"ტორპედომ" და "სამტრედიამ" მოიგეს, ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური დაიწყო და სამი მატჩი გაიმართა. იმერულ დერბიში "ტორპედომ" "სამგურალს" მოუგო, "სამტრედიამ" "თელავს" აჯობა, ხოლო "იბერია 1999"-მა და "გაგრამ" ფრედ ითამაშეს.

ტორპედო 1:0 სამგურალი

ქუთაისელებმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვეს და ამ დროისთვის ლიდერობენ. "სამგურალი" კი მეხუთე ადგილზე რჩება.

არადა, მე-16 წუთზე "ტორპედო" ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან კაპიტანი მერაბ გიგაური უხეშობისთვის გააძევეს. არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა ეპიზოდი და ამის შემდეგ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა გიგაურს.

რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, მასპინძლებმა კარი მშრალად შეინახეს, თავად კი პენალტით გაიტანეს. პენალტი
ბიორნ იონსენმა მოიპოვა და თავადვე გაიტანა. ნორვეგიელი 17 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

იბერია 1999 1:1 გაგრა

"გაგრა" თითქმის მთელი მატჩის განმავლობში უგებდა "იბერია 1999"-ს. დასაწყისშივე, ლევან გეგეჭკორის ჩაწოდებული ბურთი გიორგი ხარებაშვილმა გადაგზავნა კარში და 0:1.

ბევრს უტევდნენ იბერიელები, მაგრამ ხან მეკარე ოლეკსანდრ ვორობეი თამაშობდა კარგად, ხან - სხვა ფეხბურთელები, ხან კი დარტყმები იყო არაზუსტი. მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა: გიორგი კოხრეიძემ ჩააწოდა, გიორგი ჯგერენაიამ ოსტატურად გაატარა ბურთი და სიხარულიძემ ფეხით კარში გადაგზავნა - 1:1. ირაკლი სულ ხუთიოდე წუთის შესული იყო მინდორზე.

"იბერია 1999" მესამე ადგილზე დარჩა, "გაგრა" კი მერვეზეა.

სამტრედია 2:1 თელავი

აუტსაიდერმა "სამტრედიამ" ბოლოსწინაადგილოსან "თელავს" მოუგო და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ ცხრილის ქვედა ნაწილში დაიძაბა სიტუაცია.

37-ე წუთზე "თელავი" დაწინაურდა, კერძოდ, ფირუზ მარაქველიძემ არეულობაში კარგად ითამაშა და ცხრიანში დაარტყა. გარდა ამისა, პირველ ტაიმში სტუმრებმა ორჯერ მოარტყეს ბურთი ძელს, თუმცა ტაიმის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა: კარგი კომბინაცია იყო, ბოლოს კი რატი არდაზიშვილის პასს მოჰყვა დავით უბილავას გოლი.

მეორე ტაიმში კი ერთი გოლი ვნახეთ: არდაზიშვილმა პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - 2:1...

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქუთათურებო ცოტა მეტნი თუ მოხვალთ სტადიონზე კარგი იქნება. ბიჭებსაც მუხტი მიეცემათ და საქმეც გაკეთდება
იბრუხ მართალი
10:28 27-09-2024
0
გამარჯობა, კორღალიძე უნდა წავიდეს!!! ეგ ვინ ყოფილა
კორღალ კორუმპ
17:37 27-09-2024
0

სიახლეები პოპულარული