საქართველოს ნაკრების მეტოქე ესტონეთი: ერევნის გავლით თბილისში

AutoSharing Option
დღეს, 27 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესტონეთს უმასპინძლებს. სტუმრები საქართველოში შემდეგი შემადგენლობით ჩამოფრინდნენ:

მეკარეები: მიკელ აკსალუ (სიკ, ფინეთი), ანდრეას ვაიკლა (ტორონტო, კანადა), მატვეი იგონენი (ლილესტრიომი, ნორვეგია)
მცველები: რაგნარ კლავანი (ლივერპული, ინგლისი), ტაიო ტენისტე (ბრანი, ნორვეგია), კენ კალასტე (კორონა, პოლონეთი), იონას ტამი (სარპსბორგი, ნორვეგია), მადის ვიჰმანი (ფლორა, ესტონეთი), არტურ პიკი (რუჟემბეროკი, სლოვაკეთი)
ნახევარმცველები: კონსტანტინ ვასილიევი (პიასტი, პოლონეთი), სიმ ლუსტი (ბოჰემიანსი, ჩეხეთი), კაროლ მეტცი (ბრედა, ჰოლანდია), მატ კაიტი (როსი, შოტლანდია), ილია ანტონოვი (რუდარი, სლოვენია), მარტინ მილერი (ფლორა, ესტონეთი), ანტონ დმიტრიევი (ლახტი,
ფინეთი)
თავდამსხმელები: ჰენრი ანიერი (ლახტი, ფინეთი), სერგეი ზენიოვი (კრაკოვია, პოლონეთი)
მწვრთნელი: მარტინ რეიმი

თავდაპირველად, გეტყვით, რომ ქართველებთან მატჩამდე ესტონელები ერევანს ესტუმრნენ და 23 მარტს ნულოვანი ფრე ითამაშეს.

სომხეთთან შეხვედრაში ესტონელთა კარი 33 წლის მეკარემ, მიკაელ აკსალუმ დაიცვა, რომელიც ფინური "სიკის" ფეხბურთელია.

მის გარდა, სტუმრებს კიდევ ორი მეკარე - ანდრეას ვაიკლა და მატვეი იგონენი ჰყავს. პირველი მათგანი 21 წლისაა და ნორვეგიულ "კრისტერსუნდში" ირიცხება. მას ასევე უთამაშია ფინურ "მარიეჰმანსა" და შვედურ "ნორკიპიონგში".

რაც შეეხება 25 წლის მარკო მეერტისს, რომელიც ფინური "ვპსს" საკუთრებაა, საინტერესოა, რომ ერთი ხანობა ის არნემის "ვიტესშიც" ირიცხებოდა, სადაც 4 თამაშიც აქვს ჩატარებული.

მას ასევე უთამაშია ზაქარია ბეგლარიშვილის ტალინის "ფლორაში" და ჰოლანდიის მეორე დივიზიონის ბინადარ "ემენში".

წესით, ამხანაგური შეხვედრის და ყველასთან თავის გამოჩენის შანსის მიცემის ვარიანტს თუ გავითვალისწინებთ, ესტონელთა კარში ან ანდრეას ვაიკლა, ანდაც მატვეი იგონენი დადგება.

დაცვისა და გუნდის უდავო ლიდერი რაგნარ კლავანია, რომელიც "ლივერპულის" ფეხბურთელია. 32 წლის გამოცდილ მცველს ასევე "აუგსბურგის", "ალკმაარისა" და "ჰერაკლესის" მაისური მოურგია.

მის გარდა, სომხეთთან მატჩში დაცვაში ტაიო ტენისტე, იონას ტამი და კენ კალასტზე ირჯებოდნენ, რომელიც შემდეგ არტურ პიკმა შეცვალა.

30 წლის ტენისტეს კარიერის ძირითადი ნაწილი ნორვეგიულ "სოგნდალში" აქვს გატარებული, სადაც 2011 წლიდან ასპარეზობდა და 2018 წლის იანვრის სატრანსფერო პერიოდში ის "ბრანში" გადაბარგდა.

ნორვეგიული "საარსპორგის" ღირსებას იცავს 26 წლის იონას ტამი. მასაც, რა თქმა უნდა, კარიერის ძირითადი ნაწილი ტალინის "ფლორაში" აქვს გატარებული.

ზაქარია ბეგლარიშვილის თანაგუნდელია 23 წლის მადის ვიჰმანიც, ხოლო 29 წლის კენ კალასტე, ნიკა კაჭარავასთან ერთად, პოლონურ "კორონაში" ირიცხება.

რაც შეეხება 25 წლის არტურ პიკს, ის სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის ბინადარ "რუზომბეროკში" ირიცხება, სადაც ბატედან გადავიდა.

გადავიდეთ ნახევარმცველებზე... ჩვენს მეზობლებთან შეხვედრაში მარტინ რეიმიმ სამი ნახევარმცველი დააყენა - მატ კაიტი, კაროლ მეტცი და სიმ ლუტსი.

19 წლის კაიტი საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია. ის ლონდონის "ფულემის" 23-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობდა, საიდანაც შოტლანდიის მე-2 ლიგის ბინადარ "როსში" გადაბარგდა.

ჰოლანდიის ერედივიზიის ბინადარ "ბრედაში" ირიცხება და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია 24 წლის კაროლ მეტსი, რომელიც იქამდე "ფლორასა" და "ვიკინგში" ირჯებოდა.

ჩეხეთის პირველი ლიგის ბინადარი "ბოჰემიანსის" წევრია 29 წლის სლიმ ლუტსი, რომელიც ტალინის "ფლორას" აღზრდილია.

სომხეთთან ფორვარდად ითამაშა 33 წლის კონსტანტინ ვასილიევმა, რომელიც პოლონურ "პიასტში" ირიცხება. მას ბევრი კლუბის ღირსება დაუცავს, მათ შორის პერმის "ამკარი", "იაგელონია", "ფლორა", "კოოპერი" და სხვა კლუბები არიან.

სლოვაკური "რუდარის" წევრია 25 წლის ილია ანტონოვი. ის ასევე ავსტრიულ "ჰორნსა" და ტალინის "ფლორაში" ირჯებოდა.

რა გასაკვირია და, ასევე "ფლორას" წევრია 20 წლის მარტინ მილერი. მისივე თანაგუნდელია 36 წლის ალექსანდრ დიმიტრიევი. მისი კლუბები "ინფონეტ ტალინი", "ჰონეფოსი" და ეკატერინბურგის "ურალიც" იყო.

გადავიდეთ ფორვარდებზე, სადაც ესტონელებს მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავთ.

27 წლის ჰენრი არიერი ფინური "ლაჰტის" შემტევია. მას შოტლანდიაში "ინვერნესში", "დანდში", "ჰიბერნიანსა" და "მოზერვილშიც" უთამაშია.

ასევე - შვედურ "კალმარსა" და გერმანულ "აუეში". ეროვნულ ნაკრებში ის 2011 წლიდან ასპარეზობს და 48 შეხვედრაში 11 გოლიც გაიფორმა.

ბოლოს მან 2018 წლის 7 იანვარს გაიტანა, როდესაც შვედეთის ნაკრების კარი აიღო.

სომხეთთან მატჩში სათადარიგო იყო და მხოლოდ ნახევარი საათი დაეთმო სერგეი ზენიოვს, რომელიც დღეს ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

29 წლის ფორვარდი პოლონური "კრაკოვიას" წევრია, საიდანაც აზერბაიჯანული "გაბალადან" გადაბარგდა.

მას ასევე ლვოვის "კარპატსა" და ინგლისურ "ბლექპულშიც" უასპარეზია. ზენიოვი ესტონელთა მთავარ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს.

ამ დროის განმავლობაში მან 64 მატჩიც ჩაატარა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო. აქვე გეტყვით, რომ ბოლოს მან 2017 წლის 7 ოქტომბერს გაიტანა, როდესაც გიბრალტარის კარი აიღო.

აქვე ესტონელთა მთავარ მწვრთნელ მარტინ რეიმზეც ვთქვათ, რომელსაც ქვეყნის თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრები გაუწვრთნია.

ის იყო 18, 21 და 23-წლამდელთა გუნდების დამრიგებელი. 46 წლის სპეიალისტმა კი 2016 წელს ესტონელთა მთავარი ნაკრები ჩაიბარა.

საფეხბურთო კარიერის ძირითადი ნაწილი კი მას, რა თქმა უნდა, ტალინის "ფლორაში" აქვს გატარებული.

საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე 5-ჯერ დაუპირისპირდნენ და აქ სრული თანაფარდობაა.

2 მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ორჯერ მოგება ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ იზეიმა, ერთხელაც კი შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

ბოლო დაპირისპირება 2015 წლის 11 ნოემბერს შედგა, რომელიც ალბათ, ქართველ გულშემატკივარს ძალიან ცუდად ახსოვს.

მაშინ ტალინში მეტოქემ 0:3 გაგვანადგურა და ვფიქრობთ, რევანში ცუდი არ იქნებოდა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული