არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მატჩებზე სიმბოლურ ფასად დასწრებას დაჰპირდა:

"მსურს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო და ჩემი შეხედულება გავუზიარო "დინამო ბათუმის" ერთგულ გულშემატკივარს.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც იგივენაირად და რიგ შემთხვევებში უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას.

აქვე სიამაყით მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება, ჩემი და ჩემი პარტნიორების კლუბის სათავეში მოსვლის
შემდეგ "დინამო ბათუმის" განვითარების ვექტორი საფუძვლიანად შეიცვალა და შესაბამისად იცვლება მოთხოვნებიც. ახლა "დინამო ბათუმისგან" მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან. პირადად ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი მონაპოვარი და მომავალი პროგრესის საწინდარი.

არაერთხელ მითქვამს და ყოველთვის და ყველგან ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს ჩვენს ზრდასა და განვითარებაში გულშემატკივარს. ამ ერთობის გარეშე რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "დინამო ბათუმის" დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო ოთხ საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად გაიყიდება. ეს გადაწყვეტილება იმითაც არის განპირობებული, რომ ფული არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მთავარი ჩვენი ერთიანობაა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟესტი დადებით ეფექტს მოახდენს გულშემატკივარზე, რაც დარჩენილ მატჩებში სავსე ტრიბუნებს, საოცარ ქომაგობას და "დინამო ბათუმის" გამარჯვებებს მოგვიტანს".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ფულს არა აქვსო მნიშვნელობა ამბობთ, მაშინ როცა 5-10 ლარიანი ბილეთები ქრებოდა პირველ 5 წუთში და უმეტესწილად 25 ლარიან ბილეთებს ყიდდით, პირადად მაქვს ორჯერ ნაყიდი 5 ლარიანი ბილეთი 15 ლარად იმ ორგანიზაციების ხალხიდან რომლებსაც ურიგებდით რაღაც გაუგებარი მოტივებით. რამდენადაც პრესიდან გვახსოვს აზაროვის ტრაბზონში ტრანსფერის ჩაშლა სწორედაც რომ ფულს დაუკავშირეთ. ლიგის წინ ცოცხალი თავით არ მოიყვანეთ ცენტრალური მცველი, როცა გულშემატკივარიც კი ხვდებოდა რომ სერიოზული მიზნებისათვის დაცვის რგოლი აუცილებლად გასაძლიერებელი იყო. იყო ძალიან კარგი ვარიანტებიც: კვირკველია და ტაბიძე ფაქტიურად მუქთად.ჩემპიონობას რაც შეეხება, აქ მენეჯმენტის როლი თუ არის, არანაკლებია სხვა გარემოებებიც: უპირველესად დინამო თბილისის და სხვა კლუბების კრიზისი და იქიდან ფეხბურთელების გადინება, მიიღეთ ასეულ მილიონიანი სტადიონი მუქთად. და ბოლოს ყველაზე მთავარი: გაანიავეთ უზარმაზარი ბენეფიტი, რაც ხვიჩას უზარმაზარ წარმატებას უკავშირდება. მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის გახდა ცნობილი ბათუმის დინამო. არ მოახდინეთ ამ ციდან ნაწყალობევი უფასო რეკლამის კაპიტალიზება.( შეიძლება ხვიჩას ჩამოსვლაც მიიწეროთ, მაგრამ ყველამ ვიცით ომის გარეშე, თქვენი რეალის სათავეში მისვლას უფრო დავიჯერებდი, ვიდრე ხვიჩას აქ ჩამოსვლას). ყოველივე ამის შემდეგ გამოდიხართ და 50 თეთრზე გველაპარაკებით. ამაზე უფრო არაადექვატური, შეურაცხმყოფელი განცხადების წარმოდგენა შეუძლებელია.
ამატაკი
12:10 16-10-2022
0
რომან ბერიძე)))
გიუშა
09:32 14-10-2022
3

სიახლეები პოპულარული