ორივე "დინამომ" მოიგო; "საბურთალომ" "სამგურალი" შეაჩერა, "დილამ" "გაგრას" აჯობა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური გაიმართა. ახლა ლიდერი ერთპიროვნულია, რადგან "დინამო ბათუმმა" მოიგო, ხოლო წყალტუბოს "სამგურალმა" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა: "საბურთალო"-"სამგურალი" 5:1... ჩემპიონმა "დინამო თბილისმა" მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილი პენალტით მოუგო ქუთაისის "ტორპედოს". "დილამაც" იმარჯვა და ცხრილის ორივე ნაწილში დიდი სიმჭიდროვეა ქულების მხრივ.

შუქურა 2:2 სამტრედია

ბოლოსწინაადგილოსნისა და აუტსაიდერის დაპირისპირება ფრედ დასრულდა. "შუქურას" ახლა ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, "სამტრედიას" კი - ექვსმატჩიანი.

"შუქურა" მალე დაწინაურდა: სამხრეთაფრიკელმა ბანტუ მზვაკალმა გიორგი ჯანელიძის პასი გამოიყენა, წინ გამოსული მეკარე რეზო ლომიძე მოატყუა, პაუზაც
კარგი გააკეთა და ახლოდან გაიტანა.

"სამტრედიამ" 62-ე წუთზე გაათანაბრა, შეცვლაზე შესულმა ვანო ჩარგეიშვილმა დასწრებაზე ითამაშა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

გავიდა რამდენიმე წუთი და მზვაკალმა დუბლი შეასრულა: საჯარიმოს გარედან ცხრიანში დაარტყა - 2:1.

ბოლოს კი პენალტი დაინიშნა "შუქურას" კარში და სამტრედიელთა მცველმა ვარლამ კილასონიამ გამოიყენა - 2:2.

ისე, საკმაოდ გახსნილი მატჩი იყო...

ტორპედო 2:3 დინამო თბ

ქუთაისის "ტორპედო"-"დინამო თბილისის" დაპირისპირება ამჯერადაც დაძაბული გამოდგა. დინამოელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ. მერე "ტორპედომ" ოთხწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანა და გაათანაბრა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჩემპიონმა მაინც მოახერხა და სამი ქულა მოიპოვა.

"დინამო" ულად-ომარ იმრანმა დააწინაურა შორეული დარტყმით. მეორე ტაიმის დასაწყისშივე იმრანმა გიორგი ხარაიშვილის კარგი პასის შემდეგ გაუტანა ოთო გოშაძეს - 0:2. იმრანს 9 გოლი მოუგროვდა მიმდინარე სეზონში, თან ბოლო 4 ტურში ზედიზედ გააქვს: 5 ბურთი მიითვალა.

62-ე წუთზე ტორპედოელმა გიორგი კუხიანიძემ ირაკლი ბუღრიძის გარღვევისა და პასის მერე ახლოდან გაიტანა... ხოლო ოთხ წუთში თავად ბუღრიძემ დამატებაზე ითამაშა კარგად: გიორგი არაბიძის დარტყმის მერე მეკარე დავით კერესელიძემ მოიგერია ბურთი და ირაკლიმაც ზუსტად გადაგზავნა კარში - 2:2.

ორმხრივი შეტევები იყო, ხოლო დამატებულ წუთებზე არბიტრმა ჯენერი ხორავამ VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა მასპინძელთა კარში. იქ ტორპედოელი გიორგი ქობულაძის ხელით თამაში დააფიქსირა. უსმანე კამარამ პენალტი ზუსტად შეასრულა და 2:3...

ეს იყო შოტლანდიელი მწვრთნელის, სტივ კინის სადებიუტო მატჩი "ტორპედოს" მწვრთნელის რანგში. ქუთაისელებმა ზედიზედ მესამედ წააგეს და მეექვსე ადგილზე არიან. მოქმედი ჩემპიონი კი ისევ მეოთხე პოზიციაზეა.

კონკრეტულად საქართველოს ჩემპიონატში "დინამო თბილისსა" და "ტორპედოს" შორის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ასეთია: 87 მატჩიდან 48 "დინამომ" მოიგო, 17 "ტორპედომ", ხოლო 22 ფრედ დასრულდა.

საბურთალო 5:1 სამგურალი

"საბურთალო" უკვე მეორე ადგილზე გადავიდა. გუნდი მეორე წრეს მშვენივრად ატარებს და წყალტუბოს "სამგურალსაც" დაუმთავრა მშვენიერი სერია: 9-მატჩიანი წაგებელი, საიდანაც წყალტუბოელებმა 8 მოიგეს და მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფრედ.

23-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავას აქტიურობასა და ომარ პატარკაციშვილის ხელით თამაშს მოჰყვა პენალტი, თუმცა "საბურთალომ" ეს ვერ გამოიყენა: შეიკნე სილას დარტყმული ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია და დამატებაზე გიზო მამაგეიშვილსაც აუღო.

თუმცა გავიდა ორიოდე წუთი და გიზო მამაგეიშვილის პასს მოჰყვა ლევან ნონიკაშვილის ზუსტი დარტყმა - 1:0. მეორე ნახევარში კი სილამ მაინც გაუტანა "სამგურალს" და ეს მალელის მეექვსე გოლია სეზონში.

71-ე წუთზე ჯინჯოლავამ მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში. ეს საბურთალოელთა მარცხენაფლანგელის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ბოლო წუთებში კიდევ გავიდა გოლები. ჯერ ლუკა სილაგაძემ სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა ჩახვეული დარტყმით...

მერე "სამგურალმა" მოახერხა ანგარიშის შემცირება: შეცვლაზე შესულმა ლადო ჩიხრაძემ კარგად შეასრულა - 4:1... ეს ჩიხრაძის მეექვსე გოლია სეზონში.

და ბოლოს ზაზა ციცქიშვილმაც მშვენიერი გოლი მიითვალა: ორ მცველს გასცდა, პაუზა და ცაციით დაბალ კუთხეში. ჯინჯოლავას მსგავსად, ციცქიშვილმაც პირველად გაიტანა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წლევანდელ სეზონში.

საბოლოოდ 5:1. "საბურთალო" "სამგურალს" გაუთანაბრდა ქულებით და ბურთების შეფარდებით გაუსწრო.

დილა 1:0 გაგრა

გორის "დილამ" კონგოელი რომარიკ ეტოუს გოლით მოუგო "გაგრას". საჯარიმო დაინიშნა, რევაზ ჩიტეიშვილმა ჩააწოდა, იქ ნიკა გაგნიძემ თავით მეკარის ბაქანთან გადააგდო ბურთი და ეტოუმ დასწრებაზე გაიტანა.

კიდევ იყო მომენტები, სულაც ბოლო წამებზე "გაგრას" ნახევარმცველმა ჩაგანავამ ხარიხას მოარტყა ბურთი.

"დილას" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ 8-დან 6 შეხვედრა მოიგო. ანდრი დემჩენკოს გუნდი მეხუთე ადგილზეა, მაგრამ მეორეადგილოსანს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

"გაგრა" კი მეშვიდე საფეხურზეა.

დინამო ბთ 2:0 თელავი


"დინამო ბათუმმა" ჯოვინო ფლამარიონის დუბლით სძლია "თელავს" - 2:0. ბათუმელები სამქულიანი ფორით ლიდერობენ.

ჯოვინომ ორივე გოლი მუსა კონატეს პასით გაიტანა. ბრაზილიელს 11 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში პირველია.

"თელავს" რაც შეეხება, მერვე ადგილზე დარჩა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 26 /
Ფირუზიიი...ჩამოდი კაკაო დალიე.
Ფირუზ თქვენ საერთოდ ხმას რატო იღებთ?არა გრცხვენიათ მაინც ისტორიის არსებობის მანძილზე ერთი ფეხბურთელი რომ არ გაგიზრდიათ? Რომ გაიძახი ბალელშიკობაო.ჯო დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზასთან რო ხართ ატუზულუბი რო იქნება ვინმე ფეხბურთელი გამოუშვას დინამომ რო ბათუმში წაიყვანოთ არ გიტდებათ?რო ბალელშიკობთ ვის ბალელშიკობთ?ერთი ბათუმელი ფეხბურთელი იყოლიეთ გუნდში წამლათ და...
Ფირუზ-ს
10:03 26-05-2023
1
Ტორპედო ისეთივე ფეხბურთის გუნდია როგორ მათ ვითომ ქარხნის მიერ დამზადებული მანქანები,ეგრეთ წოდებული ,,შინმოუსვლელები".
შელია
20:48 25-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული