10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ლატვიასთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიის ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში 3:0 დაამარცხა და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული გახდა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა 10-ბალიან შეფასებებს:

გიორგი ლორია - 6.5 -  უკვე მეოთხე შეხვედრაა, კარს მშრალად ინახავს და ეს იმ ფონზე, როცა ის უკლუბოდ არის. თუმცა განსაკუთრებით ლორიას არც მეტოქეები აწუხებენ. საბოლოოდ ლორიას ამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი "სეივი" ჰქონდა. მისი მინუსი პასების სიზუსტეა, რადგან ჩაწოდებების დროს მისი ბურთი ხშირად მეტოქეს მისდიოდა.

ოთარ კაკაბაძე - 7.5 - კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა ნაკრების მარჯვენა
მცველმა, რომელიც დაცვაშიც სტაბილური იყო და შეტევასაც ხშირად ამწვავებდა. გამორჩეულია მისი პასების სიზუსტეც - 54-50.

გურამ კაშია - 7.0 - გურამი, ტრადიციულად, თავის ამპლუაში იყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში თანაგუნდელებს მითითებებს აძლევდა. ამავდროულად, დაცვაშიც კარგად მოქმედებდა და მასთან ლატვიელ შემტევებს არაფერი გამოსდიოდათ.

დავით ხოჭოლავა - 7.0 - ვლადიმირ ვაისმა როტაციას მიმართა და თავისი შანსი დავით ხოჭოლავასაც მისცა. "შახტარის" მცველს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა პოზიციას კარგად არჩევდა და სივრცეებს კეტავდა.

ლაშა დვალი - 6.0 - სლოვაკმა სპეციალისტმა არაერთხელ სცადა დვალის მარცხენა ფლანგზე ინტეგრაცია და ეს ამჯერადაც გააკეთა, თუმცა ექსპერიმენტი კვლავ ჩაუვარდა. დვალი არის ტიპური ცენტრალური მცველი, რომელიც დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებს. თუმცა ფლანგზე სირბილი და შეტევების წამოწყება მისი საქმე არ არის. ამ კომპონენტში ის მისი ფიზიკური მოცემულობითაც მოიკოჭლებს.

ჯაბა კანკავა - 8.0 - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა იმ 34 წუთში, რაც მოედანზე იყო, ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო. ჯერ ხომ მეტოქის ნახევარმცველებს არ ატარებდა და აქტიურად მიდიოდა ბურთის ასართმევად, მეორეც - მუდმივად იყო შეტევაში ჩართული. თუნდაც პენალტის მომენტი ავიღოთ ან მისი ერთ-ერთი ულამაზესი გოლი. ეს თამაში ჯაბასი იყო, რომ არა მიკროტრავმა, რის გამოც მოედანი დატოვა.

ნიკა კვეკვესკირი - 7.5 - ნიკა ძალიან ბევრს მუშაობდა. ის შეიძლება შეტევებში არ აქტიურობდა, თუმცა გუნდს ის ამოძრავებდა. ამ შეხვედრაში მას ყველაზე მეტი, 79 პასი ჰქონდა. ამავდროულად, პასების სიზუსტე, 93.7% ყველაზე მაღალი ჰქონდა.

გიორგი მერებაშვილი - 6.5 - გიორგის დამსახურებაა საქართველოს ნაკრების მიერ მოპოვებული პირველი პენალტი, თუმცა სხვა შემთხვევაში მის შეტევებს სიმწვავე და დამაჯერებლობა აკლდა. ხშირად იყო მომენტები, რომ შეეძლო გაცილებით უკეთესად ეთამაშა და შეექმნა მომენტი, რომელიც გოლით დასრულდებოდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში ასე არ მოხდა.

ვაკო გვილია - 6.5 - ვაკო გოლის ავტორი გახდა, თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ გოლამდე ყველაფერი გაკეთებული იყო. ეს არ იყო გვილიას შესაფერისი თამაში, რადგან ნაკრებში ერთ-ერთი სუსტი შეხვედრა ჩაატარა. ეს, ალბათ, კლუბში არასტაბილური სათამაშო პრაქტიკით არის გამოწვეული. მას ჰქონდა შანსი, დუბლიც გაეფორმებინა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ამავდროულად, მას გაუჭირდა შემტევი ნახევარმცველის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება და საბოლოოდ მისი თამაში ვერ იპოვა. მისთვის ნაკლებად დამახასიათებლად, პასების სიზუსტეც არ იყო დამაკმაყოფილებელი.

გიორგი ჩაკვეტაძე - 9.0 - გოლი, საგოლე გადაცემა, დრიბლინგები და სრული კატასტროფა ლატვიელთა უკანა ხაზისთვის. ჩაკვეტაძე, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა და ამაში წინააღმდეგობას მეტოქე თითქმის ვერ უწევდა. ჩვენს ნაკრებს ეზრდება ტალანტი და ვიმედოვნებთ, მასაც ის ორი პრობლემა არ შეაწუხებს, რაც ნიჭიერი ქართველების სენია: ტრავმები და ზედმეტი თავდაჯერებულობა. მან არ უნდა შეწყვიტოს ვარჯიში, არ უნდა იყოს მხოლოდ ნიჭზე დამოკიდებული; სრული კონცენტრაცია ფეხბურთს, მას აუცილებლად მართებს, თავისუფალი დროც ამ სპორტს დაუთმოს, შედეგად კი ეს ყველაფერი ერთმანეთის სინთეზში სერიოზულ შედეგს მოიტანს.

ვაკო ყაზაიშვილი - 6.5 - ყაზაიშვილი გაცუდებული პენალტის გამო თითქოს ფსიქოლოგიურად აიჭრა და შეცდომის გამოსწორებას გოლით ცდილობდა. მას არაერთხელ ჰქონდა გადამწყვეტ მომენტში გადაცემის გაკეთების შანსი, თუმცა ბოლომდე საკუთარ თავზე იღებდა ყველაფერს და პასს არ აკეთებდა. საბოლოოდ ამან შედეგი არ გამოიღო. სხვა მხრივ, შეცდომებს არ უშვებდა, ხშირად ამწვავებდა მომენტებს და არცთუ ისე ურიგოდ მოირგო თავდამსხმელის პოზიცია.

შეცვლები
გიორგი აბურჯანია - 7.0 - გიორგი კარგად ჩაერთო შეხვედრაში, კონცენტრირებული იყო, რომ შეცდომა არ დაეშვა და უკანა ხაზს კარგად დახმარებოდა, რაც საბოლოო ჯამში გამოსდიოდა. შეიძლება კანკავასავით აქტიური არ იყო, თუმცა არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა.

ჯაბა ჯიღაური - ჯაბამ ბოლო 10 წუთი ითამაშა, თუმცა დასამახსოვრებელი მომენტი არ ჰქონია, არც შეტევები გაუმწვავებია და არც განსაკუთრებული პასები ჩამოურიგებია.

ლუკა ზარანდია - საერთოდ არ ამზადებდა ვაისი მოედანზე შემოსასვლელად, თუმცა სლოვაკმა რომ დაინახა, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, დებიუტის შანსი მისცა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით. სამ წუთში რთულია, რამე გააკეთო, თუმცა ერთ მომენტში ყაზაიშვილს კარგად ეხსნებოდა და ვაკოს რომ პასი მიეცა, შეიძლება კიდევ ერთი ეფექტური გოლი გვეხილა.

ვლადიმირ ვაისი - 8.5 - ხშირად იყო მომენტები, როცა სლოვაკის მოქმედებები ხალხს კითხვებს უჩენდა და არაერთხელ იყო მის მიმართ უკმაყოფილება. თუმცა ვაისის ხელში ნაკრებმა ნელ-ნელა იპოვა საკუთარი თამაში და ეს თავდაჯერებულობა, რაც ერთა ლიგაზე შეიძინა, მისცემს საშუალებას, უფრო ძლიერ მეტოქეებსაც ფსიქოლოგიურად მედგრად დაუდგეს და ის სიზუსტე, რაც ამ შეხვედრებში ნაკრებმა გამოიყენა, ასახოს უკვე უფრო სტაბილურად. მით უმეტეს, ვაისმა ნაკრებს ლიდერის ფუნქცია აპოვნინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს დაიწყებს, ითამაშებს პირველ ნომრად, გააკეთებს უფრო ნაკლებ პასს უკან, დაუშვებს უფრო ნაკლებ შეცდომას, დაიჭერს ბურთს უფრო კარგად და ა.შ.

alt10 ქულა ჩაკვეტაძეს! - ქართველი ფეხბურთელები whoscored.com-ისა და Uefa.com-ის შეფასებებში

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
რაგბის გულშემატკივრებთან და მათთან ვისაც გონია რო რაგბში გვყავს ძალიან მაგარი ნაკრები ეხლა მაინც თუ ხვდებით რატომ არის რაგბის ნაკრები ძალიან მაგარი?? იმიტომ რო მარტო ჩვენზე სუსტებს ვუგებთ? აგერ ფეხბურთშიც ვუგებთ ჩვენზე სუსტებს ანუ რაა უძლიერესი ნაკრები გვყავს? ეხლა მეტყვით ჩვენზე ძლიერებსაც ვუგებთო ზოგჯერ ეგრე ფეხბურთშიც ვუგებთ ხოლმე ზოგჯერ... ასე რომ შეეშვით ამ რაგბის განდიდებას და მივხედოთ პლანეტის საუკეთესო სპორტს ფეხბურთს
effe
20:41 18-10-2018
19
Amatze magari fegburtelebi gvyolia rac exla gvyavs ufro zlier gundebshic tamashobden ufro saxeliani mwvrtnelebic gvyolia magram shedegi arasdros ariyo an tuiyo gamartlebis da individualobis xarjze mxolod chem azrs vityvi es shedegi mwvrtnelis damsaxurebaa msoflios sakvalifikacioze ukve xarisxi chanda uazrod burtis moshorebit arviyavit dakavebuli chvenze uketes gundebtanac. P.s me ese vfiqrob.
Zesta
20:18 18-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ერთა ლიგა
#
გუნდი
3
ლატვია
4
0
2
2
-4
2
4
ანდორა
4
0
2
2
-7
2