან წინ. 

გვაქვს ამბიცია, რომ ქუთაისის "ტორპედო" სულ მალე საერთაშორისო სტანდარტების კლუბი იქნება... გპირდებით, რომ პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ სპორტული შედეგი ყველასთვის იყოს, მისაღები, სასურველი და კიდევ ერთ სიტყვას ვიტყვი - საამაყო!

თუ ეს არ გამოვა, ჩვენ გვექნება ყოველთვიური შეხვედრები, ამ საკითხის დეტალური განხილვა, მიზეზებზე საუბარი და არც ის გვიჭირს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები! ყველაფერს აქვს თავისი დრო და ფორმა...

გია ცეცაძის ის განცხადება, ჩვენ რომელიც გუშინ ჩაგვივარდა, არ დავაკმაყოფილეთ, რადგან ჩვენ არ გვინდა ასეთი ურთიერთობის წახალისება და ეს არის ყოვლად მიუღებელი! მისი საქციელი გულშემატკივრების მიმართ ჩემთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი! ისევე, როგორც ჩემთვის მიუღებელია მისდამი გამოვლენილი ისეთი მტრული დამოკიდებულება, რომელიც იმ მომენტში ჩვენ ყველამ ვიგრძენით", - თქვა კერესელიძემ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
შენ ბიძიკო ჩაჩავას გზას ხო არ გაუყვები, მთელ სსრკ-ში ზრდილობას და სწორ საქციელს ქუთაისიდან იღებდნენ და რამენაირად დავლაგდებით შენ გარეშე.
კოტე
16:20 06-04-2022
20
რისი რესურსიც აქვს ამჟამინდელ სპონსორს იმდენს ხარჯავს და შედეგიც ადეკვატური უნდა მოითხოვოთ. თუ არადა გაგექცევათ ეს ხალხიც და ითამაშეთ მერე ლიგა 2-ში (ჯერ უმაღლესი რაა) და ითხოვეთ ,,შედეგი". დაუსვით კითხვა თქვენ თავს თუ რატომაა მუდმივად ასეთი პრობლემები მხოლოდ ტორპედოში...
ზურა
18:34 06-04-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული