გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის ახალმა პროექტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბედის უკუღმართობით, ევროპული ფეხბურთის ფსკერზე მოქცეულ საქართველოს, შესაძლოა, ეს ჭირი სასარგებლოდ შემოუტრიალდეს.

ამ ეტაპზე არსებული რეიტინგით, D ლიგაში, საქართველოს გარდა, მოხვდებიან ლიტვა, ბელარუსი, სომხეთი, მაკედონია, ფარერები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი. ლიგის გამარჯვებული კი პირდაპირ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

ერთა ლიგაზე მოსაზრებას "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე გვიზიარებს და ყურადღებას საინტერესო დეტალებზე ამახვილებს:

- საქართველოს ეს პროექტი ძალიან აწყობდა. ჩვენი ქვეყნისთვის ერთა ლიგა მისაღებია 4 პუნქტის გამო:
პირველი ის, რომ ამხანაგური თამაშების ნაცვლად, ოფიციალური შეხვედრები გაიმართება და მეტი დატვირთვა და მნიშვნელობა ექნება.

მეორე - ეს არის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის დამატებითი და ძალიან კარგი შანსი.

მესამე - კომენტარები წავიკითხე და არავინ აქცევს ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან მომენტს - უეფას ყოველი ტურნირი ახალი შემოსავლის წყაროა. ანუ საქართველოს დამატებითი შემოსავლის წყარო ექნება.

და რაც ყველაზე მთავარია - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს შესარჩევი ციკლიდანაც შევინარჩუნებთ. ისიც არასწორია, თითქოს, გრანდებს არ შევხვდებით.

- გრანდებს მხოლოდ ერთა ლიგაზე არ შევხვდებით...
- ეს სხვა საქმეა, მაგრამ გრანდებს შესარჩევ ციკლში შევხვდებით. ასე რომ, მათგან სრულიად იზოლირებულები არ ვიქნებით. ეს ჩვენი შანსია, რომ წინ წავიდეთ. უეფას რეიტინგში მე-40 საფეხურის ქვევით ვართ და აქ შანსი მოგვეცემა, რომ დავწინაურდეთ.

საერთოდ, ყველა პროექტს თავისი დადებითი და უარყოფით მხარეები აქვს. მაგრამ ერთა ლიგის უარყოფით მხარეს მე ვერ ვხედავ. მეტიც, მას სხვა პლუსებიც აქვს.

- მაგალითად?
- თუნდაც ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ერთა ლიგის თამაშები ამხანაგურ შეხვედრებზე საინტერესო იქნება და მეტ მაყურებელს მიიზიდავს. ესეც დამატებითი შემოსავალი იქნება - ბილეთებიდან და სატელევიზიო კონტრაქტებიდან.

ერთა ლიგის მთავარი არქიტექტორი ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის გენერალური მდივანი სტივ მარტენსია. მისი ინტერვიუ წავიკითხე და ნახეთ, რას ამბობს - ერთა ლიგაში ცენტრალური მარკეტინგი იქნება.

- განვმარტოთ, ეს რას ნიშნავს...
- ცენტრალური მარკეტინგი არსებობს სანაკრებო თამაშებზე, ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე. თუკი ადრე ტელესააგენტოები ეროვნული ფედერაციებისა და კლუბებისგან თამაშების ჩვენების სატელევიზიო უფლებებს მოლაპარაკებების შედეგად ყიდულობდნენ, ბოლო წლებში ამას თავად უეფა აკეთებს და ევროგათამაშების მონაწილე კლუბებს თანხებს თავად ურიცხავს.

ახლა კი ასე გამოდის: ეროვნული ნაკრები, ამხანაგური მატჩების გარდა, მინიმუმ 6 გარანტირებულ შეხვედრას ჩაატარებს და სატელევიზიო რეპორტაჟებიდან თანხას მიიღებს.

და თუ გუნდი პლეი ოფში მოხვდება და ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ, ნათელია, რომ ეს ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Kosovoze ras ityvit?
Zura
10:11 02-10-2017
0
ნუ გედევირევით მანდამაინც ახლა უელსთან და სერბეთთან,თორა ოთხი ქულა თუ ევიღეთ,დ ჯგუფის ნაცვლად ც ჯგუფში ამოვყოფთ თავს!
ქუთაისი
17:10 01-10-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული