„გაგრა“ განვითარების თვისობრივად სხვა ფაზაში გადადის, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ პროექტებზე მუშაობა დაიწყო. ამ პროექტების ფარგლებში შეიცვლება მიდგომა, როგორც კლუბის მენეჯმენტის კუთხით, ისე ფეხბურთელებისადმი. ამიერიდან „გაგრა“ მეტად ორიენტირებული იქნება უცხოურ ტრანსფერებზე.
ამის გამოცდილება გუნდს გააჩნია. გულშემატკივარს ახსოვს თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი. ბოლოს მსგავსი რამ გასული სეზონის ბოლოს მოხდა, როცა მეკარე კერესელიძე თბილისის „დინამოში“ გადავიდა. გვესაუბრება „გაგრას“ გენერალური მენეჯერი ლევან მეტრეველი.
– კლუბი მეტად ორიენტირებული იქნება ფეხბურთელების ტრანსფერებზე. როცა ფეხბურთელს ვარჩევთ, უმთავრესი კრიტერიუმი არის, რომ მოხდეს შემდგომში ამ ფეხბურთელის ტრანსფერი ევროპულ კლუბებში.
ჩვენ აფრიკიდან ჩამოვიყვანეთ ბენინის 20-წლამდელთა ნაკრები გუნდის ფეხბურთელები. საინტერესო მოთამაშეები არიან.
– შეგიძლიათ თქვათ, რომ ისინი „გაგრას“ ფეხბურთელები არიან?
– ისინი კლუბში სინჯებზე იმყოფებიან. დღეისთვის, ოფიციალურად შემიძლია განვაცხადო, რომ საყრდენი ნახევარმცველი ტამიმუ ოუ ო’როუ „გაგრას“ ფეხბურთელია. მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ.
– ბატონო ლევან, როგორ მოხდა მათი საქართველოში ჩამოყვანა?
– ჩვენ დავუკავშირდით ცნობილ საფეხბურთო აგენტს ლაშა ჯაკობიას, რომელმაც ეს ფეხბურთელები შემოგვთავაზა. მათი ჩამოყვანა ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა.
– კლუბში სხვა ლეგიონერებიც არიან…
– ჩვენ დავიმატეთ უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ვორობეი. მასთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გავაფორმეთ + 1-ის პერსპექტივით. გუნდში ასევე ველოდებით სენეგალელ გარემარბ დაფეს, რომელსაც საქართველოში თამაშის გამოცდილება აქვს.
– და ქართული ტრანსფერები…
– გუნდში დაბრუნდა თამაზ მაქაცარია, რომელთანაც ვორობეის მსგავსი, ანალოგიური კონტრაქტი გავაფორმეთ. თამაზი მაღალი კლასის ფორვარდია და მისი ძალიან გვეიმედება. დავიმატეთ ლომთაძე, ცოტა უფრო ადრე ლომინაძე. ვფიქრობ, ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება.
– საინვესტიციო პროექტზე დიდი ენერგიით არის ჩართული კლუბის ხელმძღვანელობა. პირადად პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, – ბატონები ბესო და გოდერძი ჩიხრაძეები. საუბარია კლუბის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციაზე. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული. გამოიკვეთა კარგი პერსპექტივები. იმედი გვაქვს, რომ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობამდე მივალთ.
fcgagra.ge