ჯიმი ტაბიძე: "საბურთალოს" ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა და საუკეთესო მწვრთნელი".
- ჯიმი, რუსეთის პრემიერლიგაში დასრულდა სეზონი. როდიდან დაიწყებს გუნდი მზადებას ახალი ჩემპიონატისთვის?
- ივნისის შუა რიცხვებში უფაში შევიკრიბებით, ადგილზე ერთი კვირა მოვემზადებით, შემდეგ კი შეკრებები დაიწყება. კლუბს 3 მოსამზადებელი ციკლი აქვს დაგეგმილი. სამივე შეკრება ავსტრიაში შედგება.
- როგორი სეზონი გამოდგა როგორც კლუბისთვის, ასევე თქვენთვის?
- კლუბისთვის ძალიან წარმატებული სეზონი იყო. “უფამ” წლეულს ისტორიულ შედეგს მიაღწია, გუნდი ჩემპიონატში მეექვსე
იყო მატჩები, სადაც ხელი ტრავმებმა შემიშალა. ეს პირველი სეზონი იყო, როდესაც სრულად ვითამაშე რუსეთის პირველობაზე. საერთო ჯამში, ნორმალური სეზონი მქონდა.
- “უფას” მთავარი მწვრთნელი შეეცვალა. ხომ არ იცით, ვინ იქნება კლუბის ახალი სპეციალისტი?
- სერგეი სემაკს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე “უფაში" ვთამაშობ. იგი სამწვრთნელო კარიერას “ზენიტში” გააგრძელებს. მასთან კარგი დამოკიდებულება მქონდა, გვერდში მედგა და მენდობოდა.
სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება “უფას” მთავარი მწვრთნელი. ალბათ, ყველაფერი მალე გაირკვევა.
- ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. არ იყავით “ჯვაროსნების” შემადგენლობაში” გამოძახებული?
- ნაკრებში ვიყავი გამოძახებული, მაგრამ ტრავმა მაწუხებს და ამიტომ ვერ ვემზადები ნაკრებთან ერთად. ახლა ვმკურნალობ და იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები.
- ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში, როდესაც საქართველომ ესტონეთს უმასპინძლა, თავი გატანილი გოლით გამოიჩინეთ. როგორი იყო სადებიუტო გოლი ქვეყნის პირველი გუნდის შემადგენლობაში?
- სიტყვებით მიჭირს გადმოცემა, ენით აუწერელი სიხარული იყო. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი. ეს დღე ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება. ყველა მილოცავდა სადებიუტო გოლს ეროვნულ ნაკრებში.
- იმ შეხვედრაში საქართველომ ესტონეთი 2:0 დაამარცხა. ისე მოხდა, რომ ორივე გოლი “საბურთალოს” ყოფილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს…
- დიახ. იმ მატჩში გოლები “საბურთალოს” აღზრდილმა ფეხბურთელებმა გავიტანეთ. ყაზაიშვილმა ულამაზესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. მთელი საფეხბურთო სამყარო მის გოლზე საუბრობდა.
ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ “საბურთალო” ძალიან ეხმარება ქართულ ფეხბურთს. გავა დრო და უფრო მეტი წარმომადგენელი ეყოლება ეროვნულ ნაკრებში. “საბურთალოს” სწორი გეზი აქვს აღებული და ეს პროცესი აუცილებლად მოიტანს დიდ შედეგს.
- ნაკრების ბოლოდროინდელ შეხვედრებზე რა აზრის ხართ?
- შესაძლოა, მოწინააღმდეგეები არ გვყავდა ისეთი ძლიერი, მაგრამ ყველა მეტოქე დასაფასებელია. ვფიქრობ, გუნდმა გამოასწორა, როგორც შედეგი, ასევე თამაშის ხარისხი. ვაისის სწორმა მუშაობამ განაპირობა, რომ ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში უკეთესობა შეიმჩნევა. დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრები კიდევ და კიდევ მოუმატებს.
- ზემოთ “საბურთალო” ახსენეთ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება – ელოდით, რომ გუნდი ჩემპიონატის ლიდერი იქნებოდა?
- კვირაზე მეტია საქართველოში ვიმყოფები. ამ ხნის განმავლობაში “საბურთალოს” ორ თამაშს დავესწარი – “დილასთან” და “რუსთავთან”. გორში გუნდს ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, თავისი შანსი მშვენივრად გამოიყენეს მასპინძლებმა და მოიგეს კიდეც.
რაც შეეხება “რუსთავთან” მატჩს, მიუხედავად უმცირესობისა, “საბურთალომ” ძალების მობილიზება შეძლო და დამსახურებულად გაიმარჯვა. 13 ტურის შემდეგ, რომ გადავხედოთ სატურნირო ცხრილს, ლოგიკურად მიმდინარეობს ყველაფერი.
“საბურთალო” ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და დამსახურებულად უკავია პირველი ადგილი. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი არაფერია. დღესდღეობით “საბურთალოს” საქართველოში ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა და საუკეთესო მთავარი მწვრთნელი.