ზაზა ჯანაშია: ჩვენმა კალათბურთელებმა ყველას მაგალითი აჩვენეს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" დირექტორი ზაზა ჯანაშია ირლანდიასთან მომავალ დაპირისპირებაზე გველაპარაკა და საინტერესო საკლუბო ამბებიც გაგვიმხილა.

- ერთი დღეც და ირლანდიას შევხვდებით - ჩვენთვის ერთ-ერთ გამორჩეულად მძიმე მეტოქეს. ეპიზოდური წარმატებებისთვის მათზე ბევრად ძლიერ მეტოქეებთან მიგვიღწევია, მაგრამ ირლანდიას ვერაფერი მოვუხერხეთ...
- მე კი მიმაჩნია, რომ ირლანდიის დამარცხება შეგვიძლია. ძლიერი გუნდია, მებრძოლი და საკმაოდ კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, მაგრამ დაუმარცხებელი გუნდიაო, მასზე ვერავინ იტყვის. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მისი დამარცხება შეგვიძლია.

- ესაა ყველაზე საინტერესო - როგორ, როდესაც ჯერ მოგება არ
მოგვიპოვებია...

- საერთოდ, ქართველებს და მათ შორის, ფეხბურთელებსაც, მებრძოლი ხასიათი გამოარჩევდათ. ეს ჩვენ სისხლში გვქონდა და ამ თვისებას თუ დავუპირისპირებთ, დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ.

- ირლანდიას თუ რამე გამოარჩევს, სწორედ ეს თვისება და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გვიგებდა კიდეც...
- საქმეც მაგაშია, რომ ირლანდია ამას ახერხებდა, ჩვენ კი - ვერა. სულ ერთი და იგივე მეორდებოდა - თითქოს, ცუდად არ ვეთამაშებოდით და ბოლოს მაინც რაღაც გვაკლდებოდა. ეს რაღაც ბრძოლის ჟინია, რომელიც ბოლომდე არ გვყოფნის. რატომღაც, ბოლო წლებში სპორტული ჟინი დაიკარგა, მაგრამ ეს თვისება ქართველში დევს და უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენი საკალათბურთო ნაკრების თამაში ხომ ვნახეთ? ადრე მათზეც იმავეს ამბობდნენ, რასაც ფეხბურთელებზე, ჟინი აკლიათო, მაგრამ ლიტველებს სწორედ ბრძოლისუნარიანობითა და ჟინით მოუგეს, რითაც ბალტიისპირელები გამოირჩევიან.

ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს კალათბურთელებს ამ დიდ წარმატებას მივულოცავ. თემას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ კალათბურთელებმა ყველას მაგალითი აჩვენეს, რომ ბრძოლას შედეგი მოაქვს.

- ეს ყველაფერი კონცენტრაციასა და ფიზიკურ მომზადებას ხომ არ უკავშირდება?
- შესაძლოა, ესეც არის და მიკვირს. ნაკრებში ფიზიკურად ძლიერი და კარგად მომზადებული მოთამაშეები არიან, რომელთაც 90 წუთის გაძლება არ უნდა უჭირდეთ. არადა, ირლანდიასთან კონცენტრაციას სულ ვკარგავდით. ეს კი რისი ბრალია? დაღლის. ანუ ფიზიკა გვაკლია.

მაგრამ სპორტული ჟინით ამ ნაკლის დაფარვა შესაძლებელი მგონია. თანაც, "დინამო-არენაზე" 55 ათასი კაცი რომ მხარს გიჭერს, ეს დიდი ძალაა და დიდი იმედი მაქვს, იქნებ ახლა მაინც მოვიგოთ. ბოლოს და ბოლოს, ნავსი ხომ უნდა გავტეხოთ. რატომღაც დარწმუნებულიც ვარ, რომ, სულ მცირე, არ წავაგებთ.

- საერთოდ, ქართული ფეხბურთი ბოლო წლების კრიზისის ფონზე, გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუებაა...
- მე კი ყველას ვეტყვი, რომ გქონდეთ მომავლის იმედი. ზუგდიდელი კაცი ვარ, ჩემს ქალაქში ვმუშაობ და ვხედავ, რა მაგარი ბავშვები იზრდებიან აქაც და დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. მაგრამ მერე ვერ ვითარდებიან და მინდა, რომ ეს ტალანტები დიდ ფეხბურთამდე მივიყვანოთ.

ქართულ ფეხბურთს მხოლოდ თბილისის ძლიერი საფეხბურთო სკოლებით ვერ ავაღორძინებთ - მიხარია, რომ "დინამოს", "საბურთალოს" და "ლოკომოტივს" კარგი აკადემიები აქვთ, მაგრამ რეგიონებშიც აუცილებელია. ჩვენი ფეხბურთის რეალურ პოტენციალს მხოლოდ ამის შემდეგ გამოვავლენთ.

- ზუგდიდში ადრე "ბაიას" სკოლა ძალიან კარგად მუშაობდა. ამ კუთხით ახლა რა ხდება?
- სხვათა შორის, სერიოზული ძვრებია, რაშიც ფედერაცია გვეხმარება. ითქვა, რომ 2018 წლიდან ხელოვნურ საფარზე არც ერთი გუნდი აღარ ითამაშებს. გეგმაშია, რომ ყველა საფეხბურთო აკადემიას მოედნები გაუკეთონ. ეს ძალიან კარგი პროექტია. ახლა ჩვენს სკოლას სათავეში ელგუჯა ქომეთიანი ჩაუდგა - ძალიან გამოცდილი მწვრთნელია.

- მოსკოვის "ლოკომოტივში" დღემდე არ გივიწყებენ. ეს ურთიერთობა თბილი მოგონებების დონეზეა თუ "ზუგდიდს" კლუბთან საქმიანი კავშირის დამყარებაშიც დაეხმარები?
- ურთიერთობა ადამიანურ დონეზეც კარგი გვაქვს და მალე საქმიანი ურთიერთობებიც გვექნება. ეს კეთილგანწყობა იური სიომინისგან მოდის, რომელსაც ქართველები ძალიან უყვარს.

- "ლოკომოტივთან" საქმიანი ურთიერთობები რაში გამოიხატება?
- დღემდე მეკონტაქტებიან და მეკითხებიან, ამა თუ იმ პოზიციაზე სასურველ მოთამაშეს თუ შევთავაზებ. მთავარ გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან წასვლა ძნელი იქნება, მაგრამ ზუგდიდში რამდენიმე საინტერესო ბავშვია, რომლებიც, შესაძლოა, "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბავშვები მართლაც ნიჭიერები არიან, მაგრამ მერე ვეღარ ვითარდებიან და იქნებ დაგვისახელო მიზეზი? ერთი მართლა განათლებული მწვრთნელი რომ არ არის დასაქმებული არცერთ ქართულ კლუბში ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობთ? თუ საერთოდ გვყავს განათლებული მწვრთნელი. ყველაფერში მარტო ფეხბურთელებს რომ ადანაშაულებენ ამიტომაც ვართ ამ ჭაობში.
1,2,3,5,8...
16:23 01-09-2017
0
ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

ამ @@@-ის სიტყვებია
მე
15:45 01-09-2017
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული