დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტურის სამი მატჩი გაიმართა. "დინამო ბათუმმა" "გაგრას" სძლია, მოქმედმა ჩემპიონმა "იბერია 1999"-მა გორში "დილას" მოუგო, "კოლხეთი 1913"-ისა და "დინამო თბილისის" დაპირისპირება კი უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია: ჯაბა კანკავა თითქმის 21-წლიანი შესვენების მერე დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს, ვაკო გვილიამ კი საერთოდ პირველად ითამაშა ქართულ კლუბში.

კოლხეთი 1913 0:0 დინამო თბ

ქობულეთში გამართულ მატჩში გოლი არ გასულა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ 0:0. დინამოელთა სასტარტოში იყვნენ ჯაბა კანკავაც და ვაკო გვილიაც - საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველები. კანკავა 18 წლის
იყო, როცა "დინამოში" თამაშობდა და 2004 წლის ბოლოს გადავიდა ვლადიკავკაზის "ალანიაში". მას მერე ქართულ კლუბში არ ყოფილა და აი, თითქმის 21-წლიანი შესვენების მერე ითამაშა. სხვათა შორის, "დინამოში" ადრეც 23 ნომერი იყო და ახლაც ასეა.

101 მატჩი, 10 გოლი - ასეთია ჯაბას სტატისტიკა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

გვილიამ კი ზოგადად ქართულ გუნდში პირველად ითამაშა. ის ბოლოს პოლონურ "პიასტში" გახლდათ. საქართველოს ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

დინამო ბთ 2:1 გაგრა

სამივე გოლი საწყის 20 წუთში გავიდა. ალბანელმა უერდი მარამ კუთხური ჩააწოდა და ლუკა წულუკიძემ თავურით დააწინაურა ბათუმელები. ეს წულუკიძის პირველი გოლია ბათუმელთა მაისურით...

"გაგრამ" მალევე გაათანაბრა. მასპინძელთა მარცხენაფლანგელ ნიკა კალანდარიშვილს ხელზე მოხვდა ბურთი, პენალტი კი ლევან გეგეჭკორმა გამოიყენა - 1:1.

რამდენიმე წუთში "დინამო ბათუმი" მეორედ და როგორც გაირკვა, საბოლოდ დაწინაურდა. უერდი მარამ საჯარიმო მშვენივრად შეასრულა - 2:1.

დილა 0:1 იბერია 1999

მოქმედმა ჩემპიონმა წლევანდელ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სამი მატჩიდან სამივე მოიგო. ერთადერთი გოლი თავური დარტყმით ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. მან ლუკა სილაგაძის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი გადაგზავნა კარში. ეს მოხდა პირველი ტაიმის ბოლოს...

სიხარულიძისთვის ეს 125-ე გოლია საქართველოს ჩემპიონატში (საუბარია მთავარ ლიგაზე). ყველა დროის ბომბარდირთა შორის ირაკლი ერთპიროვნულად მეხუთე ადგილზე გადავიდა. 124-124 ჰქონდათ მას და დავით ჯანაშიას. სიხარულიძეზე წინ არიან ზურაბ იონანიძე - 216, ლევან ხომერიკი - 140, ჯაბა დვალი - 127, გია მეგრელაძე - 126.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
"იბერიამ" ძალიან კარგად დაიწყო ჩემპიონატი!!!
tngh
18:31 11-03-2025
0

სიახლეები პოპულარული