- რთული თამაში იყო, თუმცა კმაყოფილი ვარ შედეგით, რადგან 3 ქულა მოვიპოვეთ. რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში, რადგან მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა.
სამუშაო აქვს რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკური კუთხით, რადგან მათ კლუბებში მცირე სათამაშო დრო აქვთ და ვიმედოვნებ, შემდეგ შეხვედრაში ანდროსთან უკეთეს ფორმაში იქნებიან.
ქვილითაიას ტრავმა ტრაგედიაა, ასეთი ტრავმა არ მახსენდება. ეს შოკი იყო მთელი გუნდისთვის, ჩვენი ინფორმაციით ხვალ ჩატარდება ბელგიაში ოპერაცია და გვეცოდინება
საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო, თუმცა მე არ ვუყურებ წარსულს და მსურს ახალი ისტორია დავწერო.
ასეთ შეხვედრაში რთულია ფეხბურთელების შეცვლა, რადგან რთულია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შეხვედრაში ჩართვა. შეიძლება ფიქრობთ, რომ შეცვლები დავაგვიანე, თუმცა სათადარიგო შემადგენლობაშიც არ მქონდა დიდი არჩევანი, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას თავიანთ კლუბებში სათამაშო დრო არა აქვთ და ფორმაში არ არიან.
რაც შეეხება უშუალოდ კაჭარავას, თამაში არ წაუვიდა, ბევრს ეცადა და ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტიც. ფეხბურთი არ არის იოლი თამაში და ყველაფერი ხდება.
რა პროგრესი აქვს საქართველოს ნაკრებს, ეს ჟურნალისტებმა უნდა შეაფასოთ. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, 50 000 ქომაგი იყო და მათ გვერდში ყოფნას ვგრძნობდი. ქართველებს უყვართ ფეხბურთი და ეს სასიხარულოა.
მეტოქემ ყრუ დაცვაში ჩადგა და ბოლომდე ვერ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება. პირველ ტაიმში ვცდილობდით ისე გვეთამაშა, რომ ფინალურ ფაზამდე მივსულიყავით, თუმცა არ გამოვიდა. მინდა აღვნიშნო ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმი, მისი კარგი თამაში ორივე შეხვედრაში გამოსარჩევია. ზოგიერთ ფეხბურთელს უკეთ მართებდა ასპარეზობა. თორნიკე ოქრიაშვილი ახლახან ჩადგა მწყობრში და ეტყობოდა ეს, ვაკო ყაზაიშვილსისა და ნიკა კაჭარავასგან კი მეტს ველოდი.
არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია.
მე კომუნიკაცია მქონდა ჯანო ანანიძესთან, ორშაბათიდან ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ვნახოთ, სამი კვირის შემდეგ როგორ ფორმაში იქნება.
ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
ამ კაცის შეცვლები კიდევ ცალკე თემაა. მის შეცვლებში არათუ ტაქტიკური მონახაზი ან სტრატეგიული გეგმა, მარტივი ფანტაზიის უნარიც კი არ იგრძნობა. ერთადერთი, რაც აშკარად ჩანს, არის შიში, რომლითაც საკუთარი შეგირდების რწმენადაკარგული სრულიად უცხო კაცი ყოველ თამაშს უდგება; გუნდის დამარცხების კი არა, სამსახურის დაკარგვის შიში!
ის, რომ მერებაშვილს ან კაჭარავას ერთი თამაში არ წაუვიდეთ, ნორმალურია. არანორმალურია ასეთ პირობებში მათ ბოლომდე რომ აცოდვილებს მწვრთნელი. მართლა საოცარი და გაუგებარია, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფ კაჭარავას ამხანაგურ მატჩშიც 5 წუთს ძლივს უთმობდა და ახლა, მიქელთაძის დუბლიორად ქცეული ოფიციალურში 90 წუთით დატვირთა.
და კიდევ: შეცვლები საუკეთესოდ ახასიათებენ მწვრთნელის ტემპერამენტს, ქმნიან მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. ამ თვალსაზრისით, გარდა ზემოთქმულისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ როგორც მთელმა საქართველომ შენიშნა, ის არ ცვლის საკუთარ საკადრო გადაწყვეტილებებს, თუნდაც ამას ზედ გადაჰყვეს გუნდის პერსპექტივა, ანუ არის ძალიან ჯიუტი, რქებით მიმწოლი კაცი, რომელსაც უჭირს საკუთარი შეცდომის აღიარება. ასეთმა მწვრთნელმა წარმატება როგორ უნდა მოგვიტანოს?!
და კიდევ ერთი შტრიხი ფსიქოლოგიური პორტრეტისთვის: ორივე მატჩში პირველ რიგში შეიცვალა ფეხბურთელი, რომელმაც ეს ექვსი ქულა საკუთარი ტალანტით გამოჭედა (ამას რომ ვამბობ, ცხადია სხვების ღვაწლსაც არ ვაკნინებ, მაგრამ გამარჯვების გოლის შემოქმედი ორივე მატჩში რომ ჩაკვეტაძე იყო, ხომ ფაქტია!). არადა, ჩვენს ოქროს ბიჭს დაღლა ნამდვილად არ ეტყობოდა. საკუთარი გეგმის განაღდებამდე ერთადერთ ჯოკერს რომელი ჭკუათმყოფელი აწვენს? იქნებ ეს ვაისის ხასიათის კიდევ ერთ ასპექტს აშიშვლებს - ყველა სხვა „სიკეთესთან“ ერთად ეს კაცი შურიანიცაა!
ჩაკვეტაძეზე ცალკე იმის თქმაც შეიძლება, რომ ასეთი სახიფათო ნახევარმცველის შეტევის განაპირა კიდეზე, ზედ ჰაუტის ხაზთან დაყენება კიდევ ერთი იდიოტიზმია და იმედია, ამ ორი მატჩის ჯამში ამას მაინც მიხვდა ვა-ისი.
პირადად ჩემი აზრია, რომ რაც უფრო მალე შეველევით ამ კაცს, მით უმჯობესი იქნება საქართველოსთვის! დარწმუნებული ვარ, ცხადაძისთვის ხელი რომ არ შეგვეშალა, ახლა საათის მექანიზმივით ნარნარად აწყობილი იქნებოდა ჩვენი უპირველესი გუნდი და რაც მთავარია, ლაღ, ყოველგვარი შიშისაგან თავისუფალ, ღირსეულ და თვალსასეირო ფეხბურთსაც თამაშობდნენ ბიჭები. რამდენიმე წლის წინ, ქეცბაიას სამკვდრო-სასიცოცხლოდ რომ გადავეკიდეთ, ქართულ ფეხბურთში თაობათა ცვლის კრიზისი იდგა. ახლა ეს კრიზისი დაძლეულია, ნამდვილ პატრიოტთა და ჭეშმარიტ პროფესიონალთა მთელი პლეადა შეგროვდა ნაკრებში და დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, ამ გუნდის მომავალი ვადაგასული სლოვაკი მწვრთნელის უნიათობას გადავაყოლოთ. მე მესმის, რომ ოდესღაც შედეგი ჰქონდა. მასე ბილარდო და მენოტიც ცოცხლები არიან, მაგრამ ნაკრებში არავინ იწვევს. ჩაიარა მათმა მატარებელმა.
ასე რომ ფედერაციის ბოსებო, თქვენი და ჩვენი, ყველას, მთელი საქართველოს სასიკეთოდ, იქნებ დროზე მოხვიდეთ გონს და ბიჭებისა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული მწვრთნელი გვაღირსოთ!