მასპინძლების დღე

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. სამივეში მასპინძლებმა მოიგეს. ვნახეთ ჰეთ-თრიქი, შემოტრიალებული თამაშიც, გაცუდებული პენალტიც...

სამგურალი 3:0 კოლხეთი 1913

წყალტუბოელებმა ლუკა ხორხელის ჰეთ-თრიქით მოუგეს ფოთელებს. ხორხელმა ჯერ ძმის, ნიკა ხორხელის პასის მერე გაიტანა თავურით, მეორე ტაიმში კი ჯერ ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა ზუსტი დარტყმით, ბოლოს კი პირისპირ გასვლისას მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 3:0.

ლუკა ხორხელს 6 გოლი მოუგროვდა მიმდინარე სეზონში. ეს მისი პირველი ჰეთ-თრიქია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ისე, ნიკა ხორხელსაც შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი ააცილა.

გუნდები ცხრილის შუაში არიან. ფოთელები ერთი ქულით უსწრებენ წყალტუბოელებს.

სამტრედია 2:0 გაგრა

"სამტრედიამ" "გაგრას" სძლია. ეს იმერული გუნდის პირველი გამარჯვებაა 3 აპრილის შემდეგ... 15-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

პირველი ტაიმის შუაში "გაგრა" კაცნაკლული დარჩა, რადგან გიორგი უბილავა გააძევეს უხეშობისთვის. მალევე, "სამტრედიამ" პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, რადგან გაგრელთა ფეხბურთელ ირაკლი იაკობიძეს საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი.

თუმცა 11-მეტრიანი გამოუყენებელი დარჩა: დანიელ ოვუსის დარტყმული ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია. სხვათა შორის, ეს ვორობეის მე-5 მოგერიებული პენალტია ბოლო ერთ წელიწადში!

"სამტრედიამ" რიცხობრივი უპირატესობა მაინც გამოიყენა: 75-ე წუთზე დავით უბილავამ დაასრულა ხანგრძლივი შეტევა, მერე კი ზურაბ გიგაშვილმა თავურით 2:0 გახადა ანგარიში.

"სამტრედია" ბოლო ადგილზე რჩება, "გაგრა" კი ბოლოსწინაა. სხვაობა 9 ქულაა.

თელავი 2:1 დინამო ბთ

ორივე გუნდს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც "თელავმა" შეწყვიტა.

არადა, თავიდან ბათუმელები დაწინაურდნენ დავით მუჯირის ლამაზი გოლით. მუჯირმა წლეულს მეორედ გაუტანა თელაველებს - ყოფილ გუნდს...

თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაში შემოატრიალეს. 63-ე წუთზე "თელავის" კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიაყოლა თავური და გაათანაბრა, ხოლო შვიდ წუთში გუნდის უკვე ვიცე-კაპიტანმა დაჩი ცნობილაძემ გაიტანა. ასევე სტანდარტულს მოჰყვა ეს გოლი, ნიკოლაი ყიფიანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მერე არეულობა შეიქმნა და ცნობილაძემ თავით დაამატა - 2:1.

"თელავი" მერვე ადგილზეა. "დინამო ბათუმი" კი - მეოთხეზე.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული