ტური 21: ბოლო წუთების ფასი

AutoSharing Option
გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ორი მატჩი. ლიდერმა გორის "დილამ" ბოლო წამებზე გაუშვა გამარჯვება ხელიდან და "თელავთან" ფრედ ითამაშა, ხოლო "კოლხეთი 1913"-მა "გაგრას" აჯობა.

დილა 1:1 თელავი

90 წუთში გოლი არ გასულა, აი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კი... ჯერ "დილა" დაწინაურდა. გორელებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ სიდიკი ტრაორეს ხელზე მოხვდა, არბიტრმა ბაკურ ნინუამაც VAR-ზე გადამოწმების შემდეგ დანიშნა პენალტი. ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და სეზონში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

თუმცა 96-ე წუთზე თელავმა გაათანაბრა, კერძოდ, თორნიკე მორჩილაძის
პასს მოჰყვა ნიკოლაი ყიფიანის გოლი. ყიფიანმაც პირველი გოლი მიითვალა წლევანდელ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, თუმცა მხოლოდ ახლა, ზაფხულში შეუერთდა გუნდს.

საბოლოოდ 1:1. "დილა" 6 ქულით უსწრებს "ტორპედოს", რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. გორელებისთვის ეს ზედიზედ მე-18 წაუგებელი მატჩი იყო.

"თელავი" კი ბოლოსწინა ადგილზეა.

კოლხეთი 1913 2:1 გაგრა


ფოთელებმა კვლავ მოიგეს და წაუგებელი მატჩების სერიაც ექვსამდე გაზარდეს. "კოლხეთი 1913" მეხუთე ადგილზეა, "გაგრა" კი მერვეზე დარჩა.

36-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა დააწინაურა ფოთელები, თანაც მშვენიერი გოლით: შორიდან ძლიერი დარტყმით.

ორ წუთში "გაგრამ" ნოდარ ქავთარაძის ასევე ლამაზი გოლით გაათანაბრა. კარგი მოძრაობა და ძლიერი დარტყმა საჯარიმოს გარედან - 1:1.

გამარჯვების გოლი კი ისევ აბუაშვილის დარტყმას მოჰყვა: გიორგიმ კონტრშეტევისას თორნიკე შეყილაძის პასი გამოიყენა და გამოზომილად გაუშვა ბურთი დაბალ კუთხეში - 2:1. ისე, მანამდე ექვსი წუთით ადრეც შეეძლოთ დაწინაურება ფოთელებს, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს: ოლეკსანდრ ვორობეიმ აუღო ერეკლე ჯიჯავაძეს.

და აბუაშვილზეც... მიმდინარე სეზონში 6 გოლი მოუგროვდა.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული