საქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხებით (0:2). თანაც, საკუთარ მოედანზე.

ერთა ლიგაზე ჯგუფში გამარჯვების შემდეგ რაღაცის იმედი მოგვეცა, ოპტიმისტურად დავიმუხტეთ, დითირამბებიც მივუძღვენით ჩვენს ეროვნულ გუნდს. შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, მაგრამ ეს უფრო ავანსად გაცემული გახლდათ და წაგებისგან უცბად ლამის ტრაგედია შევქმენით. იყო თუ არა ეს ტრაგედია? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში.

მოდით, მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ჯგუფში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეს D ჯგუფი იყო, ანუ
მე-4 დივიზიონი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. წაიწიეს წინ? უთუოდ. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და გამოდის, პროგრესი არის.

ამ დროს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველივე მატჩში ყველაზე უხერხული მეტოქე შეგვხვდა - შვეიცარია. ჟარგონზე ვიტყვი და ასეთ მურტალ ნაკრებთან თამაშს ისევ გრანდთან დაპირისპირება სჯობდა. ნუ, ვთქვათ, ესპანეთთან, რომელიც თავადაც ითამაშებს და შენც მოგცემს თამაშის საშუალებას.


ვლადიმირ პეტკოვიჩის კრებული კი სულ სხვა სტილისაა, სხვა ყაიდის, ულამაზოდ ბურთაობს, გასაქანს არ მისცემს მოწინააღმდეგეს და როდესაც ნაპრალს იპოვის მოწინააღმდეგის დაცვაში, უმალ გამოიყენებს. თქვა კიდევაც მან, მე არ მყავს რონალდო, მაგრამ მყავს არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლიაო.

ერთ პარალელს გავავლებ. ძველ თბილისის "დინამოს" თავის ბრწყინვალების წლებშიც კი უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. რაღაცნაირად ძალისმიერია მათი ფეხბურთი, ავტომატიზმამდე დაყვანილი და შესაძლოა, ამ შვეიცარიის ნაკრების მასთან შედარება მთლად ზუსტი არაა, თუმცა მსგავსება რომ არსებობს, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი - "ნეიტრალთა" გუნდის არაერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უცბად გატყდა ჩვენი გუნდი, ვეღარ გაუძლო წნეხს და უშანსოდ დამარცხდა. იყო თუ არა შესაძლებლობა ამ მატჩის თუნდაც ფრედ დასრულებისა? რა თქმა უნდა, იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს ვაკო ყაზაიშვილს რომ ის გოლი გაეტანა, მეორე ტაიმში ალბათ, უკვე სულ სხვა თამაში წავიდოდა (თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეზაა). ვერ გაიტანა. არადა, გაცილებით უფრო რთული სიტუაციიდან გაუტანია. საერთოდაც, რაღაცნაირად საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილი ჩანდა. აღარაფერს ვამბობ ჯანო ანანიძეზე. ის უბრალოდ მორიგი ტრავმის მიღების შიშით თამაშობდა, პირველ ბურთზე ყველა ბრძოლას აგებდა და თითქოს, ბრძოლას გაურბოდა კიდეც.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, ქართულად ვითამაშებთო და ვერ გავიგე, ეს ქართულად თამაში რას ნიშნავს. მე პირადად ასეთი თამაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს და ამ დალოცვილმა ნეტა სად ნახა? რომ თქვა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრიერიშებზე ააგებენ თამაშსო, ისიც ვიწყინეთ. პეტკოვიჩმა ბრძანა, რუსულ სტილში ასპარეზობენ და ცოტა ბრაზილიურსაც ურევენო და არც ეგ გვესიამოვნა.

მაინც რა ითამაშა ჩვენმა გუნდმა? ტაქტიკა, ფაქტობრივად, 4-2-3-1 იყო, უფრო ხშირად 4-3-2-1 და კიდევ უფრო ხშირად 7-2-1. სიტუაციის მიხედვით ტრანსფორმირდებოდა, უფრო სწორად, ვითარება აიძულებდა ტრანსფორმირებას.

არანაირი ფანტაზია, არანაირი დრიბლინგი. მეტოქის კარზე იერიშის მიტანის ერთადერთი ვარიანტი წინ ეულად მყოფი ტანმაღალი გიორგი ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება იყო, რომელსაც კარისაკენ ზურგით მყოფს უნდა მიეღო ეს ბურთი, თანაგუნდელისთვის დაეგორებინა და როგორმე შეტევა წამოწყებულიყო. ის ტარანული ტიპის ფორვარდია და ღრმა სივრციდან ვერ გაიქცევა, კარისაკენ გზად ვერ მოატყუებს რამდენიმე მცველს და ვერ გაიტანს ასე გოლს.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა მოედანზე ლიდერი, რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა, უდირიჟორებდა, ბურთს დაიჭერდა, თუნდაც ბურთს "აწვალებდა", თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევის საშუალებას მისცემდა და ხანდახან ცოტას ამოასუნთქებდა კიდეც.

არ გვყავს ელემენტარულად ასეთი ფეხბურთელი და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არაა ანანიძე ამისათვის მზად და არც ვიცით, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში. აღნიშნულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვაისს? მის ხელთ არსებული რესურსით ამის თქმა ძალიან ძნელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია. სულაც არ ვაპირებ მის ადვოკატობას, არ ვთვლი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად, მაგრამ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ლიგაში? რომელიმე თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში ან თუნდაც ევროპა ლიგაში?

გავუსწოროთ თვალი მწარე რეალობას, ჩვენი გუნდი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უკეთესი გუნდის ფეხბურთელი იმით გჯობნის, რომ უკეთ და უფრო სწრაფად კითხულობს თამაშს, სხვა სისწრაფე აქვს, სხვა ბრძოლისუნარიანობა, სხვა გამძლეობა და ა.შ.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: შვეიცარიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 7 კარს ასცდა, 10 კი დაიბლოკა, 7 კარში წავიდა. ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენ კი კარისკენ 6-ჯერ დავარტყით და აქედან ერთი წავიდა კარში.

შვეიცარიელებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი პასი გააკეთეს - 619:352 და სიზუსტეც 87-პროცენტიანი ჰქონდათ, როცა ჩვენ 76 პროცენტი გვქონდა.


აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბა კვირკველიას დააყენებდა დაცვაში თუ დავით ხოჭოლავას, რადგან ამ უკანასკნელმა ურიგოდ არ ითამაშა. ასეთ გუნდთან გასამკლავებლად 10 ჯიმი ტაბიძე უნდა გყოლოდა. სხვადასხვა ამპლუის ტაბიძე. ერთადერთი, შეიძლებოდა, როდესაც დაინახა ვაისმა ანანიძის პასიურობა, ოთარ კიტეიშვილი შეეშვა მის ნაცვლად და რაღაცის შეცვლა ეცადა, მაგრამ როგორც სჩვევია, ცვლილებებს გვიან მიმართა, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო.

ნათქვამია, მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავსო. იმ შეხვედრაში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა ნახევარდაცვა.

და მაინც, მგონია, პროგრესი არის, ოღონდ გარკვეულ დონეზე. ეს არცაა გასაკვირი, ამხელა ნახტომს ასეთი კადრებით D ლიგიდან A ლიგაში ვერ მოახერხებ. 26 მარტს, ირლანდიასთან მატჩში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. ეს უკვე შვეიცარია აღარაა და წესით, "ჯვაროსნებმა" უფრო ლაღად და თავისუფლად უნდა ითამაშონ.


ყველაფერი კი მაინც საბოლოოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ჯოხის მუდამ მწვრთნელებზე გადატეხვა: კალათბურთელები წააგებენ, ილიას ზუროსის გაგდებას ვითხოვთ; მორაგბეები წააგებენ, მილტონ ჰეიგს მივდგებით. რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს: ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე - ყველას გადაყენებას ვითხოვდით.

უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ და ყოველთვის რეალობიდან გამოვიდეთ და არა ემოციებიდან.

დაველოდოთ დუბლინის მატჩს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
კარგი სტატიაა...
შოთა
25 მარტი 2019 11:48
3
ტრაგედია არ არის ნამდვილად წაგება, მაგრამ ტრაგედიაა ის რაც ჩვენი ნაკრების შესრულებით ვნახეთ და ის რომ ამას ფეხბურთის თამაში გვინდა დავარქვათ და თან ასე "გავაპრავოთ" უკვე დიდი ტრაგედიაა, რადგან ჯერ პრობლემა უნდა დაინახო, აღიარო და მერეა მხოლოდ შესაძლებელი მის გამოსწორებაზე მუშაობა.
???
25 მარტი 2019 19:21
0
ავტორს მინდა უთხრა რომ წინსვლა აქვს ნაკრებს, მარა ვაისი ამაში დიდი ხვიდტო ვერაა. შევეცდები ავხსნა. ეს იგივეა რაც ისლანდიამ ან ალბანეთმა გააკეთა. ისინი დიდი ხანი ერთად თამაშობდნენ და ცოტა ისე რა ფეხბურთელებიც დაემთხვა, შეთამაშდა გუნდი და ისე რა მწვრთნელით ოღონდ დიდი მოწადინებით და რაღა თქმა უნდა სწორი ტაქტიკთ, რომელიც მათ გუნდებს მიესადაგებოდა ისე ათამაშეს თავიიანთი გუნდები. ამას ვაისი ვერ აკეთებს. ის ვერ აყენებს შემადგენლობას ან შეცვლას ვეღარ აკეთებს, რომ შეცვალოს ან გააძლიეროს თამაში. ევროპაზე რომ გავიდეთ რის შანშიც არის, მე ვაისის ნათამაშები ნაკრების ნახვა არ მინდა. იქ ყველა ჩვენ ნაკრებზე ძლიერი იქნება და მერე გვეტყვიან აი ხომ იქ მაინც გავედითო ავასრულეთ თქვენი ოცნებაო. ბელგიასთან წაგება არ არის ტრაგედია, მარა გუნდი ბელგიასთანაც და ანდორასთანაჩ სწორედ უნდა ათამაშო. გთხოვთ ვინმემ კითხვა დაუსვით და ახსნას, რატომ არ შეცვალა ყაზაიშვილი და ანანიძე?
dd
25 მარტი 2019 15:56
1
კალათბურთში ხომ გვყავს ნატურალიზებული მოთამაშეები, იქნებ ეხბურთშიც გვეცადა თავდასხმის გაძლიერება???? თორმ ჩვენ თავდამსხმელებს ტრამვები არ ელევათ და ჯიგარსაც თავიანთ კლუბებში ტოვებენ.
ჯუზი
25 მარტი 2019 12:10
3
მეც მაგას ვამბობ და მამის მკვლელი თვალებით შემომხედავენ, ქარტველობას გვართმევ ძმაო?! საფრანგეთის ნაკრებს გინდა დავემსგავსოთ?!
semi
25 მარტი 2019 12:28
4
ნამდვილად ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს-წაგება წაგებას გააჩნია.როცა ხედავ რომ გუნდი არაა მონდომებული და ამას ემატება მწვრთნელის უაზრო,არაფრის მომცემი გადაწყვეტილებები ესაა ტრაგედია.აბა წაგებით ყველა აგებს.წაგებას მოგება მოყვება,მაგრამ არა ესეთი თამაშით და მაგია რომ აღელვებს ხალხს.
კახა ქირია
25 მარტი 2019 12:08
0
თუ მთელი თამაში სირბილი არ შეგიძლია,ბურთი უნდა დაიჭირო,გააგორო და სული მოითქვა.თუ ეს არ შეგიძლია,შენი საშველი ალბათ არ არის.ბურთის დამჭერები კი ყველა ან დამტვრეულია,ან ახლა იწყებს თამაშს,ტრავმის შემდეგ.ანანიძეს მჭიდრო და ძალისმიერ თამაშში რომ გაჭყლეტდნენ,ძნელი მისახვედრი არ იყო,მაგრამ ვაისს,აღარც სხვა გზა ჰქონდა.ამ მატჩის მაი ვიდეოთი ყურებას ვაპირებდი,მაგრამ საქართველოშიც დაბლოკილი აღმოჩნდა და ვერ ვუყურე.ასე რომ კონკრეტულად რაიმეს თქმა გამიჭირდება,მაგრამ რამდენიმე ხნის წინ,სან ხოსეს შემადგენლობაში კაშიას და ყაზაიშვილის თამაშს ვუყურე.ჯერ ზოგადად ძალიან დაბალი დონის ლიგაა და სან ხოსე კი იქაც უსუტესია.კაშია,ძალიან სუსტი დაცვის ფონზე ცოტა უკეთესი ჩანდა,ვაკოს კი იმ თამაშით,საქართველოს ჩემპიონატშიც შეცვლიდნენ.არ ვიცი მიზეზი,მაგრამ მთლიანად დაკარგული იყო.ასე რომ,მის ადგილზე ვინმე სხვას დაყენება,უფრო უპრიანი მგონია(თუ აქ მოყვანილი გამოხმაურებების მიხდვით ვიმსჯელებთ).ვაისი ალბათ მის გამოცდილებას ენდობა,მაგრამ როცა კაცს ხედავ, რომ არ არის მხად,რაღა აზრი აქვს,მის დაყენებას?
სოსო
25 მარტი 2019 11:57
0
შვეიცარიასთან წაგება ახლა არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ ერთა ლიგიდან შანსი გვაქვს. მარა თუ ბელორუსს აქ მოვუგეთ ფინალში 6-7 დამცველით ათამაშებს ვაისი. მშიშრობა შეიძლება ჩვენი შემადგენლობით ავხსნათ ნაწილობრივ, მარა შემადგენლობის ვერ დაყენება ხშირად და შეცვლების ვერ გაკეთება უკვე თითქმის ყოველთვის ეს უკვე მეტისმეტია. მგონი წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი ვაისს და კარგად იყოს. კუპერი, ტოპმელერი გაუშვით ბევრად ძლიერი მწვრთნელები და ახლა რა გინდათ? შანსი გვაქვს ევროპაზე გასვლის და ეს კაცი გაგვინიავებს, თუ დატოვეს დავწმუნდებით ამაში ყველ ერთად.
georgi
25 მარტი 2019 17:32
4
შვეიცარიასთან წაგება არ არის სამარცხვინო, ამას ველოდით კიდეც. უნდა ვაღიაროთ რომ ჯერ ძალიან შორს ვართ ასეთი დონის გუნდებისაგან. არჩეული ტაქტიკა, მიცემული დავალებები და ფეხბურთელების ნაგავი თამაში იყო სასირცხვილო. საქართველო არ არის იტალია და არ ყავს ისეთი დისციპლინირებული დაცვა (თუნდაც 7 მცველი გამოიყვანო მოედანზე) რომ არ გაშვებაზე ააწყო მთელი თამაში, არც ისეთი დონის თავდასხმა გყვავს რომ დარწმუნებული იყო ერთი მომენტი შეიქმნება და 100 % გოლი იქნება, არც იმ დონის ნახევარდაცვა გყვავს უსწრაფესი 2-3 პასით პირისპირ დატოვოს თავდამსხმელი. როცა იმ სტილს ირჩევ რომელიც შენი არ არის მაშინ ხდება წაგება ნაგავი თამაშით. მერჩივნა შეგვეტია 4 გაგვეშვა და 2 გაგვეტანა. როცა ასეთი ნაგავ თამაშს თამაშობ შედეგი უნდა დადო მაშინ რომ გაგამართლონ. ნაკრები გამოვიდა 0-0 სათამაშოდ გოლი გაუშვა და დაიბნა ბრინჯივით რა გაეკეთებინა არ იცოდა. ანუ რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ნაკრები ერთი გოლის გატანასაც კი არ აპირებდა. ან როგორ დააპირებდა როცა მხოლოდ 3 შემტევი თამაშობდა მოედანზე?
dadu
25 მარტი 2019 15:55
0
დაიმშვიდეთ თავი, დაიმშვიდეთ!!! მომავალი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ საქართველოში ფეხბურთი მკვდარია!
გიო
25 მარტი 2019 12:25
14
დუბლინში ვნახავთ სინამდვილეში ჩვენს პროგრესს✔ ირლანდიას კარგი დრო არუდგას და ვიმედოვნრბ მატჩის შემდგომ ვაისი თავის მართლრბას არდაიწყებს... ხოჭოლავა კვირკვრლია ხარაბაძე და კაკაბაძე როდააყენოს მშვენიერი იქნება მაგრამ ეხა დარწმუნებულივარ ნავალოვსკი კაშია იქნება ძირითადში იტყვის ექსპერიმენტების დრო არარისო✔
ნიკო
25 მარტი 2019 12:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული