"ჯვაროსნების" თამაშის 7 გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყაზახები ვერ მიხვდნენ, რატომ წააგეს

AutoSharing Option
ფოტოები: gff.ge

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე სტარტმა ჩვენი გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია. ასეც უნდა ყოფილიყო და ყველას დაგვანახა, როგორ გვიყვარს ფეხბურთი და რაც მთავარია, როგორ გვიყვარს სამშობლო.

ეგაა, საქართველოში ყველა საფეხბურთო ექსპერტია. 3.7 მილიონი ადამიანიდან ყველას პრეტენზია აქვს ფეხბურთის ღრმა ცოდნაზე და უნდა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, რაც ურიგო ნამდვილად არ გახლავთ. ასეთი აქტიურობა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

რატომღაც ყველას ეგონა, რომ ყაზახეთში აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამ თაობას კი არა, ძველ "დინამოს", რომელიც მთელ ევროპაში ანგარიშგასაწევი იყო, უჭირდა სტუმრად მათთან თამაში,
რადგან "კაირატი" (მაშინ ფაქტობრივად, ყაზახეთის ნაკრებს წარმოადგენდა) ძალიან ათლეტური და მობილიზებული გუნდი იყო, მებრძოლი გუნდი. ასეა ახლაც, ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ახალი დედაქალაქი აქვთ და საფეხბურთო ცენტრმა ალმა-ატიდან ასტანაში გადაინაცვლა. ეგაა და ეგ.

"ჯვაროსნების" თამაშისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: 

1. ფორსმაჟორული სიტუაცია. გუნდი ზედ მატჩის წინ შეიკრიბა და ზოგიერთ ფეხბურთელს ხანგრძლივი მგზავრობა მოუწია. მაგალითად, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი აშშ-დან ჩამოვიდნენ. ამან უთუოდ იმოქმედა თამაშის ხარისხზე.

2. ხელოვნური მოედანი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთ საფარზე თამაში კი არა, ვარჯიშიც არ შეიძლება, თუნდაც ის მეოთხე კი არა, არამედ ასმეოთხე თაობისა იყოს, რამეთუ გაცილებით დიდია ტრავმის მიღების ალბათობა, ბურთი სხვა სისწრაფით მოძრაობს და ასხლეტაც სხვანაირი აქვს. თუ მიჩვეული არა ხარ, ასეთ მოედანზე ბურთაობისას, პრაქტიკულად, წაგებისთვის ხარ განწირული. ძველ დროში მსგავს მოედნებს ირინიულად ჩვენში ლოჯიებს ეძახდნენ.

3. თავდადება. უდავოდ ნიჭიერი თაობაა მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში, თუმცა ადრე ამათზე ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყოლია, მაგრამ მათი ინდეფერენტულობის გამო შედეგი ვერ მიღწეულა. არასოდეს საქართველოს ნაკრებს არაფრისთვის არ მიუღწევია. ეს ჩემი ობიექტური ან სუბიექტური მოსაზრება კი არა - ჯიუტი ფაქტია! ეს ბიჭები კი იბრძვიან, თავს არ ზოგავენ, უშვებენ შეცდომებსაც (აბა, მაგის გარეშე როგორ იქნება?), თუმცა, რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯებიან. აი, ესაა მისასალმებელი. ვერავისზე ვერ იტყვი, არ მოინდომა, არ იბრძოლაო.

4. ნიჭი. ყველა ერს რაღაც გამორჩეული ნიჭი აქვს და ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი ნათქვამი შეიძლება გადაჭარბებულად კი არა, ზოგმა სასაცილოდ მიიჩნიოს, მაგრამ ქართველებს საფეხბურთო ნიჭი გვაქვს. ეს გენეტიკურია და ამის უარყოფა არ შეიძლება. სულ სხვა საკითხია, რამდენად ვახერხებთ მის რეალიზაციას. მაგალითად, მათი პრესის მიმოხილვებიდან ჩანს, რომ ყაზახებმა ვერ გაიგეს, რატომ წააგეს. იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ გიორგი ჩაკვეტაძე. ძალიან გაუჭირდება ყაზახეთის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს მსგავსი გოლის გატანა; გაუჭირდება ისეთი გოლის გატანა, როგორიც გაუტანა ვაკო ყაზაიშვილმა ესტონეთს. ეს ისაა, რაზეც გალაკტიონი ბრძანებდა (ჩვენი არა, ტაბიძე... ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა) - "ნიჭი ძამიკო, ნიჭი":

"ხალხის გენია, ხალხის ნიჭი
და ძლიერება
ცხოვრების ზღვაზე მიმავალი
ცოდნის გემია".

5. თამაში. თამაში თითქოს თანაბარი იყო, მომენტებიც გუნდებმა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის შექმნეს, ჩვენმა ფეხბურთელებმა უხეში შეცდომებიც დაუშვეს - მეკარე გიორგი ლორიას სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო მოუვიდა ალბათ, უფრო ის შეცდომა; მეორე ტაიმში ცენტრალურმა მცველებმა დაუშვეს პოზიციური შეცდომა და ალეკსეი შეტკინს შეეძლო გოლის გატანა. ორივე შემთხვევაში გიორგი ნავალოვსკიმ გადაგვარჩინა, რომელიც ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჩაკვეტაძეზე არანაკლები წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

Sportall.Ge

მეტოქე მხოლოდ ათლეტიზმით გვჯობდა და ამავე დროს, გამოიკვეთა ჩვენი გუნდის ტექნიკური უპირატესობა. ზოგჯერ ბურთი ისე გავუგორეთ, გეგონებოდათ "ბარსელონა" "ლევანტეს" ან "ლეგანესს" ეთამაშებოდაო. ეს ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებდა და გამოიღო კიდეც. როდესაც ბურთთან თქვენობით კი არა, შენობით ხარ, გამარჯვების მეტი შანსი გაქვს. ეს საფეხბურთო აქსიომაა.

თუმცა, ისეც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ პირველი გოლი გაგვეშვა და ამის შემდეგ მასპინძლები წინ დიდი ძალებით არ წავიდოდნენ, ზურგი არ მოუშიშვლდებოდათ და სწრაფი კონტრშეტევების განხორციელების საშუალება არ მოგვეცემოდა. ასეთი შემთხვევებიც გვახსოვს - სამწუხაროდ, ხშირად.

6. ვლადიმირ ვაისი. ის არც ლუის სესარ მენოტია და არც პეპ გვარდიოლა, უბრალოდ ვლადიმირ ვაისია, კარგი, ნორმალური მწვრთნელი. გუშინ ცოტა გაუმართლა კიდეც, მაგრამ ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს. ალბათ, სტრატეგიაც სწორი აირჩია და ტაქტიკაც (ამ ორ კომპონენტს ერთმანეთში ნუ ვურევთ და ყველაფერს ტაქტიკას ნუ ვუწოდებთ). არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ზედმეტად შემტევ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი; უფრო ფრთხილი, ზომიერად შემტევი ფეხბურთი ათამაშა თავის გუნდს, რომელიც მოწინააღმდეგის შეცდომაზე იყო გათვლილი.

Sportall.Ge

მოწინააღმდეგეს კი შეცდომა არ დაუშვია, ვინაიდან ჩაკვეტაძის გოლი შედევრი იყო და ის ვიზავის შეცდომის შედეგად არ გასულა. ეს 19 წლის ბიჭი ის ფეხბურთელია, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა და სასაცილოა, როდესაც ყაზახები ელდორ შომორუდოვს (როსტოვი), ვაან ბაჩახჩიანს (ჟილინა) და და ერკებულან სეიდახმეტს (უფა) ადარებენ. ღმერთმა კეთილი ყურით გვისმინოს და მან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ძალიან დიდი.

ვაისის განკარგულებაში კარგი ფეხბურთელები არიან, მონდომებულები, მოტივირებულები და ეს ხელს ძალიან უწყობს. მის ნაკრებს უერთგულესი გულშემატკივრები ჰყავს, რაც 9 სექტემბერს ლატვიასთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდება. ეგაა, ეს გულშემატკივარი მაქსიმალისტი და ძალიან პრეტენზიულია, მწვრთნელის ნებისმიერ ნაბიჯს კრიტიკულად უდგება. რას იზამ, ყველას მოსაწონს საქართველოში ვერ გააკეთებს კაცი და ვინც უნდა დანიშნონ "ჯვაროსანთა" თავკაცად, ნებისმიერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იქნება, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან ქართული და ძალიან ნორმალურია - ჯანსაღი და არა წრეგადასული კრიტიკა აუცილებელია.

ვაისს, უპირველეს ყოვლისა, გოლკიპერის პოზიცია აქვს გასაძლიერებელი. ლორია სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი, ზაურ მახარაძის საბუთების გაფორმებას კი არა და არ დაადგა საშველი, თუმცა, სათამაშო პრაქტიკის მხრივ, "ზორიაში" მასაც შეექმნა პრობლემა.

7. პერსპექტივა. პერსპექტივა, შემადგენლობიდან გამომდინარე, ძალიან კარგია. მით უმეტეს, ვლადიმირ ვლადიმირის ძეს რეზერვიც ჩინებული ჰყავს. ასტანაში არ უასპარეზიათ გიორგი პაპუნაშვილს და ოთარ კიტეიშვილს, რომელთაც თავიანთი პლუსები აქვთ და ნახევარდაცვის გაძლიერება ხელეწიფებათ. თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძეც ჩადგებიან მწყობრში და ესაც დიდი ძალაა. სხვანაირი სტილის თამაშში გიორგი ქვილითაიაც უფრო დიდ სარგებელს მოუტანს გუნდს (ის იმ ტიპის ფორვარდი არაა, ცენტრში რომ ბურთის მოსაპოვებლად ჩავიდეს და იქიდან მთელი გუნდი მოატყუოს). გიორგი მერებაშვილსაც უკეთ შეუძლია თამაში და არაა საჭირო ერთი ჩაგდებული შეხვედრის გამო მისი ლამის ანათემაზე გადაცემა - ყოველთვის ყველას ხომ არ წაუვა თამაში.

მოკლედ, საქმე ნორმალურად მიდის, ერთა ლიგა ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაიწყო და უკეთეს გაგრძელებას ველით.

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

altგიორგი ლორია: ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტში არასწორი იყო

altრას წერს ყაზახური პრესა საქართველოსთან მარცხის შემდეგ

altპუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ








მკითხველის კომენტარები / 30 /
ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, მერებაშვილი არ დააყენოს ვაისმა ძირითადში
saakadze
07 სექტემბერი 2018 16:00
12
ჩემი აზრით ლორიას შეცდომა უთამაშებლობის ბრალი არაა, უბრალოდ დონე მეტი არ აქვს. შეცდომები ნაკრებში ხშირად მოსდის. ჩემი აზრით კვასხვაძე ამ ეტაპზე უკეთეს კონდიციაშია და უნდა ეძლეოდეს სათამაშო დრო მინიმუმ საშინაო მატჩებში მაინც. მინდა ლორიას ვუსურვო საუკეთესო ფორმაში შესვლა რაც არავის არ შეშურდება და საერთო საქმეს წარმართავს უკეთესობისკენ. უბრალოდ შევხედოთ რეალობას რა გვაქვს და რა არ გვაქვს. მადლობა ბიჭებს გამარჯვებისთვის, რომელშიც გული ნამდვილად ჩანდა. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და მაქსიმალური მობილიზება ყველას. მისასალმებელი ასეთი კარგი პრესა და დროა ეს კუთხეც გამოსწორონ ჩვენმა ჟურნალისტებმა. მეტი დადებით ჭირდებათ ბიჭებს და დავუდგეთ გვერდით.
ირაკლი
07 სექტემბერი 2018 15:55
5
რატომ წერთ ასეთ აგრესიულ სტატიას, რატომ არის ყაზახების მიერ ვინმესთან ჩაკვეტაძის შედარება "სასაცილო". როდემდე უნდა იტრიალოს ჩვენს გარშემო სამყარომ? რა მდარე ხარისხია?! ყაზახური პრესა ნახეთ - ობიექტურად წერენ, არც კომენტარებში გვლანძღავენ.
no name
07 სექტემბერი 2018 15:54
4
აგრესიული არა ის კიდე, ყაზახები როგორ იმუქრებოდნენ მატჩამდე ეგ არ იცი?
sandro777
07 სექტემბერი 2018 16:01
15
ადრე დვალიშვილს ვერ ვიშორებდით, ეხლა მერებაშვილი გადაგვეკიდა:) ხუმრობის გარეშე რას ფიქრობთ ამ კაცზე?
:)
07 სექტემბერი 2018 15:53
10
ყველაფერი კარგი, მაგრამ მერებაშვილის ადგილი ნამდვილად არაა ნაკრებში. არაფერი პირადული, უბრალოდ არ არის ის ნაკრების დონეზე. და სიმართლე, რომ ითქვას არასდროს ყოფილა ნაკრებში თამაში მისი ძლიერი მხარე. დღეს კი ნამდვილად არის ფეხბურთელები, რომლებსაც მის მაგივრად შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში.
გუგა
07 სექტემბერი 2018 15:49
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული