კოლხეთი 1913 2:6 იბერია 1999
თბილისელებმა სტუმრად ოთხბურთიანი სხვაობით სძლიეს ფოთელებს. სულ რვა გოლი გავიდა, აქედან ოთხი კი გიორგი კოხრეიძის ანგარიშზეა. ეს პირველი პოკერია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
სწრაფი გოლი... კოხრეიძემ თორნიკე ახვლედიანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა და 0:1. ანგარიში მალე გათანაბრდა, როცა გიორგი მელქაძის გამოზომილ პასს მოჰყვა გიორგი აბუაშვილის კარგი თამაში და ზუსტი დარტყმა... ეს აბუაშვილის მეშვიდე გოლია სეზონში.
აი, მეორე ნახევარში კი იბერიელებს ყველაფერი გამოსდიოდათ. კოხრეიძემ ძლიერი დარტყმით მესამედ გაიყვანა წინ იბერიელები, ხოლო 64-ე წუთზე ანგარიში 2:4 გახდა... იური ტაბატაძე წააქციეს, პენალტი დაინიშნა და კოხრეიძემ ამჯერადაც კარგად გამოიყენა.
ამის მერე ფოთელები სულაც ათი კაცით დარჩნენ, რადგან ზურაბ ერაძე გააძევეს შეტევის უხეშად ჩაშლისთვის.
2:5 კი ასე გახდა: კოხრეიძემ საჯარიმო შეასრულა, ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი თორნიკე ახვლედიანმა აკრობატული ნახტომით გაიტანა. ეს ახვლედიანის პირველი გოლია "იბერია 1999"-ში.
ბოლო გოლი კი ისევ კოხრეიძის იყო: მრავალსვლიანი კომბინაცია დაასრულა ძლიერი დარტყმით.
კოხრეიძეს მიმდინარე სეზონში 14 გოლი მოუგროვდა. 15 აქვს ტორპედოელ ბიორნ იონსენს, ხოლო 13 - "დილას" ტაირელ ვაუტერს.
გაგრა 0:3 ტორპედო
ქუთაისელებმა სტუმრად მოუგეს "გაგრას" და ლიდერ გორის "დილას" ისევ გაუთანაბრდნენ ქულებით.
პირველი ტაიმის ბოლოს "ტორპედოს" შემტევმა ფელიპე პირესმა ჩააწოდა და ნიკა სანდოხაძემ თავით ეფექტურად შეუცვალა მიმართულება - 0:1.
მეორე ტაიმის საწყის ათ წუთში კი ტორპედოელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს. ჯერ ელიტონ ჟუნიორმა ძლიერი დარტყმით, ბოლოს კი ბიორნ იონსენმა ცოტნე ფაცაციას დაფარული პასით. იონსენის მე-15 გოლი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში...
ქუთაისელებზე დავწერეთ, "გაგრა" კი მეცხრე ადგილზეა.
სამგურალი 2:2 თელავი
თელაველები ორჯერ იგებდნენ წყალტუბოში, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა.
თელაველები სერბი დეიან გეორგიევიჩის ახლო მანძილიდან გატანილით დაწინაურდნენ. ეს სერბის სადებიუტო გოლია საქართველოში...
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა "სამგურალის" შეტევისას, არეულობაში მათე აბულაძემ ქუსლით ლამაზი გოლი გაიტანა და 1:1.
თუმცა მალევე "თელავი" მეორედ გავიდა წინ, კერძოდ, ბრაზილიელმა ანდრე მენსალაომ თავურით გაიტანა. გეორგიევიჩის მსგავსად, მენსალაოსთვისაც პირველი ქართული გოლია...
"სამგურალმა" მაინც გადაარჩინა თამაში: მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დემურ ჩიხლაძემ შორიდან დაარტყა დაბალ კუთხეში და 2:2. "სამგურალი" ცხრილის შუაშია, მეხუთე ადგილზე. "თელავი" კი მერვეზეა...
erovnuliliga.ge