ხვიჩა კვარაცხელია სანამ მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდოდა, შეთავაზება ლისაბონის "სპორტინგიდან" ჰქონდა.
ხვიჩა "რუბინში" გაიხსნა, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ სწორედ იქ ჩამოყალიბდა. ამიტომ კვარაცხელიას რუსეთში წასვლას ნეგატიურად ვერ შევაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ "სპორტინგი"-"პორტუს" თამაშის ხილვა უფრო გვესიამოვნებოდა, ვიდრე "ლოკომოტივი"-"სპარტაკის" ან "რუბინი"-"ურალის". პორტუგალიაში ხვიჩას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ჯდომა, 18 წლის ფეხბურთელი კი მხოლოდ ვარჯიშებსა და მეორე გუნდში თამაშით ვერ ვითარდება. ხვიჩა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ რუსეთში მოემზადა, მას განვითარებაში ხელი "რუბინში" შეუწყვეს და ეს რეალობაა.
მაგრამ ფეხბურთელისთვის მხოლოდ ევროპული ფეხბურთის ნაწილად გახდომა მიზანი შეუძლებელია იყოს. ასეა ხვიჩაც. ის პირველ რიგში ადამიანია, მერე - კაცი, მერე ქართველი და შემდეგ ფეხბურთელი. როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, კვარას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. გახსოვთ, "რუბინში" რთული პერიოდი რომ ჰქონდა, საქართველოს ნაკრებში როგორ თამაშობდა? ამ ადამიანს საკუთარი ქვეყანა ფეხბურთზე მეტად უყვარს, საქმიანობის იმ სფეროზე მეტად, რისი წყალობითაც ცნობილი, დაფასებული და წარმატებული გახდა. ეროვნულ გუნდში ხვიჩას 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მასთან ერთად ნაკრები მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა. ხვიჩამ კი საპასუხოდ გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის ჩემპიონატი უკრაინაში ომის დაწყებისთანავე არ დატოვა. ხვიჩას წამოსვლას ომის გაჩერება არ შეეძლო, ფეხბურთელი არც "რუბინში" აპირებდა დარჩენას, ომის საწინააღმდეგო პოსტი "ინსტაგრამში" გამოაქვეყნა. მეტი რა უნდა ექნა? იარაღი აეღო ხელში და საბრძოლველად წასულიყო?
გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორია - მისი კრიტიკის დროს ხშირად გამოიყენებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც, უკრაინელები ჩვენი ისტორიული მეგობრები არიან, ჩვენი კარგად ესმით და ქართველ ფეხბურთელს რუსეთი მანამ უნდა დაეტოვებინა, სანამ ამას სხვა ქვეყნის წარმომადგენლები გააკეთებდნენ. უკრაინელებისა და ჩვენი მეგობრობის საკითხი ნათელია; ჩვენც და ისინიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლაში რომ ვართ ჩართულები, ესეც, თუმცა ერთი არაპოპულარული შეკითხვის დასმაც შეიძლება: თუ უკრაინელებს ჩვენი ყველაზე კარგად ესმით და ჩვენი ერები ერთმანეთთან იმაზე ახლოს არიან, ვიდრე რომელიმე სხვა დასავლურევროპულ ხალხთან, 2008 წელს, საქართველოში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ჩემპიონატიდან რატომ არცერთი უკრაინელი არ წამოსულა? რაც უკრაინელებს არ გაუკეთებიათ, ზუსტად იმის გამო რატომ ვლანძღავთ და ვაგინებთ იმ ადამიანს, რომელიც ფეხბურთით მთელი ჩვენი საზოგადოების გახარებას ახერხებს?!
და ვისი დამსახურება იყო მისი კარიერის მსგავსი განვითარება? მხოლოდ კვარაცხელიასი? იქნებ აგენტისაც? ამ საკითხზე თითქმის არავინ საუბრობს, რადგან მამუკა ჯუღელზე კარგის თქმისგან ჩვენი კოლეგები თავს იკავებენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსული ტერმინებით საუბრობს და ფეხბურთელები რუსეთში მიჰყავს. ბრიტანეთმა არგენტინას ფოლკლენდის კუნძულები წაართვა, მათთან ბრძოლაში ათასობით არგენტინელი დაიღუპა და ის არგენტინელი აგენტები, რომლებსაც ფეხბურთელები ინგლისში მიჰყავთ ან თავად ნისლიან ალბიონზე გადასული მოთამაშეები ქვეყნის მოღალატეები არიან? ეს ფეხბურთის სფეროა, სპორტის და არა ომის. აქ საუბარი ომზე გვაქვს და არა პოლიტიკაზე. ცხადია, სპორტსა და პოლიტიკას შორის დიდი კავშირი არსებობს, მაგრამ ეს პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს, რადგან პოზიტიურ პოლიტიკურ კავშირებს ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოებიც ინარჩუნებენ. რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი 8 წელია ოკუპირებული აქვს, ჩვენმა მოძმე ქვეყანამ კი მოსკოვიდან ელჩი მხოლოდ მას შემდეგ გამოიწვია, რაც რუსებმა კიევის აღება დააანონსეს.
მამუკა ჯუღელს კი ფეხბურთელები რუსულ კლუბებში მიჰყავდა, გაცილებით მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას აძლევდა, ვიდრე ბევრს შეეძლო. მოთამაშეები იმაზე გაცილებით მეტ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე სხვა ქვეყანაში გადაუხდიდნენ. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს ნაკრების მოთამაშეების ძალიან დიდი ნაწილის აგენტი მამუკა ჯუღელი იყო. რეალურად რომ შევხედოთ, ამ ადამიანს ქართული ფეხბურთისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. თემურ ქეცბაიას ყველა ჩვენგანი ტაშს უკრავდა, როცა ანორთოსისში ქართველი მოთამაშეები წაიყვანა და სანაკრებო მატჩების წინ სათამაშო პრაქტიკა მისცა. მაგრამ რატომ უნდა დავუკარგოთ მსგავსი საქმეები ჯუღელს? თან, თითქმის 20 წლის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატიდან მოთამაშეები ევროპის სიძლიერით მეექვსე ლიგაში მიჰყავდა და არა მხოლოდ მიჰყავდა, იმასაც ახერხებდა, რომ მის ფეხბურთელებს ეთამაშათ.
კიდევ ერთი საკითხია, რა კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ აგენტის მუშაობა? მას ვალდებულება ფეხბურთელსა და მის ოჯახთან აქვს. თუ მოთამაშე კმაყოფილია, ნიშნავს, რომ აგენტი კარგად მუშაობს.
ყვავს თავისი ბახალა ულამაზესი ეგონაო, ეგრე ვართ ჩვენც. გვგონია, რომ საქართველოში ისეთ ფეხბურთელებს ვზრდით, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თუ არა, "დორტმუნდსა" და "აიაქსში" მაინც უნდა თამაშობდნენ. არადა, რეალობა სულ სხვანაირია. 21-ე საუკუნეში საქართველოდან წასულმა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა აიწყო ხანგრძლივი, წარმატებული კარიერა ევროპის ტოპ 5 ლიგაში და ეს ზურაბ ხიზანიშვილი იყო. გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს ახლა იწყებს...
კიდევ ვიღაცებს მამუკა ჯუღელის რუსული ტერმინებით საუბარი არ მოსწონს. არადა, თითოეული ჩვენგანი რამდენ რუსულ სიტყვას ვამბობთ დღეში? მაინცდამაინც ინგლისურ-ფრანგული სლენგებით უნდა ისაუბროს ადამიანმა? პაღდოონ! ამიტომ, რუსული სიტყვების გამოყენებისათვის ადამიანის გაკრიტიკება სრულიად უადგილოა, რამდენადაც უნდა გვეზიზღებოდეს რუსეთის სახელმწიფო და მისი დიქტატორი. რუსი არაა სლუცკი, რომელმაც კვარაცხელიას განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა?!
მამუკა ჯუღელმა კიდევ ერთი კარგი გადაწყვეტილება ნუკრი რევიშვილსა და ლადო დვალიშვილთან ერთად მიიღო. ცხადია, ეს ხვიჩას სურვილიც იყო. ბუნებრივია, კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადმოსვლას ვგულისხმობთ. ხვიჩა ჩამოვიდა თუ არა საქართველოში, სტადიონები გაივსო, თბილისის "დინამოს" თამაშზე ათობით ათასი ადამიანი მოვიდა, როცა ჩემპიონატის შეხვედრებს რამდენიმე ასეული გულშემატკივარი ესწრება. ეს იყო ის საჩუქარი, რაც მამუკა ჯუღელისა და ხვიჩა კვარაცხელიასგან ქართველმა გულშემატკივარმა მიიღო. როდის ითამაშებს 18 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ლიგაში? როდის ნახავს მაყურებელი წყალტუბოს სტადიონზე "ნაპოლის" დონის მოთამაშეს? მას შემდეგ, რაც ჯუღელმა კვარაცხელიასა და დავითაშვილისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვება მოახერხა, ხვიჩას თურქული გრანდები იწვევდნენ. 3 თვეს "გალათასარაის", "ფენერბაჰჩეს" ან "ტრაბზონსპორის" მაისურით გაატარებდა, სატრანსფერო ღირებულებაც მოიმატებდა, მეტ გასამრჯელოს გამოიმუშავებდა, მაგრამ საქართველოში წამოვიდა. ეს არ უნდა აღვნიშნოთ, არაფერი უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებმა დიდი ფეხბურთი ქართულ სტადიონებს დაუბრუნეს?
ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გვინახავს ბოლო პერიოდში, რომლებმაც კარიერაში ბევრ ვერაფერს მიაღწიეს. შესაძლოა, ხვიჩას დარი ტალანტი არ ჰქონდათ, თუმცა იმდენი მაინც შეეძლოთ, იტალიის სერია A-ს საშუალო დონის გუნდში მაინც მოხვედრილიყვნენ, თუმცა ვერ შეძლეს. მამუკა ჯუღელმა კი პასუხისმგებლობა აიღო და კვარაცხელია "ნაპოლიში" იდეალურ დროს მიიყვანა. ტექსტი შერეკილების ციტირებით დავიწყეთ და ეგრე დავასრულებთ კიდეც. ხვიჩას მომავალზე საუბრისას, მისი ტრანსფერის განხილვისას ძალიან ბევრს თავი პროფესორად მოჰქონდა და ამბობდნენ, მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას კარგ გუნდში ვერ წაიყვანსო, მაგრამ "ვინ ყოფილა გამოტვინებული?"
ყოველთვის დავიცავ უცოდინარი, უმაქნისი ადამიანებიაგან კიდევ.
უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება, ნუ ცდილობთ დადებით კონტექსტში დაგვანახოთ რუსეთი, და ჩვეულებრივ მოვლენად აქციოთ ნიჭიერი ბავშვების რუსეთში გადინება, ნუ ცდილობთ ყველას ნაცები გვეძახოთ და სიძულვილი ანთხიოთ ჩვენს მიმართ, ვისაც არაფერ რუსულთან არ გვინდა საერთო გვქონდეს და ნიჭიერი ბავშვების ყაზანში და ურალში თამაშის მომხრეები არ ვართ.
ისეთ სიძულვილით აღსავსე კომენტარებს ვკითხულობ რავიცი, მე ხვიჩას დაცვის მეტი აქ არაფერი მიკეთებია და რას გვაბრალებს ეგ ხალხი ვერ ვხვდები.
თვითონ ხვიჩა ამბობდა,რომ წასვლა უნდოდა რუსეთიდან და აქ უკეთ იციან მისი მომავალი თურმე.. ღმერთს მადლობა, რომ ეგ მოხდა და ის არასპორტული, ბნელი, არაპროფესიონალი და ოკუპანტი ქვეყანა დატოვა.
როგორ ლამაზადაც არ უნდა შევფუთოთ რუსეთი არ გამოდის მაინც და ჯობია რაც არ მოგვწონს ვთქვათ და ევროპული დონის ფეხბურთელი რომ გეყოლება მათ რუსეთში ჩალპობაზე პროტესტის გამოთქმის უფლება დაგვიტოვოთ!!!
აქ ზოგიერთი იმდენად ვერ იტანს ევროპას, მგონი როტორში ურჩევნია ან გროზნოს ახმატში ხვიჩა იყოს ვიდრე იმ "გარყვნილ" ევროპაში.
:))))
სასაცილოც აღარ არის.
მაგრამ არაა ასე!
ყველას გვაქვს უფლება არ გვინდოდეს ჩვენი ნიჭიერი ბავშვების მაგ ქვეყანაში გასვლა.
ევროპაში გაცილებით მეტს მიაღწევდა ჩვენი ხალხი, რუსეთი და რუსეთის მომხრეები რომ არ გვექაჩებოდეს უკან.
ლიტერატურის მეტი რა შექმნეს კარგი? მთელი რესურსი დამყრობლურ პოლიტიკას გადააყოლეს.
150 მილიონი არიან კარგი ადამიანები როგორ არ ჰყავთ და კარგი პიროვნები, ბოლოს და ბოლოს ჩემი ყველაზე საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი (თავადი მიშკინი) რუსია.
არანაირი პიროვნული მიუღებლობა არ მაქვს მათი, უბრალოდ შეუძლებელია რუსეთის როგორც სახელმწიფოს მიმართ დადებითად განეწყო და იქ დროის გატარება მოგინდეს. ყველაფერი მოწამლულია იმპერიალისტური განწყობებით.