სანაკრებო თემაზე: ნახევარდაცვას ახალი სისხლი სჭირდება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს განაახლებს.

ეროვნული გუნდის ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია, მაგრამ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მის შემადგენლობაში ყოველთვის შეიძლება მოხდეს ცვლილებები.

ვლადიმირ ვაისს მაინცდამაინც არ უყვარს მკვეთრი ცვლილებები, მაგრამ ადგილ-ადგილ არც ექსპერიმენტებს ერიდება. ამის დასტურია ისიც, რომ სლოვაკი სპეციალისტი ნდობას უცხადებს გიორგი არაბიძეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს, ვინც თავის თაობაში აშკარად გამორჩეულია...

საინტერესოა, რა რესურსი გვაქვს შემოდგომის მატჩების წინ?..

მეკარეები
ამ პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენციაა. გიორგი ლორია ტრავმამ შეაფერხა, თორემ ალბათ დატოვებდა "კრილია სოვეტოვს" და
უკეთეს გუნდში გადავიდოდა.

ლორია რჩება საქართველოს ნაკრების ნომერ პირველ მეკარედ, მაგრამ ზურგსუკან კონკურენტის გახშირებული სუნთქვა ესმის.

რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე პრეტენზიას განაცხადებს გიორგი მაკარიძე. პორტუგალიური "მორეირენშეს" მეკარით "ბენფიკა" და "ბრაგა" არიან დაინტერესებულები.

აქვეა როინ კვასხვაძეც, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია, ვაკუუმი შეავსოს. ამ რგოლში მეტ-ნაკლებად დალაგებულია სიტუაცია და ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

მცველები
აქ თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებები რომ გვჭირდება, ფაქტია. არადა, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ბირთვი ისეთია, ბევრად უკეთესიც არავინ მოდის. უკანა ხაზს თითქოს აკლია გამოკვეთილი ლიდერი, ვის გარშემოც დაცვა ბოლომდე შეიკვრება. არადა, ასეთი კაცი გვყავს.

მე ასე მგონია: სათამაშო სქემის ცვლილებებისა თუ ეროვნულ გუნდში მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, გურამ კაშია ჯერაც არ გახსნილა ბოლომდე იმ პოზიციაზე, სადაც ყველაზე უკეთ შეუძლია გარჯა. რა თქმა უნდა, ცენტრალური მცველის პოზიციას ვგულისხმობ.

არის ერთი ფეხბურთელიც, რომელსაც, ჩემი აზრით, ნამდვილად შეუძლია, ეროვნული გუნდის დაცვა უკეთესი გახადოს. ეს არის ლაშა დვალი, ვინც რამდენიმე დღეა პოლონურ "პოგონში" გადავიდა, სადაც, წესით, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს.

და მაინც, დაცვაში რადიკალური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს. მით უმეტეს, არც ასაკობრივ ნაკრებებში არიან ისეთი მცველები, მაინცდამაინც ძალუმად რომ აკაკუნებენ ეროვნული გუნდის კარზე...

ნახევარმცველები
ყველა გუნდში ასეა და არც საქართველოს ნაკრებია გამონალისი: ნახევარდაცვის თამაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გუნდის სახეს, მის სათამაშო სტილს და იმ შედეგს, რომელსაც ეს გუნდი აღწევს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ლიდერებიც სწორედ ამ სათამაშო რგოლში არიან თავმოყრილნი. ბოლო მატჩებისგან განსხვავებით, მწყობრში გვეყოლებიან თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე. ყოველ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ სექტემბრისთვის ორივე ფორმაში იქნება.

და მაინც, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას სჭირდება "ახალი სისხლი" და ჩვენ ვერაფრით ვიტყვით უარს იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად უმატებენ და იზრდებიან. ასეთი ფეხბურთელები ბევრნი არ არიან, მაგრამ თუ დავაკვირდებით, უსათუოდ აღმოვაჩენთ.

რა თქმა უნდა, პირველი გიორგი ჩაკვეტაძეა. ჩვენ ზომიერები უნდა ვიყოთ ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. სანამ მათზე დაწერ, ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ უნდა გაჭრა. ეს ასეა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - ბოლო წლების ქართულ ფეხბურთში ასეთი ტალანტი არ ყოფილა.

ახლა თავად გიორგიზეა დამოკიდებული, რას და როგორ იზამს. ამბობენ, წყნარი, უთქმელი ბიჭია და თავში არასოდეს აუვარდებაო. ღმერთმა ქნას, ასე იყოს!

მე მაინც ასე მგონია: როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, გუნდში უნდა ითამაშოს ყველა იმ ფეხბურთელმა, ვინც ქვეყნის მთავარი გუნდის თამაშს ოდნავ უკეთესს მაინც გახდის. ხოლო, როცა საქმე ჩაკვეტაძეს ეხება, შეგვიძლია, ეს "ოდნავ" საერთოდ დავივიწყოთ. ის იმ გაქანების და ისეთი სტილის ფეხბურთელია, მარტოს რომ შეუძლია სტადიონზე გულშემატკივრის მოყვანა.

ვლადიმირ ვაისი თანდათან აჩვევს ნაკრებს ახალგაზრდა კადრებს და ეს ძალიან კარგია. ბევრი სჯა-ბაასი იყო გიორგი არაბიძის ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით. ვაისმა მას უხმო ნაკრებში და ამაში თავისი წვლილი სპორტულმა მედიამაც შეიტანა.

მგონი, ეროვნულ გუნდს ამით არც არაფერი წაუგია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სენტ კიტსსა და ნევისთან გამართულ მატჩში გიორგი ყველაზე ეფექტური და სასარგებლო იყო საქართველოს ნაკრებში, ხოლო მოლდოვასთან გასვლით შეხვედრას რაც შეეხება, ქართველთა შორის, ალბათ, სწორედ ის იყო გამორჩეული.

ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრებში არ ითამაშოს და ასაკს რაც შეეხება, მგონი, კილიან მბაპე გიორგიზე ბევრად უფროსი არ უნდა იყოს. მას უკვე ათამაშებენ საფრანგეთის პირველ გუნდში.

შედარებასავით გამოგვდის, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი არ არის. საქმე მასშტაბებშია - დღეს საფრანგეთის ნაკრებს უფრო ნაკლებად სჭირდება მბაპე, ვიდრე ჩაკვეტაძე - ვაისის გაწვრთნილ გუნდს.

თავდამსხმელები
ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა - დღესდღეობით, ამ ბიჭებს შეუძლიათ, თავდამსხმელის პრობლემა მოხსნან საქართველოს ნაკრებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სათამაშო რგოლში რაც ვართ, ეს ვართ - არც ციდან ვარსკვლავებს ვწყვეტთ და არც უიმედოდ ყოფნა შეგვფერის.

კაჭარავა ახლახან გადავიდა პოლონურ "კორონაში" და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ ვერ შედგა მისი დებიუტი. ეს სეზონი ნიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ის ბოლომდე უნდა გაიხსნას, საკუთარი თავი წარმოაჩინოს...

იმედი დავიტოვოთ, რომ მჭედლიძესაც აღარ შეაწუხებს ტრავმები და იძულებითი პაუზის შემდეგ ქვილითაიაც მალე შევა ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში.

საქართველოს ნაკრების აწმყოზე გადაჭარბებული წარმოდგენის შექმნა არ შეიძლება, მაგრამ იმის კი გვჯერა, რომ თუ საქმე სწორად გაკეთდა, ევროპული ფეხბურთის გამოკვეთილ აუტსაიდერებზე ძლიერი ნაკრები კი შეიძლება გვყავდეს.

ბოლოსდაბოლოს, შეგვიძლია, რომელიმე მეტოქე გავამწაროთ და როცა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდება, გამარჯვებების გრაფაში "ნული" აღარ გვეწეროს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სიჩქარე არაა საჭირი, ჩაკვეტაძემ ჯერ 21 წლამდელებში უნდა ითამაშოს!!!
xorxe
14:06 30-07-2017
0
ჯერ ევროპული ფეხბურთის გამოკვეთილ აუტსაიდერებს დაეწიეთ და მერე იფიქრეთ მათზე ძლიერი ნაკრები როგორ ჩამოაყალიბოთ
antirekordi
14:36 30-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული