მეტი არგუმენტი რაღა გინდა, ვეჟო?!

AutoSharing Option
...საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი ახალი დასრულებულია. ჟურნალისტები "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში შევიკრიბეთ. უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კრის კოულმენი გავისტუმრეთ და ჯერი ვლადიმირ ვაისზე მიდგა.

საქართველოს ნაკრების თავკაცს არაერთ საკმაოდ კრიტიკულ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. მათ შორის იყო ამ სტრიქონების ავტორის ერთი კითხვაც, რომელიც ადრესატამდე თავდაპირველად მთლად სწორად ვერ მივიდა. ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე კითხვა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო.

"ბატონო ვლადიმირ, თქვენ თქვით, რომ ფეხბურთში ძლიერი იგებს. ეს მთლად ასე არ უნდა იყოს და ამის მაგალითი თუნდაც თქვენი
გაწვრთნილი სლოვაკეთის ნაკრებია, რომელიც ფავორიტი თავის დროზე არც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ყოფილა და მუნდიალზეც აუტსაიდერად მიიჩნეოდა. ზუსტად ვიცით, რა რესურსიც აქვს საქართველოს ნაკრებს. თქვენი აზრით, მას იმაზე მეტი არ შეუძლია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაარტყას უელსის ნაკრების კარში"?

რა თქმა უნდა, ეს კითხვა უმიზეზოდ არ დასმულა. ვაისმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრებისგან უელსის, ირლანდიის, ავსტრიისა და სერბეთის დონის გუნდების დამარცხება არ უნდა მოვითხოვოთ, რათგან მათი ფეხბურთელები გაცილებით უკეთესი ლიგების უკეთეს კლუბებში თამაშობენ...

- "შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

ცოტა უკან დავიხევ და ვიტყვი, რომ ფეხბურთში ერთი ნაბიჯია სიმწარიდან სიტკბომდე და როცა შედეგი ასე თუ ისე მისაღებია, შეიძლება, თაფლშიც ჩააწო კალამი, მაგრამ როცა აგებ, მეტი კრიტიკა გიწევს, რაც, მერწმუნეთ, მაინცდამაინც არ მსიამოვნებს. ამ წერილის ტონიც სხვანაირი იქნებოდა, გიორგი მერებაშვილს ან ოთარ კაკაბაძეს მატჩის ბოლოს რომ შეეგდოთ, მაგრამ რას ვიზამთ - ვმსჯელობთ იმ შედეგზე, რომელიც მივიღეთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვუყურებთ ტაბლოს და დასკვნები აქედან გამომდინარე გამოგვაქვს...

- საქართველო-უელსი 0:1 - დამთრგუნველი რეალობა [VIDEO]

ახლა ისევ მთავარზე. კითხვა რომ დავუსვი და ვაისმა თარგმანი მოისმინა, ჯერ ეგონა, ახლანდელ სლოვაკეთზე ვეკითხებოდი. მითხრა - ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითო. მერე, როგორც იქნა, კითხვის არსს მიხვდა და დაამატა - ის ძველი სლოვაკეთიც კარგი გუნდი იყო, ჰამშიკი უკვე გვყავდა, დურიცა მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა, "რეინჯერსის" ფეხბურთელსაც ვწვრთნიდიო...

ზოგადად, ერთხელაც უნდა დავადასტურო ვაისისადმი დიდი პატივისცემა. კაცი ვერ დამაჯერებს, რომ ის არ არის სამართლიანი კაცი და ფეხბურთშიც ბევრი რომ იცის, ესეც ფაქტია. მაგრამ მე ასე მგონია: უელსთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქმულის გათვალისწინებით, მას მომავალში ძალიან გაუჭირდება საქართველოს ნაკრების წარმატებით გაწვრთნა.

ზოგადად, მე ამ პრესკონფერენციაზე ვნახე ისეთი ვაისი, როგორიც არ მინდოდა, რომ მენახა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ის მართალია - ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა დაბალი დონის კლუბში თამაშობს. მეორე მხრივ კი, მან საკუთარი თავიც გააკრიტიკა და თქვა, რომ, დიდი ალბათობით, კრის კოულმენი, სლავოლიუბ მუსლინი და მარტინ ო"ნილი მასზე მაღალი დონის სპეციალისტები არიან და ამიტომაც წვრთნიან უკეთეს ნაკრებებს...

ჩვენ ეს ყველაფერი ალილუიასავით ვიცით. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენი რესურსი არ არის ულევი და ჩვენი ფეხბურთელები არ თამაშობენ მაღალი დონის გუნდებში, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რაღად გვინდა უცხოელი მწვრთნელი? თუ მაინც განწირულები ვართ და ჩვენზე ძლიერ გუნდებთან უნდა წავაგოთ, რაღად უნდა შევავსოთ სტადიონი?!

დღეს, თუნდაც ქართული ფეხბურთის არნახულად დაცემის ხანაში, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაცას მივაღწევთ და საშუალო დონის ნაკრებთა მარაქაში მაინც ჩავეწერებით. თუ მთავარი (ფაქტია, მნიშვნელოვანი ნამდვილად არის) ფაქტორი ის არის, თუ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, ამ საქმეს უნდა შევეშვათ, რადგან ახლო მომავალში, სამწუხაროდ, კლუბების ამბავში ვერც ირლანდიას დავეწევით, ვერც უელსს, ვერც ავსტრიას და, მით უმეტეს, ვერც სერბეთს.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ისევ ჩვენი პირველი გუნდის მაგალითზე ვიმსჯელოთ. იყო დრო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძალიან კარგ კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ იმ გუნდმა შედეგს ვერ მიაღწია. რატომ და როგორ, ეს ძალიან ვრცელი თემაა და ჩვენი წერილის ფარგლებს სცდება, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი არ ყოფილა.

რამდენი მაგალითიც გნებავთ, იმდენია მსოფლიო ფეხბურთში, რომლის მიხედვითაც უარესად დაკომპლექტებულ ნაკრებსა თუ გუნდს უკეთესი მეტოქისთვის მოუგია. ვაისს კარგად უნდა ახსოვდეს 2010 წლის მუნდიალი, როცა მისმა გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ჯგუფური ეტაპი იტალიის დამარცხებით დაძლია. იმ სლოვაკეთის მიმართ ასევე დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბატონ ვაისს მაშინ იტალიაზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა და არც სლოვაკი ფეხბურთელები თამაშობდნენ უკეთეს გუნდებში, ვიდრე - იტალიელები.

ფეხბურთი იმადაც არის სპორტის ნომერი პირველი სახეობა მთელ მსოფლიოში, რომ აქ ყველაზე ნაკლებადაა "იერარქიული კიბე". კი ბატონო, ძლიერი ძლიერია, მაგრამ ძალიან ხშირად სუსტი ზეობს ძლიერზე. თუ, რა თქმა უნდა, საქმე "ჯუჯებს" არ ეხებათ, თუმცა ამ ბოლო დროს "ფეხი" მათაც გამოიღეს.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რომ ამ ლოგიკას ემორჩილებოდეს, რა უნდა ისლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე? ამ დროს კი თურქეთი უკვე ჩაეხსნა რუსულ მატარებელს. ისლანდიის ნაკრების ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი გილფი სიგურდსონია. დანარჩენების წვრილად ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ რად გვინდა - მათი გვარები არაფერს გვეტყვის...

ანუ, როგორც ზაალ ბარათაშვილი იტყოდა - ამაზე მეტი არგუმენტი რაღა გინდა, ვეჟო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
რა აზრი აქვს ამდენი ფულის ყრას, როცა ვიცით, რომ არაფერი გამოვა?? თვითპნ უკეთ იციან ეს, მაგრამ გვატყუებენ, იმედს გვაძლევენ და სინამდვილეში ბიუჯეტის ფულს ხრავენ
რატომ ვაფინანსებთ??
23:04 17-10-2017
0
საერთოდ რა ფეხბურთზე ვსაუბრობთ?ანანიძე რომ თურმე გუნდის თამაშს ალაგებსო(ნუ სატელევიზიო წამყვანებს ასე მიაჩნიათ).კაცი თავის გუნდში სეზონის განმავლობაში 2-3 ჯერ თუ გამოუშვეს მოედანზე,ხოლო ნაკრებში 30 წუთის მერე ფეხებს ვეღარ "ათრევს" დაღლილობისგან.კანკავას არც ტექნიკა,არც გამძლეობა,და არც მოედნის რაიმე ხედვა გააჩნია.აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენ ფეხბურთელებზე.საიდანღაც ჭორის დონეზე ვიძახით რომ ვითომდაც ტექნიკა ქართველ ფეხბურთელებს გენებში გააჩნიათო(ალბათ ანეგდოტს თუ მიეწერება).ასეთ ვითარებაში მიმაჩნია რომ ფეხბურთზე საერთოდ აღარ უნდა ბიუჯეტიდან კაპიკის გამოყოფა,თუ ვინმე კერძო ინვესტორი მოინდომებს-კი ბატონო.ისე რაში უნდა დაიხარჯოს ეგ ფული.ფედერაცის კი ფიფადან გამოყოფილი თანხის ჭამაც ეყოფა.ისე თუ ფეხბურთში,როგორც კალათბურთში,ევროპის ჩემპიონატზე ლამის ყველა ქვეყანას დაუშვებენ,მაშინ ჩვენ ნაკრებსაც ექნება შანსი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრონ,ერთი-ორი დაპირება მოგვცენ,იქნებ და შემთხვევით ვინმეს გოლი გაუტანონ, და მერე როგორც კალათბურთელები,წყნარად დაიშალონ და მიხედონ თავის თავს.არ არის სპორტი ქართველებისათვის,სპორტს ბევრი მუშაობა, ვარჯიში,მწვრთნელთა მაღალი ინტელექტუალური მომზადება სჭირდება.ჩვენ კი მხოლოდ კარგი ხინკალი,ქაბაბი და რუსის ტურისტებისათვის "რასცვეტაი გრუზია მოია"ს სიმღერა რესტორანში გვეხერხება.
simartle
18:38 15-10-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული