ლეგიონის უქმეები: 2 გოლი და 5 საგოლე პასი ერთ თამაშში! [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთი. ლა ლიგა 2. ბოლოადგილოსანმა "სევილია ატლეტიკომ" 1:0 მოუგო "ხიმნასტიკს". გიორგი აბურჯანია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათადარიგო იყო, ხოლო სტუმრებში ოთარ კაკაბაძე მე-60 წუთზე გამოცვალეს. "სევილიას" სათადარიგო გუნდი უკვე გავარდნილია, ხოლო "ხიმნასტიკი" გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს.

გერმანია. II ბუნდესლიგა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა აკაკი გოგიამ, მისმა "უნიონმა" კი დრეზდენში "დინამოს" 1:0 მოუგო და ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა. მართალია, ლუკას ჰუფნაგელის (არ უთამაშია) "ნიურნბერგი" შინ 2:3 დამარცხდა "დიუსელდორფთან", მაგრამ მომავალ სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშებს.

იტალია. სერია B. ელიტაში დაბრუნებულმა "ემპოლიმ" ბოლოსწინა ტურში
სტუმრად 2:0 მოუგო "ბრეშას". ლევან მჭედლიძეს მთელი სეზონის გამოტოვება მოუწია ტრავმის გამო.

ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესი"ევროპალიგის საგზურის პლეი-ოფის ფინალშია. "ვიტესმა" ორი მატჩის ჯამში 7:3 დაამარცხა "დენ ჰააგი", რომელსაც საპასუხო მატჩი 2:1 მოუგო. ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.


ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" 1:0 მოუგო "ანდერლეხტს". ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აქვს.

პორტუგალია. პრიმეირა. გიორგი მაკარიძის (სათადარიგო) "რიუ ავემ" 1:0 მოუგო "ბრაგას" და ჩემპიონატი 51 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა.

სეგუნდა. ბოლო ტურში ავთო ებრალიძის (90 წთ) "ვიზეუმ", მართალია, მოუგო "სანტა კლარას", მაგრამ პრიმეირაში ეს უკანასკნელი გადავიდა მადეირულ "ნასიონალთან" ერთად. ავთოს გუნდმა კი მესამე ადგილი იკმარა. მეორე გოლი ავთოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გავიდა.

ავსტრია. ბუნდესლიგა. გიორგი ქვილითაია დისკვალიფიცირებული იყო, მის გარეშე კი "რაპიდი" შინ "ზალცბურგთან" განადგურდა - 1:4.

ერსტე ლიგა. ლევან ელოშვილის (მე-80 წუთზე შევიდა) "კაპფენბერგერი" სტუმრად "ნოიშტადტთან" დამარცხდა - 1:2.

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიას "ლუცერნს" მესამე ადგილი და ევროპალიგის საგზური განაღდებული აქვს. გვილია და კომპანია "გრასჰოპერს" 1:1 დაუზავდა. ქართველი ნახევარმცველი 63-ე წუთზე შეცვალეს.

დანია. სუპერლიგა. 23 წლის საბა ლობჟანიძე დანიური "რანდერსის" საუკეთესო მოთამაშე და გმირია - მისი წყალობით, კლუბმა საპასუხო პლეი-ოფში (სუპერლიგაში დარჩენისთვის) "ჰელსინგორს" მოუგო და ფინალში გავიდა. თუკი ფინალში "რანდერსი""ლიუნგბიუს" ორი მატჩის ჯამში დაამარცხებს, სუპერლიგაში დარჩება.

პირველი თამაში "ჰელსინგორთან" სტუმრად 1:1 დასრულდა. 52-ე წუთზე მასპინძლებმა სწრაფ კონტრშეტევაზე გამოიჭირეს სტუმრები და ლობჟანიძემ ანგარიში გახსნა. თუმცა სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს და ასეთ შემთხვევაში, დამატებითი დრო უნდა დანიშნულიყო, მაგრამ საბამ 61-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით "რანდერსს" პლეი-ოფის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი მოაგებინა - 2:1.

ქართველი 88-ე წუთზე შეცვალეს ანგარიშის შესანარჩუნებლად.


ლობჟანიძის მიერ დამარცხებული "ჰელსინგორი" "სილკებორგს" შეხვდება პლეი-ოფის მორიგ ლაბირინთში, რადგან ქართველთა გუნდმა ორი მატჩის ჯამში "ლიუნგბიუსთან" 3:4 დათმო. საპასუხო შეხვედრა 2:2 დასრულდა, დავით სხირტლაძემ (გააფრთხილეს) შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მათე ვაწაძე განაცხადში არ ყოფილა. საბას დანიის ჩემპიონატში 11 გოლი აქვს გატანილი.

I დივიზიონი. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" სუპერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის, ქართველის გუნდი უშუალო კონკურენტ "ვიბორგს" სტუმრად დაუზავდა - 0:0. პარუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალის (90 წთ) "პოგონი" შინ "ლეხიას" დაუზავდა - 1:1. ნიკა კვანტალიანის (სათადარიგო) "ტერმალიცამ" შინ 2:1 მოუგო ლუკა ზარანდიას (არ უთამაშია) "არკას" და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ტრავმირებული გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" 4:1 მოუგო ნიკა კაჭარავას "კორონას", ქართველი ფორვარდი კი სათადარიგო იყო.

I დივიზიონი. გუგა ფალავანდიშვილის (90 წთ) "პოდბესკიძიე" შინ 1:2 დამარცხდა "ოდრასთან".

შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილი ნელ-ნელა ეჩვევა "გიოტებორგს". ის "ნორკიოპინგთან" 0:2 წაგებულ შეხვედრაში 83-ე წუთზე გამოჩნდა.

სუპერეტანი. ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ ზურაბ ცისკარიძის (90 წთ) "ესკილსტუნა" შინ "ვარბერგსს" დაუზავდა - 2:2.

ჩეხეთი. I ლიგა. ირაკლი სიხარულიძე კვლავ არ ჩანს, მისი "სლოვაცკო" კი სტუმრად "პლზენს" დაუზავდა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. გიორგი ბერიძემ (90 წთ) საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მისმა "ტრენჩინმა" 3:1 მოუგო "რუჟომბეროკს" და მე-5 ადგილზეა. საოცარი რამ დაემართა ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავას", რომელიც წინა ტურში ნაადრევად გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი - გუნდი სტუმრად "ჟილინასთან"0:6 განადგურდა. ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ჩოჩიშვილის (არ უთამაშია) "ზლატე მორავცე" შინ "ნიტრას" დაუზავდა - 2:2.

რუმინეთი. ლიგა 1. აკაკი ხუბუტიას (არ უთამაშია) "პოლი ტიმიშოარამ" შინ 2:0 მოუგო "იუვენტუსს".

უნგრეთი. OTP. ქართველთა "ბალმაზივაროში" სტუმრად "მეჟოკოვეშდთან" 0:1 დამარცხდა. მე-60 წუთზე ბაჩანა არაბულმა ირაკლი მაისურაძე შეცვალა, ლაშა შინდაგორიძეს არ უთამაშია. "ბალმაზივაროში" ბოლო ადგილზეა.

ალბანეთი. სუპერლიგა. ირაკლი ძარიამ დუბლი შეასრულა პირველ ტაიმში, მისი "კუკესი" კი შინ "ლუფტეტარის" დაუზავდა - 2:2. ძარიას გუნდს მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო წრეში თამაში გარანტირებული აქვს.

ისრაელი. ლიგათ ჰაათი. ლადო დვალიშვილის "აშკელონი" შინ 0:2 დამარცხდა "ფეთაჰ თიკვასთან" და ლეუმით ლიგაში გავარდა.

რუსეთი. პრემიერლიგა. რუსეთის ჩემპიონი "ლოკომოტივი" ბოლო ტურში ტულაში "არსენალთან" დამარცხდა - 0:2. ცუდად დაასრულა ჩემპიონატი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა საბა კვირკველიამ - მან 86-ე წუთზე ხელით მოინდომა გატანა, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

მასპინძელთა რიგებში გია გრიგალავა სათადარიგო იყო. გიორგი ლორიას "ანჟი" ქართველი მეკარის გარეშე ესტუმრა ცსკა-ს და 1:2 დამარცხდა. "ანჟი" პლეი-აუტში ითამაშებს. ტრავმირებული გიორგი ჭანტურიას "ურალი" სტუმრად "როსტოვთან" 0:1 დამარცხდა. ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" 1:1 დაუზავდა "რუბინს", მეოთხე ადგილზე გავიდა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. მოსკოვურ დერბიში "დინამოსთან" მოულოდნელად დამარცხდა ტრავმირებული ჯანო ანანიძის "სპარტაკი"და ამით მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური დაკარგა. ტრავმირებული ჯიმი ტაბიძის "უფამ" 5:0 მოუგო "ტოსნოს" და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. "ზენიტმა" უკვე გავარდნილ სკა-ს 6:0 მოუგო. სტუმართა რიგებში გიორგი ნავალოვსკიმ 70-ე წუთამდე ითამაშა.

უკრაინა. პრემიერლიგა. ნიკა სანდოხაძის (არ უთამაშია) "კარპატი" სტუმრად "ზირკას" დაუზავდა - 1:1. 21-წლამდელთა ჩემპიონატში "შახტარმა" ხელიდან გაუშვა ჩემპიონატის დასრულებამდე ჩემპიონობის მოპოვების შანსი. ლიდერმა 0:1 წააგო "ოლექსანდრიასთან" , გიორგი არაბიძე 57-ე წუთზე გამოვიდა და ერთი საგოლე შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ქართველი ლეგიონერის დარტყმული მოიგერია.

ქართველთა "ვორსკლა" სტუმრად "მარიუპოლს" დაუზავდა - 1:1. სანდრო კობახიძე 92-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე 92-ე წუთზე შევიდა. დავით ხოჭოლავამ პირველივე სეზონში "შახტარის" რიგებში ოქროს დუბლი მოიპოვა - თასს ჩემპიონობაც მიემატა. 

"შახტარმა" 1:0 მოუგო "ვერესს" და მიუღწეველია. ქართველი მცველი ამჯერად, სათადარიგო იყო.

ბელრუსი. ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიამ, რომელიც წინა ტურში სკანდალში გაეხვია და მეტოქე გუნდის მწვრთნელთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა, სრულად ითამაშა, მისმა "ნემანმა" კი 1:0 მოუგო "გორედეას".

ლიტვა. A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის (89-ე წუთზე გამოვიდა) "შტუმბრასმა" სტუმრად 2:0 მოუგო "იონავას".

ლატვია. ვირშლიგა. თამაზ პერტიას "ლიეპაია" შინ 3:5 დამარცხდა ქართველთა "რიგასთან". სტუმართა ბოლო ორი გოლი ბექა ვაჩიბერაძისა და ლაშა შერგელაშვილის ანგარიშზეა. პირველი 76-ე წუთზე გამოცვალეს, შერგელაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.

ესტონეთი. პრემიუმ ლიიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" სტუმრად აუტსაიდერი "პარნუ" გაანადგურა - 8:1. 28 წლის ქართველმა გამთამაშებელმა სუპერმატჩი შემოგვთავაზა - 90 წუთში მან "ფლორას" 8 გოლიდან 7-ში უშუალო მონაწილეობა მიიღო: 2 გოლი გაიტანა (28-ე და 81-ე წუთებზე) და 5 საგოლე პასი (მე-18, 31-ე, 39-ე, 65-ე და 72-ე წუთებზე).
soccernet.es-მა ზაქარია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა:

"ქართველმა ეს კიდევ ერთხელ შეძლო, როგორც ივნისში პარნუს წინააღმდეგ, ამჯერადაც, მან 2 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა - ზებუნებრივი ციფრებია". მას 12 თამაშიდან 12 გოლი და 13 საგოლე პასი აქვს. გოლებით ის მეორეა ლიგაში, პასებით - პირველი.


აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. ქართველთა "საბაილი" სტუმრად "ნეფთჩისთან" 1:3 დამარცხდა და ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა. თამაზ ცეცხლაძემ და ნიკა აფაქიძემ შეუცვლელად ითამაშეს წაგებულთა რიგებში.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. ქართველთა "ტობოლმა" 1:0 მოუგო "ქაირათს". ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, მან ყვითელი ბარათი მიიღო. 88-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირი მოედანზე გამოვიდა. ქართველთა "ყიზილ-ჟარმა" შინ 0:0 ითამაშა "კაისართან". გოგიტა გოგუამ, გიორგი ფოფხაძემ და შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

უზბეკეთი. ოლიი ლიგა. შოთა არველაძის "ფახთაქორმა" სტუმრად 3:2 მოუგო "ნასაფს". კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" "ბუხოროს" 3:1 მოუგო. ქართველი სასტარტოში იყო. ელგუჯა ბერიშვილისა და გიორგი კვესიეშვილის "ყიზილქუმი" სტუმრად "ნავბაჰორთან" დამარცხდა - 0:3.

აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" სტუმრად 3:1 დაამარცხა "მინესოტა". ვაკო ბოლო წუთზე გამოცვალეს. ეს მისი კლუბის მეორე გამარჯვება იყო სეზონში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიეცით შანსი ბეგლარიშვილს და ვაჩიბერიძეს, მითუმეტეს ბექამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო
0
ათამაშეთ ეს კაცი ნაკრებში რატომ არ აძლევთ შანსს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული