ფოტოები: gff.ge
საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე სტარტმა ჩვენი გულშემატკივრების დიდი ინტერესი გამოიწვია. ასეც უნდა ყოფილიყო და ყველას დაგვანახა, როგორ გვიყვარს ფეხბურთი და რაც მთავარია, როგორ გვიყვარს სამშობლო.
ეგაა, საქართველოში ყველა საფეხბურთო ექსპერტია. 3.7 მილიონი ადამიანიდან ყველას პრეტენზია აქვს ფეხბურთის ღრმა ცოდნაზე და უნდა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს, რაც ურიგო ნამდვილად არ გახლავთ. ასეთი აქტიურობა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.
რატომღაც ყველას ეგონა, რომ ყაზახეთში აუცილებლად უნდა მოგვეგო. ამ თაობას კი არა, ძველ "დინამოს", რომელიც მთელ ევროპაში ანგარიშგასაწევი იყო, უჭირდა სტუმრად მათთან თამაში,
"ჯვაროსნების" თამაშისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:
1. ფორსმაჟორული სიტუაცია. გუნდი ზედ მატჩის წინ შეიკრიბა და ზოგიერთ ფეხბურთელს ხანგრძლივი მგზავრობა მოუწია. მაგალითად, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი აშშ-დან ჩამოვიდნენ. ამან უთუოდ იმოქმედა თამაშის ხარისხზე.
2. ხელოვნური მოედანი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთ საფარზე თამაში კი არა, ვარჯიშიც არ შეიძლება, თუნდაც ის მეოთხე კი არა, არამედ ასმეოთხე თაობისა იყოს, რამეთუ გაცილებით დიდია ტრავმის მიღების ალბათობა, ბურთი სხვა სისწრაფით მოძრაობს და ასხლეტაც სხვანაირი აქვს. თუ მიჩვეული არა ხარ, ასეთ მოედანზე ბურთაობისას, პრაქტიკულად, წაგებისთვის ხარ განწირული. ძველ დროში მსგავს მოედნებს ირინიულად ჩვენში ლოჯიებს ეძახდნენ.
3. თავდადება. უდავოდ ნიჭიერი თაობაა მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში, თუმცა ადრე ამათზე ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყოლია, მაგრამ მათი ინდეფერენტულობის გამო შედეგი ვერ მიღწეულა. არასოდეს საქართველოს ნაკრებს არაფრისთვის არ მიუღწევია. ეს ჩემი ობიექტური ან სუბიექტური მოსაზრება კი არა - ჯიუტი ფაქტია! ეს ბიჭები კი იბრძვიან, თავს არ ზოგავენ, უშვებენ შეცდომებსაც (აბა, მაგის გარეშე როგორ იქნება?), თუმცა, რაც მთავარია, ბოლომდე იხარჯებიან. აი, ესაა მისასალმებელი. ვერავისზე ვერ იტყვი, არ მოინდომა, არ იბრძოლაო.
4. ნიჭი. ყველა ერს რაღაც გამორჩეული ნიჭი აქვს და ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი ნათქვამი შეიძლება გადაჭარბებულად კი არა, ზოგმა სასაცილოდ მიიჩნიოს, მაგრამ ქართველებს საფეხბურთო ნიჭი გვაქვს. ეს გენეტიკურია და ამის უარყოფა არ შეიძლება. სულ სხვა საკითხია, რამდენად ვახერხებთ მის რეალიზაციას. მაგალითად, მათი პრესის მიმოხილვებიდან ჩანს, რომ ყაზახებმა ვერ გაიგეს, რატომ წააგეს. იმიტომ, რომ მათ არ ჰყავთ გიორგი ჩაკვეტაძე. ძალიან გაუჭირდება ყაზახეთის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს მსგავსი გოლის გატანა; გაუჭირდება ისეთი გოლის გატანა, როგორიც გაუტანა ვაკო ყაზაიშვილმა ესტონეთს. ეს ისაა, რაზეც გალაკტიონი ბრძანებდა (ჩვენი არა, ტაბიძე... ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა) - "ნიჭი ძამიკო, ნიჭი":
"ხალხის გენია, ხალხის ნიჭი
და ძლიერება
ცხოვრების ზღვაზე მიმავალი
ცოდნის გემია".
5. თამაში. თამაში თითქოს თანაბარი იყო, მომენტებიც გუნდებმა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის შექმნეს, ჩვენმა ფეხბურთელებმა უხეში შეცდომებიც დაუშვეს - მეკარე გიორგი ლორიას სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო მოუვიდა ალბათ, უფრო ის შეცდომა; მეორე ტაიმში ცენტრალურმა მცველებმა დაუშვეს პოზიციური შეცდომა და ალეკსეი შეტკინს შეეძლო გოლის გატანა. ორივე შემთხვევაში გიორგი ნავალოვსკიმ გადაგვარჩინა, რომელიც ამ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჩაკვეტაძეზე არანაკლები წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
მეტოქე მხოლოდ ათლეტიზმით გვჯობდა და ამავე დროს, გამოიკვეთა ჩვენი გუნდის ტექნიკური უპირატესობა. ზოგჯერ ბურთი ისე გავუგორეთ, გეგონებოდათ "ბარსელონა" "ლევანტეს" ან "ლეგანესს" ეთამაშებოდაო. ეს ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებდა და გამოიღო კიდეც. როდესაც ბურთთან თქვენობით კი არა, შენობით ხარ, გამარჯვების მეტი შანსი გაქვს. ეს საფეხბურთო აქსიომაა.
თუმცა, ისეც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ პირველი გოლი გაგვეშვა და ამის შემდეგ მასპინძლები წინ დიდი ძალებით არ წავიდოდნენ, ზურგი არ მოუშიშვლდებოდათ და სწრაფი კონტრშეტევების განხორციელების საშუალება არ მოგვეცემოდა. ასეთი შემთხვევებიც გვახსოვს - სამწუხაროდ, ხშირად.
6. ვლადიმირ ვაისი. ის არც ლუის სესარ მენოტია და არც პეპ გვარდიოლა, უბრალოდ ვლადიმირ ვაისია, კარგი, ნორმალური მწვრთნელი. გუშინ ცოტა გაუმართლა კიდეც, მაგრამ ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს. ალბათ, სტრატეგიაც სწორი აირჩია და ტაქტიკაც (ამ ორ კომპონენტს ერთმანეთში ნუ ვურევთ და ყველაფერს ტაქტიკას ნუ ვუწოდებთ). არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ზედმეტად შემტევ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი; უფრო ფრთხილი, ზომიერად შემტევი ფეხბურთი ათამაშა თავის გუნდს, რომელიც მოწინააღმდეგის შეცდომაზე იყო გათვლილი.
მოწინააღმდეგეს კი შეცდომა არ დაუშვია, ვინაიდან ჩაკვეტაძის გოლი შედევრი იყო და ის ვიზავის შეცდომის შედეგად არ გასულა. ეს 19 წლის ბიჭი ის ფეხბურთელია, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა და სასაცილოა, როდესაც ყაზახები ელდორ შომორუდოვს (როსტოვი), ვაან ბაჩახჩიანს (ჟილინა) და და ერკებულან სეიდახმეტს (უფა) ადარებენ. ღმერთმა კეთილი ყურით გვისმინოს და მან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ძალიან დიდი.
ვაისის განკარგულებაში კარგი ფეხბურთელები არიან, მონდომებულები, მოტივირებულები და ეს ხელს ძალიან უწყობს. მის ნაკრებს უერთგულესი გულშემატკივრები ჰყავს, რაც 9 სექტემბერს ლატვიასთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდება. ეგაა, ეს გულშემატკივარი მაქსიმალისტი და ძალიან პრეტენზიულია, მწვრთნელის ნებისმიერ ნაბიჯს კრიტიკულად უდგება. რას იზამ, ყველას მოსაწონს საქართველოში ვერ გააკეთებს კაცი და ვინც უნდა დანიშნონ "ჯვაროსანთა" თავკაცად, ნებისმიერის მიმართ ასეთი დამოკიდებულება იქნება, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან ქართული და ძალიან ნორმალურია - ჯანსაღი და არა წრეგადასული კრიტიკა აუცილებელია.
ვაისს, უპირველეს ყოვლისა, გოლკიპერის პოზიცია აქვს გასაძლიერებელი. ლორია სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი, ზაურ მახარაძის საბუთების გაფორმებას კი არა და არ დაადგა საშველი, თუმცა, სათამაშო პრაქტიკის მხრივ, "ზორიაში" მასაც შეექმნა პრობლემა.
7. პერსპექტივა. პერსპექტივა, შემადგენლობიდან გამომდინარე, ძალიან კარგია. მით უმეტეს, ვლადიმირ ვლადიმირის ძეს რეზერვიც ჩინებული ჰყავს. ასტანაში არ უასპარეზიათ გიორგი პაპუნაშვილს და ოთარ კიტეიშვილს, რომელთაც თავიანთი პლუსები აქვთ და ნახევარდაცვის გაძლიერება ხელეწიფებათ. თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძეც ჩადგებიან მწყობრში და ესაც დიდი ძალაა. სხვანაირი სტილის თამაშში გიორგი ქვილითაიაც უფრო დიდ სარგებელს მოუტანს გუნდს (ის იმ ტიპის ფორვარდი არაა, ცენტრში რომ ბურთის მოსაპოვებლად ჩავიდეს და იქიდან მთელი გუნდი მოატყუოს). გიორგი მერებაშვილსაც უკეთ შეუძლია თამაში და არაა საჭირო ერთი ჩაგდებული შეხვედრის გამო მისი ლამის ანათემაზე გადაცემა - ყოველთვის ყველას ხომ არ წაუვა თამაში.
მოკლედ, საქმე ნორმალურად მიდის, ერთა ლიგა ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაიწყო და უკეთეს გაგრძელებას ველით.
ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]
გიორგი ლორია: ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტში არასწორი იყო
რას წერს ყაზახური პრესა საქართველოსთან მარცხის შემდეგ
პუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა
ვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ
ერთა ლიგა იმისთვის შეიქმნა რო ამხანაგური თამაშები შემცირებულიყო და ნორმალურ გუნდებს ისეთი მოწინააღმდეგეები აცდენოდა როგორიც საქართველოს ნაკრებია. ნახეთ რა "პადგრუპაში" ვართ ხალხო. მანდ რო პირველ ადგილზე გავიდეთ 6 მოგებით და ბურთების სხვაობა 30-0 იყოს ისე არ გამეხარდება, როგორც მაგალითად კობიმ რო ეინდჰოვენს მარტომ მოუგო 3:0. ნახეთ ქართული კლუბები ევროტურნირებზე რას შვებიან, სამარცხვინო, თავის მოჭრა. ნახეთ საქართველოს ჩემპიონატზე ვინ დადის. საყართველოში ფეხბურთი მოკვდა დიდი ხანია, აღარ არსებობს.
ჩაკვეტაძემ კაი გოლი გაიტანა, კაი დავუკრათ ტაში, მარა ასე ხოტბის შესხმა და ერთი ამბის შექმნა არაა არავისთვის მარგებელი ავტორო. გარეთ ბეილის გოლი ჩრდ. ირლანდიასთან ნახეთ. და შეადარეთ ჩაკვეტაძის გოლს. ძაან გავდა ჩემი აზრით. რამოდენიმე სტატია წავიკითხე, ისე ცნობისმოყვარეობისთვის, უელსურ საიტებზე.... ეფექტური გოლი იყოო, მორჩა. ვაიმე ეს რა ვნახე, რა საოცრად ნიჭიერი ხალხი ვართ ეს უელსელები, პირდაპირ გენებში გვაქვს ფეხბურთიო არსად ეწერა.
ქართული ფეხბურთი მკვდარია და მისი გაცოცხლება არც ერთ ამ სტრიქონების წამკითხავზე ნაკლებად არ გამეხარდება. წარმატება ბიჭებს ლატვიასთან.
1. იმ დღეს გელზენკირხენში ვიყავი სტადიონზე და ეგ თამაში გამახსენდა, თუარა ეგ იყო ჩემი საფეხბურთო განცდის პიკი თქო არ მითქვამს. არც კალაძის მოგებული ჩემპიონთა ლიგები დამვიწყებია და არც ერთი ქართველის გატანილი გოლი. უბრალო მაგალითი იყო. საქართველოს ნაკრების წარმატება უდაოდ ყველაფერზე მეტად მიხარია ფეხბურთში, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან წარმოაჩენს ასეთ წარმატებას. ჰოდა, სიმართლე რო გითხრა, მაგ ყაზახეთთან, ანდორასთან და ლატვიასთან მოგებას, ახლა რო ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე თავდამსხმელი გვყავდეს, იმის ჰეთ თრიქი მირჩევნია. მე შალკეს წარმატება კი არა, ქართველი ფეხბურთელის გაბრწყინება გამეხარდა.
2. მაგას "სნაპშოთი" ქვია და არა კომპეტენტურობა, როგორც შესავალში შენთვის იჩემებ. იმავე წელს, იმავე კობიაშვილის მონაწილეობით 2:1 მოუგო საქართველომ ყაზახეთს გასვლაზე, მარა არ დაგვიბრდღვნია ყველაფერი ეს რა ვქენითო. იმავე კობიაშვილის წყალობითვე ხორვატიას!!!! მოვუგეთ 2011-ში. მოდრიჩიც "სასტავში" იყო და რაკიტიჩიც, პერისიჩი შეცვლაზე შემოვიდა, სამივე წლევანდელი მსოფლიო ვიცე ჩემპიონობის გმირები. და ზოგადად, იმის შეფასების უნარი თუ არ გაქვს საქართველოს კობიაშვილისდროინდელი ნაკრები ჯობდა თუ ახლანდელი, დაანებე ფეხბურთის ყურებას თავი, ჯიგარო.
3. კიდევ ერთხელ, გოდებისთვის არავისთვის მომიწოდებია. უბრალოდ, გამგები გაიგებდა, სიხარულის რეალობასთან შეზავებისკენ მოვუწოდე ყველას, ვინც საქართველოს ნაკრებს ერის თასით ხელში ხედავს მომავალ ზაფხულზე.
1. როგორ შეიძლება ადამიანს საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე მეტად ის გსიამოვნებდეს შალკე როგორ მოუგებს ეინდჰოვენს. და თუ მაინცდამაინც ეგ განიჭებს სიამოვნებას 'შე კაი ადამიანო' მილანში კალაძემ ორჯერ მოიგო ლიგა და ეგ მაინც გეხსენებინა :))
2. 2005 წელს არ გადაშლიდი ხოლმე სარბილეს? 9 ოქტომბრის სარბილეს ტუ ნახავდი დილით,შეამჩნევდი რომ საქართველოს ნაკებმა შინ ყაზახეთთან 0-0 ითამაშა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. და იქვე შემადგენლობასაც თუ გადაავლებდი თვალს ის კობიაშვილი მარტომ რომ მოუგო ეინდჰოვენს ძირითად შემადგენლობაში იყო.ასევე სხვებიც შენ რომ გახარებდნენ დილაობით სარბიელს გადაშლის მომენტში.
3. და ბოლოს, ნებისმიერი გამარჯვება სასიხარულო არის როცა ეს საქართველოს ეხება,და ვფიქრობ საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვაა როცა ხალხს სიხარულის გამო კიცხავ და გოდებისკენ მოუწოდებ. ჩვენმა გუნდმა სასიხარულო გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია დაამტკიცა რომ ფეხბურთი არ მომკვდარა აქ!!!