გიორგი მაკარიძე: მთელი პირველი ტაიმი ამაზე ვფიქრობდი...

AutoSharing Option
ავსტრიასთან მატჩის წინ ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა გვითხრა, რომ ავსტრიასთან ნიკა კვეკვესკირის თამაში საეჭვოა, თუმცა, სხვებთან ერთად გუშინ ნიკამაც ივარჯიშა და როგორც ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გვითხრეს, შესაძლოა, ითამაშოს კიდეც. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ყველა მათგანი ჯანმრთელად და იმედიანად არის.

- ავსტრია VS საქართველო - ვენაში ვალსი არ იქნება

თამაშის წინ რამდენიმე კითხვა დავუსვით გიორგი მაკარიძეს, რომელიც საქართველოში ბევრმა გააკრიტიკა ირლანდიასთან გაშვებული გოლის გამო.

- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

- ბევრმა დაწერა - იმ ეპიზოდში მაკარიძე კარიდან არ
უნდა გამოსულიყოო. არადა, ასეთი ჩაწოდებების დროს ხშირად გავდივარ ბურთის მოსაგერიებლად, რადგან მსგავსი გრძელი გადაცემების დროს, მეკარეს ხელით თამაშის უპირატესობა აქვს. კონტაქტიც დიდი იყო - იდაყვი სახეში მომხვდა და ვეღარაფერი დავინახე. ვერც გავაცნობიერე, რა მოხდა იმ ეპიზოდში, მეგონა, რომ მეტოქემ ერთი-ერთზე მაჯობა და თავით გაიტანა...

მთელი პირველი ტაიმი ამაზე ვფიქრობდი და სანამ შესვენების დროს გამეორება არ ვნახე, ვერც მივხვდი, რა მოხდა. და როცა გამეორება ვნახე, ცოტათი დავწყნარდი...

- და რამდენიმე რთული დარტყმაც მოიგერიე...
- გაურკვეველ სიტუაციაში გაშვებული გოლის შემდეგ, 15-20 წუთი დაბნეული ვიყავი, მერე კი დავწყნარდი და ჩვეულად გავაგრძელე თამაში.

- ავსტრიასთან მომავალი მატჩისგან რას ელის გიორგი მაკარიძე?
- ჩინებულ განწყობაზე ვართ. ირლნდიასთან კარგი თამაშის შემდეგ, შევეცდებით, ავსტრიასთანაც კარგი შედეგი ვაჩვენოთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს.

- მატჩებს შორის ასეთი ხანმოკლე შუალედის დროს ძალების აღდგენა რთულია. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე, აღიდგინეთ კონდიციები?
- აღდგენითი პროცესით კმაყოფილები ვართ. იმით ნამდვილად ვერ დავიწყებთ თავის მართლებას - სამ დღეში ორი მატჩი ვითამაშეთო - ავსტრიამაც ითამაშა 2 სექტემბერს უელსში. ასე რომ, ორივე გუნდი ერთნაირ სიტუაციაშია.

- ჩვენი მომავალი მეტოქე უელსში დამარცხდა, საქართველომ კი, როგორც იქნა, გატეხა ნავსი და ირლანდიას ქულა აართვა. ეს ყველაფერი იმოქმედებს მომავალი მატჩის მიმდინარეობაზე?
- ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, მეტოქის განწყობაზე ან ფორმაზე არ იყოს დამოკიდებული და მოწინააღმდეგეს თავისი თამაში მოახვიოს თავს. დროა, ჩვენი თამაში ვითამაშოთ! ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს, უნდა შევუტიოთ და ავსტრიასთანაც ისე ვითამაშოთ, როგორც ირლანდიასთან.

გასვლითი შეხვედრაა, საკუთარ მოედანზე ავსტრიელები დიდ წნეხში მოგვაქცევენ, მაგრამ ვიმეორებ - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ "ჩვენი" თამაში ვითამაშოთ. თუ ეს მოვახერხეთ, არ წავაგებთ!

რატი შელეგია ვენიდან, სპეციალურად sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებას გისურვებ ავსტრიასთან. არ მოადუნოთ ყურადღება ერთი წამით, ისე როგორც ირლანდიასთან.
ლუკა
17:42 05-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული