საქართველო VS მალტა - ვინ მოიპოვებს ვაისის ნდობას?

AutoSharing Option
პირველ ივნისს, საღამოს 21:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ავსტრიაში ამხანაგურ შეხვედრაში მალტას დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გაიმართება.

მეტოქეთა შერჩევა
ნაკრების თითოეულ შეხვედრას ყველა დიდი მოლოდინით ველოდებით, მაგრამ ერთი ჭეშმარიტება უნდა ითქვას. მაგალითად, რაგბიში გვსურს, რომ ძლიერ მეტოქეს შევხვდეთ, რათა მათთან თამაში ვისწავლოთ და არსებული შეცდომები აღმოვფხვრათ.

რთულია, ისაუბრო, თუ რამდენად ნაყოფიერია: მალტასთან, ლუქსემბურგთან, სენტ-კიტსთან და მსგავს გუნდებთან შეხვედრა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი დონის გუნდებთან თამაში, მაგრამ იმდენად დავკარგეთ საფეხბურთო პოზიციები, რომ ამ გუნდებთან ვცდით საკუთარ შესაძლებლობებს. წესით, ორივე შეხვედრაში
რამდენიმებურთიანი უპირატესობით უნდა მოვიგოთ, მაგრამ რაში წაგვადგება ეს?

თუ პრობლემურ პოზიციებზეა საუბარი, ეს ძლიერ გუნდთან უნდა გამოიცადოს და დავაკვირდეთ იმ ფეხბურთელებს, ვის მიმართაც ინტერესი გვაქვს; თუ არა და, ამ შემთხვევაში შეიძლება ზოგიერთი იდეალური აღმოჩნდეს კონკრეტულ მომენტში, თუმცა მეორე შემთხვევაში ვერაფერი გააკეთოს.

ალბათ, ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად იდეალური იქნებოდა, დაგვენახა ჩვენი შესაძლებლობები, თუნდაც: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, მაკედონიასთან. იმიტომ, რომ ეს გუნდები თავიანთ ჯგუფებში ფავორიტები არიან და გამოჩნდებოდა ყველა ის ხარვეზი, რაზეც სამუშაო გვაქვს.

თუნდაც ბელორუსთან ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა ავიღოთ, რომელიც ფრედ, 2:2 დავასრულეთ. აქ ხომ უფრო გამოჩნდა შეცდომები თანაბარი დანის გუნდთან? ვიდრე ისეთ მეტოქესთან, რომელთანაც უპირობო ფავორიტი ვართ.

altვლადიმირ ვაისი: მალტა მშრალი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ


რა ძალას წარმოადგენს მალტის ნაკრები?
მალტა ფიფას რეიტინგში 185-ე ადგილზეა, ერთა ლიგაზე კი კოსოვოსთან, აზერბაიჯანთან და ფარერების კუნძულთან არის ჯგუფში. ჯგუფში, დიდი ალბათობით, მესამე ადგილს დაიკავებსს.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი 33 წლის ფორვარდი ალფრედ ეფიონგია, რომელიც ადგილობრივი კლუბის, "ბალზან-იუზის" ღირსებას იცავს. ტალანტად 19 წლის მაილს ბირმენი ითვლება, რომელიც "რეინჯერსის" 20-წლამდელთა გუნდშია. სხვა ფეხბურთლები, ძირითადად, ადგილობრივ კლუბებში არიან გადანაწილებულნი.

საქართველოს ნაკრები მალტას რვაჯერ შეხვდა, 5 მოიგო, 2 ფრედ დასრულდა და ერთში დამარცხდა. ბოლოს 2015 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში მეტოქეს კანკავასა და ყაზაიშვილის გოლებით 2:0 ვძლიეთ.

ერთადერთი მარცხი (0:2) 2009 წელს განვიცადეთ. იმ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: დღევანდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გურამ კაშია, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან ყენია, გიორგი მერებაშვილი და ა.შ.

ტაქტიკური მონახაზი
ვლადიმირ ვაისი ამ შეხვედრების განმავლობაში, ალბათ, ყველა ფეხბურთელს გამოცდის. დიდი ალბათობით, სლოვაკი სპეციალისტი სტილს არ უღალატებს და ისევ 4-2-3-1 - ტაქტიკური მონახაზით იასპარეზებს.

ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრების დებიუტანტ მეკარეს, ზაურ მახარაძეს, რომელიც გამოძახებულ შემადგენლობაში ყველაზე კარგ ფორმაშია.

ამ შეკრებაზე მარჯვენა მცველის პოზიციაზე უკონკურენტოდ იქნება ლევან გეგეჭკორი. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, არ გამოვრიცხოთ, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ ლევან ხარაბაძე. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარმოაჩინა თავი ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვარჯიშებზე.

რაც შეეხება ცენტრალურ დაცვას, მოსალოდნელია, რომ ამ შემთხვევაში სტაბილურობას მიმართოს ვაისმა და კაშია-კვირკველიას წყვილი დააყენოს. ხოლო ხოჭოლავა შეიძლება მეორე ტაიმში ვიხილოთ.

ნახევარდაცვაში მოსალოდნელია ვაისის ჩვეული ტრიო: გვილია-კანკავა-კვეკვესკირი. კვეკვესკირი, დიდი ალბათობით, ანანიძის საქმეს იტვირთავს და შეტევების მომზადება დაევალება.

ვაისი აგრეთვე კმაყოფილი დარჩა გიორგი ჩაკვეტაძით, რომელიც ბოლოს ამხანაგურ შეხვედრაში გამოსცადა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ამიტომ შესაძლოა, ჩაკვეტაძე მალტასთან ვერ ვიხილოთ. ძირითადში შეიძლება ვიხილოთ საბა ლობჟანიძე ან ვახტანგ ჭანტურიშვილი.

შეტევაში ზედმეტ ექსპერიმენტებს თავიდანვე მოერიდება და ნიკა კაჭარავას მისცემს მორიგ შანსს საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად. თუმცა თამაშის მეორე ნაწილში ბაჩანა არაბულსაც და ბუდუ ზივზივაძესაც უნდა ველოდოთ.

altმალტასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი


რას ველოდოთ?

ნაკრების ფეხბურთელების ნახევარზე მეტი ტრავმირებულია, მეორე ნაწილმა ვერ მოახერხა ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

ფაქტია, რომ ამ მატჩში ვაისი უფრო იმ ფეხბურთელებს აღმოაჩენს, ვინც შეიძლება მომავალში სათადარიგოდან დაეხმაროს.

ამიტომ იმ ბიჭებისთვის, რომლებსაც ნაკრებში შანსი დღეს მიეცათ, ეს გუნდში დამკვიდრების საშუალება იქნება, რადგან გამოძახებული სიიდან დიდი ნაწილი ოფიციალური თამაშების დროს განაცხადში ვერ მოხვდება.

ველოდოთ ბევრ გოლს, კარგ თამაშს, რეიტინგში წინსვლასა და ნაკრების დამაიმედებელ მომავალს.


მკითხველის კომენტარები / 13 /
სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ნათქვამია. რა იცით, რას აკეთებს ვაისი?! იქნებ ყველაზე დიდი პრობლემა მან გუნდის ფსიქოლოგიურ მომზადებაში დაინახა და უნდა, რომ, შედარებით სუსტი გუნდების დამარცხებით, გამარჯვებულის ფსიქოლოგია განამტკიცოს გუნდში?! ვნახოთ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან!
2
მე როცა ვთქვი ეს ამხანაგური მატჩები ამ მაჩანჩალა გუნდებთან არაფის მთქმელიაო დამესივნენ და მითხრეს არასწორად აზროვნებო. ჩვენ უნდა შეგვერჩია სასპარინგოდ უნგრეთის,ბულგარეთის,ისრაელის,ალბანეთის დონის გუნდები და გავიგებდით რა ძალის ნაკრები ვართ. აქ გამოჩნდებოდა სად გვაქვს მინუსები! მალტა თავის ჯგუფშიც კი განწირული ბოლო ადგილისთვის. კოსოვო მალტას ცალი ფეხით მოუგებს!
kika
10:43 01-06-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული